„მთავარი არხი“: პროკურატურამ მოითხოვა არხთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის სრულად ამოღება

პუბლიკა

„მთავარი არხი“ აცხადებს, რომ მათთან და გაყიდვების კომპანიაში პროკურატურა შევიდა და ფინანსური დოკუმენტაციის ამოღება მოითხოვა – განჩინება ტელეკომპანიას დღეს გადაეცა.

„მთავარი არხის“ შეფასებით, „ქართული ოცნება“ არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ხელით დამფუძნებლებსა და მენეჯმენტზე ანგარიშსწორებას აგრძელებს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურა ტელეკომპანია “მთავარ არხში” და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შევიდა. პროკურატურამ მოითხოვა არხთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის სრულად ამოღება. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას და გაყიდვების სახლს დღეს გადაეცა.

გამოძიება დაწყებულია “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე, რომელიც ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს მენეჯმეჯმენტს და არხის თანადამფუძნებლებს.

როგორც ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ვაცხადებდით, ზაზა ოქუაშვილი ყალბ და უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებდა არხის მენეჯმენტსა და თანადამფუძნებლებს და ამით ემსახურებოდა რუსული რეჟიმის ინტერესებს.

სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” მოახერხა მიზნის მიღწევა და ზაზა ოქუაშვილის ხელით დახურა ქვეყნის მთავარი კრიტიკული არხი. თუმცა, როგორც ჩანს, “მთავარ არხზე” ზეწოლა ამით არ ამოიწურა და რეჟიმი ისევ ოქუაშვილის ცილისწამების საფუძველზე ცდილობს კომპანიის მენეჯმენტსა და სხვა დამფუძნებლებზე ანგარიშსწორებას.

„მთავარი არხის” ფინანსურ ოპერაციებში არანაირი დანაშაული არ არის და მიუკერძოებელი პროკურატურა ქურდაძის საჩივარზე გამოძიებასაც კი არ დაიწყებდა, ვინაიდან ზედაპირზეა ოქუაშვილის დირექტორის ბრალდებების აბსურდულობა. თუმცა ყველას გვესმის, რომ “ქართული ოცნება” მომართულია არა სიმართლის დადგენისკენ, არამედ საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესრულებისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, გამოძიება დაწყებულია საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე.

„დღეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია ,,მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა, ამავე ტელეკომპანიის დირექტორის გიორგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

განჩინებები, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოსაპოვებელი დოკუმენტაციის და ელექტრონული ინფორმაციის მოძიების და შემდგომი გადმოცემის მიზნით, ოფიციალურად ჩაბარდა შპს ,,მთავარი არხი“-ს და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს და მათ დოკუმენტების გადმოსაცემად მიეცათ გონივრული ვადა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.


1 მაისს მთავარმა არხმა განაცხადა, რომ არხის მაუწყებლობა საბოლოოდ შეწყდა. 

ამ ეტაპზე მხოლოდ ციფრული დეპარტამენტი – სოციალური ქსელები და ვებგვერდი განაგრძობს მუშაობას.

28 აპრილს არხის თანამშრომლებმა გენერალური დირექტორისგან გიორგი გაბუნიასგან მიიღეს შეტყობინება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ტელეკომპანია საქმიანობას სრულად აჩერებს.

„მთავარმა არხმა” 15 თებერვალს განაცხადა, „არხის თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული”.

მაშინ ნიკა გვარამიამ თქვა, რომ „მთავარ არხს” ფული აქვს –  მის ხარჯვას აჩერებს ზაზა ოქუაშვილი.

11 დეკემბერს „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, არხი დახუროს. მისი თქმით, ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და „მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით“.

გაბუნიას თქმით, გოგი ქურდაძე ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე.

ამ განცხადებას უპასუხა ზაზა ოქუაშვილმა და თქვა, რომ მისი სურვილია, არხმა შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა სრული შემადგენლობითა და მენეჯმენტით, „რომელიც არ ეცდება ტელეკომპანიის ხარჯზე პირადი სიმდიდრის დაგროვებას“.

ოქუაშვილი ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ არხი გაძარცვეს და ხელოვნურად მიიყვანეს გაკოტრებამდე.

„მთავარი არხი” 2019 წლის 17 აგვისტოს დაფუძნდა, ეთერში კი იმავე წლის 9 სექტემბერს გავიდა. არხის გუნდის დიდ ნაწილს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებმაც „რუსთავი 2″ დატოვეს.

2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე არცერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

ამავე დღეს საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია დანიშნა. პაატა სალია დღეს „ქართული ოცნების” წევრი და იუსტიციის მინისტრია.