Amnesty International: საბა ჯიქიას სასამართლო პროცესს კითხვები ახლდა სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფასთან დაკავშირებით

პუბლიკა

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი მოადგილე, დენის კრივოშეევი 19 წლის საბა ჯიქიასთვის 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მისჯას ეხმაურება.

„საბა ჯიქიას სასამართლო პროცესს კითხვები ახლდა სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ამასთან, არ იყო გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ახალგაზრდული მართლმსაჯულების პროცედურებიც, რაც როგორც წესი გამოიყენება 18-დან 21 წლამდე ბრალდებულებისთვის

შერჩევითი მართლმსაჯულება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს დაუსჯელობა და უსამართლობა.

არსებობს ფართო ტენდენცია, რომლის ფარგლებშიც პროტესტის მონაწილეებს უსამართლო სასამართლო პროცესების შედეგად მრავალწლიან სასჯელებს უსჯიან. ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს პოლიციის მხრიდან სერიოზული დარღვევების გამოძიებაზე — არავინ სამართალდამცველთა შორის არ არის პასუხისგებაში მიცემული არასათანადო მოპყრობის ბრალდებებთან დაკავშირებულ საქმეებზე. ეს შერჩევითი მართლმსაჯულება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს დაუსჯელობა და უსამართლობა.“ – დენის კრივოშეევი .

10 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საბა ჯიქიას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. პროკურატურის პოზიციით, მან გდდ-ის თანამშრომელს ფეხი დაარტყა სხეულის არეში.

საქმეში „დაზარალებული“ გდდ-ის თანამშრომელი ბექა გოტიაშვილია, რომელიც თავადაც ამბობს, რომ დაზიანება არ მიუღია.

ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.