კონსტიტუციის 78-ე მუხლი: მერიამ და საკრებულომ იცოდნენ კორპუსის ავარიულობაზე, რას ელოდნენ? 

პუბლიკა

საჯარო სამსახურების დამოუკიდებელი პროფკავშირი „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას ეხმაურება, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა.

პროფკავშირის განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და დიდუბის გამგეობა ინფორმირებული იყო აღნიშნული შენობის ავარიულობის შესახებ, მეტიც – დადგენილი ჰქონდა ავარიულობის ხარისხი, კახა კალაძე დღეს ებღაუჭება ერთადერთ არგუმენტს, რომ შენობის ჩანაცვლებაზე მესაკუთრეთა 100%-იანი თანხმობა არ იყო, თუმცა, როგორც თბილისის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის №21-1 დადგენილებით ირკვევა, ავარიული მრავალბინიანი კორპუსების ჩანაცვლებისთვის სავალდებულო თანხმობის ნაწილში ცვლილებები უკვე ორ წელზე მეტია, შესულია”.

პროფკავშირი ასევე ხაზს უსვამს, რომ კახა კალაძის განცხადების თანახმად, მერიისა და საკრებულოს შესაბამისი სამსახურები ინფორმირებულნი იყვნენ შენობის იმ ხარისხის ავარიულობაზე, რომ ის საჭიროებდა დემონტაჟს.

„ამ ფონზე, თბილისის მერიამ, მაგალითად, 2024 წლის 27 მაისსა და 2025 წლის 16 აპრილს გასცა სავაჭრო ობიექტებისთვის სარეკლამო აბრების მოწყობის ნებართვები, რომელიც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე tas.ge საჯაროდ იძებნება (AR11033208 და AR11084015).

ამავე შენობის წინ თბილისის მერიის მიერვე მოწყობილია ზონალურ-საათობრივი პარკირება.

ჩნდება კითხვა, რას ელოდა თბილისის მერია? ზემოაღნიშნული ნებართვებით რატომ მისცა ავარიულ შენობაში სავაჭრო ობიექტებს ფუნქციონირების შესაძლებლობა და რატომ არ შეზღუდა შენობის გარეთ გარევაჭრობა? რატომ მოაწყო შენობის წინ საპარკინგე სივრცე და სახლის ჩანაცვლებაზე თუნდაც უარის თქმის მიუხედავად, რატომ არ უზრუნველყო როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების, ისე შენობის მიმდებარედ გამვლელი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა?

ამ შემთხვევითაც დასტურდება, რამდენად გულგრილი და უპასუხისმგებლოა სისტემა ადამიანის, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მიმართ; როგორ ვერ შეძლო თვითმმართველობამ შეექმნა ისეთი საბინაო პოლიტიკა, რომლის იმედად, ავარიული საცხოვრებელი სახლების მცხოვრებლები თამამად მიიღებდნენ ჩანაცვლების პროექტში ჩართვის გადაწყვეტილებას და არ შეაშინებდათ ყოველთვიური კომპენსაციის სიმცირე, რომლითაც ოჯახისთვის საკმარისი საცხოვრებელი ფართის დაქირავება დღესდღეობით, პრაქტიკულად შეუძლებელია?”.

„კონსტიტუციის 78-ე მუხლი” აცხადებს, რომ აუცილებელია, პასუხი გაეცეს ყველა კითხვას.

პროფკავშირი ხაზს უსვამს, რომ „არ არსებობს ადამიანის უსაფრთხოების იმგვარი მექანიზმები, რომლითაც სახელმწიფო პასუხისმგებლობით მოეკიდება და დაიცავს ადამიანის სიცოცხლის უფლებას, როგორც ავარიული შენობის მესაკუთრის, ისე რიგითი გამვლელის, როგორც ზრდასრულის, ისე ბავშვისას“.

გუშინ, 14 ივლისს თევდორე მღვდლის ქუჩაზე კორპუსის ფასადის ჩამონგრევას, ბოლო მონაცემებით, 2 ადამიანის: მანანა დარახველიძის და დათო ბართაიას სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო ერთი პირი დაშავდა – ის კლინიკაშია გადაყვანილი.