4 ოქტომბრის მოვლენების საქმის ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
TV პირველის ცნობით, ამ გადაწყვეტილებას კირვალიძის პროტესტი მოჰყვა – მან მოსამართლეს „ბიძინას მონა“ უწოდა. მას ადვოკატი არ ჰყავდა.
კირვალიძემ ბიძინა ივანიშვილს 24 ივნისს შეაგინა, მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
„თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება], ბიძინას დედასაც შ*****ი“ – თქვა მან და სასამართლო დარბაზი დატოვა.
სააპელაციო სასამართლოში პროკურატურამ შეთანხმების გაუქმება მოითხოვა. სააპელაციომ მოთხოვნა დააკმაყოფილა და საქმე საქალაქო სასამართლოში დააბრუნა. სასამართლოს კირვალიძისთვის განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.
გიორგი კირვალიძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ საპროცესო შეთანხმების გაუქმება კირვალიძის რეპლიკის შინაარსის გამო მოითხოვა და არა იმის გამო, რომ მან თითქოს შეთანხმების გაუქმება მოითხოვა.
მისი 9-თვიანი პატიმრობის ვადა ამოიწურა და მან პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე კვირის წინ დატოვა.