ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო აზერბაიჯანი რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სარჩელს ამზადებს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ შუშაში გამართულ „მე-3 მედია ფორუმზე“ განაცხადა.
ალიევის თქმით, შვიდი თვის განმავლობაში აზერბაიჯანმა „რუსული მხარისგან არც ერთხელ არ მიუღია მკაფიო პასუხი”.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყნის გენერალური პროკურორი რეგულარულად უგზავნის მოთხოვნებს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს, მაგრამ პასუხად იღებს მხოლოდ ფრაზას: „მიმდინარეობს გამოძიება“. ალიევმა ამ პოზიციას „კონტრპროდუქტიული“ უწოდა.
ალიევის თქმით, დონბასში მალაიზიური „ბოინგის” ჩამოვარდნაზე გამოძიება ათ წელზე მეტხანს გაგრძელდა, ამიტომ აზერბაიჯანიც მზადაა, დაელოდოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
ალიევმა თქვა, რომ „აზერბაიჯანი მოითხოვს დანაშაულის აღიარებას, თვითმფრინავის ჩამოგდების მსურველთა დასჯას, დაზარალებულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდას და AZAL-ის დანაკარგების კომპენსაციას“.
AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავმა 25 დეკემბერს კატასტროფა ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან განიცადა. აზერბაიჯანის განცხადებით, ეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედებამ განაპირობა.