აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით პირველ კატეგორიაში (Tier 1) რჩება. უწყების შეფასებით, საქართველოს მთავრობა ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებით სერიოზული და თანმიმდევრული ძალისხმევა გამოავლინა.
ამავე დროს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს შემცირდა როგორც ტრეფიკინგის სავარაუდო დამნაშავეების მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის, ისე სასამართლოების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების რაოდენობა. ამასთან, ხელისუფლებამ ნაკლები მსხვერპლი გამოავლინა, ხოლო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ნაკლებობა აფერხებდა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მნიშვნელოვან მიღწევებს შორისაა მაღალი რისკის შემცველი ობიექტების პროაქტიული შემოწმების გაფართოება, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანით ვაჭრობაში დამნაშავე პირთა მსჯავრდება, მსხვერპლთა მომსახურებისთვის დაფინანსების გაზრდა და დაზარალებულისთვის კომპენსაციის დაკისრების პირველი შემთხვევა.
გამოძიებული საქმეები და მსჯავრდებულები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ტრეფიკინგის 15 საქმე გამოიძიეს, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი ცხრა იყო. გასულ წელს გამოძიებული საქმეებიდან შვიდი სექსუალური ექსპლუატაციის, შვიდი კი შრომითი ექსპლუატაციის მიზნით ადამიანით ვაჭრობას ეხებოდა. ტრეფიკინგის ერთი შემთხვევის ფორმა დაუზუსტებელი იყო.
ამასთან, 2025 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი სავარაუდო დამნაშავის წინააღმდეგ დაიწყო – ორი პირის მიმართ სექსუალური ექსპლუატაციის, ხოლო სამის მიმართ შრომითი ექსპლუატაციის მიზნით ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით. 2024 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 13 სავარაუდო დამნაშავის წინააღმდეგ განხორციელდა.
ანგარიშის თანახმად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად სასამართლოებმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანით ვაჭრობაში დამნაშავე პირები გაასამართლეს. ერთ-ერთ საქმეზე სამი პირი იქნა მსჯავრდებული. 2024 წელს სასამართლოებმა შრომითი ექსპლუატაციის მიზნით ადამიანით ვაჭრობაში 13 პირი გაასამართლეს.
მსჯავრდებულებს ექვსიდან შვიდ წელსა და სამ თვემდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლებას არ წარმოუდგენია ინფორმაცია ტრეფიკინგის დანაშაულებში შესაძლო თანამონაწილე საჯარო მოხელეების მიმართ ჩატარებული გამოძიებების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამამტყუნებელი განაჩენების შესახებ.
ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობა შემცირდა
ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში ტრეფიკინგის ექვსი მსხვერპლი ოფიციალურად გამოავლინეს, მაშინ როდესაც 2024 წელს მათი რაოდენობა 18 იყო. გამოვლენილთაგან ორი სექსუალური, ოთხი კი შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი იყო. მათ შორის იყვნენ ერთი ქალი, ორი კაცი, ორი გოგონა და ერთი ბიჭი. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქე იყო.
მთავრობამ მსხვერპლთა მომსახურებისთვის დაახლოებით 2,85 მილიონი ლარი გამოყო, რაც წინა წლის 2,6 მილიონ ლართან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია.
საანგარიშო პერიოდში ქუთაისში გაფართოვდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი, რათა მას ტრეფიკინგის მსხვერპლთა მიღება და მათთვის სპეციალიზებული მომსახურების გაწევაც შესძლებოდა. თავშესაფარს 60 ადამიანის განთავსების შესაძლებლობა აქვს.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ოთხ თავშესაფარს მართავდა. მათ დამატებით მომსახურებას უწევდნენ კრიზისული ცენტრები, რომლებიც შვიდ ქალაქში ფუნქციონირებდა. მსხვერპლებს შეეძლოთ ესარგებლათ საცხოვრებლით, სამედიცინო დახმარებით, ფსიქოლოგიური კონსულტაციით, იურიდიული მომსახურებითა და რეპატრიაციის ხელშეწყობით.
მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშზე დაყრდნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში მომუშავე პერსონალს ტრეფიკინგის მსხვერპლებთან მუშაობისთვის საჭირო სპეციალიზებული მომზადება არ ჰქონდა გავლილი.
დამკვირვებლების შეფასებით, მსხვერპლთა იდენტიფიცირების ღონისძიებები, განსაკუთრებით სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლთა გამოვლენის მიმართულებით, მთლიანობაში არაეფექტიანი იყო. პრობლემად დასახელებულია სავარაუდო მსხვერპლთა სტატუსის მინიჭებისთვის მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებული მაღალი მოთხოვნები და პირველი კონტაქტის ეტაპზე მომუშავე საჯარო მოხელეების არასაკმარისი მომზადება.
პირველად დაზარალებულს კომპენსაცია მიეკუთვნა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს სასამართლომ პირველად, სისხლის სამართლის განაჩენის ფარგლებში, ტრეფიკინგის მსხვერპლის სასარგებლოდ კომპენსაცია დააკისრა. დამნაშავეს დაზარალებულისთვის 6 228 ლარის გადახდა დაევალა, რაც ანგარიშში დაახლოებით 2 340 აშშ დოლარად არის შეფასებული.
ამასთან, სამართალდამცავმა ორგანოებმა ტრეფიკინგის ნიშნების გამოსავლენად მაღალი რისკის შემცველი 135 ობიექტი შეამოწმეს. 2024 წელს შემოწმებული ობიექტების რაოდენობა 68 იყო.
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული დანაყოფების საქმიანობაც. თუმცა, დამკვირვებლების ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფი სრულად არ ფუნქციონირებდა, რაც რეგიონში ტრეფიკინგის საქმეების გამოძიებას აფერხებდა.
იძულებითი სუროგაცია და სხვა გამოწვევები
ანგარიშში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად დასახელებულია იძულებითი სუროგაცია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს მთავრობას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია, მათ შორის, არ მიუღია საკმარისი ზომები შესაძლო მსხვერპლთა გამოსავლენად და დასაცავად.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მთავრობამ მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც გაუქმდა მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაცია უნდა გაევლოთ. უწყების შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ნაკლებობა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას აფერხებდა.
დადებით ნაბიჯებს შორის დასახელებულია 2025–2030 წლების სტრატეგიის მიღება, რომელიც ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვების ძალადობისგან, მათ შორის ტრეფიკინგისგან, დაცვას ითვალისწინებს.
ასევე, ცვლილებები შევიდა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში: უცხოელებს საქართველოში მუშაობისთვის ნებართვა მოეთხოვებათ, ხოლო შესაბამისი ნებართვის გარეშე მათი დასაქმებისთვის სანქციები გამკაცრდა. იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებულ დანაყოფში ინსპექტორთა რაოდენობა ორიდან 13-მდე გაიზარდა.
რომელი ჯგუფები არიან ტრეფიკინგის რისკის ქვეშ
ანგარიშის თანახმად, საქართველოში ტრეფიკინგის მსხვერპლები როგორც ქვეყნის მოქალაქეები, ისე უცხოელები ხდებიან. საქართველოს მოქალაქეებს სექსუალურად და შრომით ექსპლუატაციას უწევენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, მათ შორის თურქეთში, კვიპროსში, ეგვიპტესა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანით ვაჭრობის შემთხვევები განსაკუთრებით აჭარის რეგიონში ფიქსირდება. ანგარიშში ასევე საუბარია ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან, ქალების ექსპლუატაციაზე საქართველოს ტურისტულ ზონებსა და დიდ ქალაქებში.
ტრეფიკინგის რისკის ქვეშ არიან ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვები, მათ შორის ქართველი, ბოშა, ქურთი და აზერბაიჯანელი ბავშვები, ასევე უსახლკაროდ დარჩენილი იძულებით გადაადგილებული პირების შვილები. მათ შესაძლოა აიძულებდნენ მოწყალების თხოვნას, წვრილმანი ნივთების გაყიდვასა და სხვა საქმიანობას.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დამნაშავეები მსხვერპლთა გადაბირებისა და ექსპლუატაციისთვის სულ უფრო ხშირად იყენებენ ინტერნეტს, მათ შორის ჩატებს, ესკორტ-მომსახურების ვებსაიტებსა და სარეკლამო განცხადებებს. ასევე, ქართველებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოქმედ ონლაინთაღლითურ ქსელებში იძულებით ამუშავებენ.
ტრეფიკინგის მიმართ მოწყვლად ჯგუფებად დასახელებული არიან უკრაინელი ლტოლვილები და რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევას გაურბიან.
ოკუპირებული რეგიონები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ცალკე არის განხილული რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რომლებიც საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა რჩება.
უწყების შეფასებით, ამ რეგიონებში ტრეფიკინგის შემთხვევებისა და დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთში, მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აფხაზეთში მომუშავე ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეები შესაძლოა ექსპლუატაციურ სამუშაო პირობებში იმყოფებოდნენ და მათთან მიმართებით იძულებითი შრომის დამახასიათებელი ნიშნები იკვეთებოდა.