„მუნდირს ამოფარებული კრიმინალები არიან“ - გიგაურმა დასკვნით სიტყვაში ძალადობის 3 ეპიზოდზე ისაუბრა

პუბლიკა

„გაბუნიამ რომ მუშტები მირტყა თავში… ჰემატომები მაქვს თავზე… აი, იმ მუშტებისგან…“, – სინდისის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა თავის დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა პოლიციელების მხრიდან ძალადობის 3 ეპიზოდზე.

მისი თქმით, აქციაზე ხალხის სიმრავლის გამო საჭირო გახდა ხმის გამაძლიერებელი, თუმცა შესაბამისი მანქანა „მერიოტთან“ გააჩერა იქვე მობილიზებულმა პოლიციამ.

„როცა გავიგეთ, რომ მანქანა გააჩერეს, მაგ დრო მერიოტთან ამოვედი და ჩემს გვერდზე იყო გიორგი ვაშაძე, მას ველაპრაკებოდი რა გავაკეთოთ-მეთქი. რომ მივედი, ბიჭებო, რატომ არ გვიშვებთ, მეც ყოფილი თანამშრომელი ვარ-მეთქი… ჩაცმულობითაც, მენტალურადაც შესაბამისობაში ვიყავი და ნებისმიერ თანამშრომელთან შემიძლია კომუნიკაცია, რატომღაც ასე ვფიქრობ… სად მუშაობთ მეთქი, ერთ-ერთს ვუთხარი, სახელს და გვარს შეგნებულად არ დავასახელებ, პრობლემები რომ არ შეექმნას. გამოდგა დიღმის მასივის ერთ-ერთი თანამშრომელი, პოლიციელი… მითხრა, ხალხი მოიყვანეთ და ბევრი რომ იქნებით, შეგატანინებთო. თვითონ მირჩია… ვაშაძესთან მივედი და ეს ვუთხარი, მივედით რუსთაველთან, ვაშაძემ დაიწყო გამოცხადება, უსამართლოდ გვექცევიანო… ეს ხალხი, დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დაიძრა „მერიოტისკენ“. მეც წამოვედი წინ. როგორც კი მოგროვდა ბევრი ხალხი, ეს მანქანა შემოუშვეს“, – თქვა გიგაურმა.

პოლიციელის მხრიდან ძალადობის პირველი ფაქტის გიგაურმა სწორედ აქ ახსენა. მან დეტალურად გაიხსენა, ის ეპიზოდი, რომელზეც მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება: 

ნაკადს მოვყვებოდით …ამ დროს შემოვარდნენ პოლიციელები და ხალხს ყრიან აქეთ-იქით, დგებიან მანქანის წინ და ამაზე მაქვს პროტესტი, რას აკეთებთ-მეთქი. ვიცით, რომ გვაქვს კონსტიტუციით მონიჭებული მანიფესტაციის უფლება და ამ უფლებას ვინ გვიზღუდავს? – თბილისის რომელიღაც განყოფილების უფროსის მოადგილის ვიღაცა… მივდივარ და ვეუბნები ამ ქალბატონს [პოლიციელს], გადაიწიეთ-მეთქი, ამ დროს სახეში მხვდბა მუშტი. მე ამ დროს ვფიქრობდი, ხელი მომეკიდა, მისი იდენტიფიცირება მინდოდა, მეტი არაფერი. მერე ის იგინება ძალიან უხეშად, ჩემთვის ძალიან უღირსად, მუნდირის მატარებელმა კაცმა როგორ უნდა იკადრო ეს. მაყენებს შეურაცხყოფას… „შენი დედა…“ და ცდილობს დარტყმას. ამ დროს ინსტიქტურ დონეზე მინდოდა, დამერტყა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს არის პროვოკაცია …ამიტომ მოვიშორე. ეს მნიშვნელოვნად არ მიმიღია და წამოვედი…“, – თქვა ანატოლი გიგაურმა და დასძინა – „წამოსცდა ვითომ დაზარალებულ, მოძალადე, [ვახტანგ] გაბუნიას, რომ მანამ მნახა ვაშაძესთან ერთად. ის თავიდანვე ჩემი სიძულვილით იყო განმსჭვალული, მას ჰქონდა მითითება, რომ მე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და ვიყავი მისი ზიზღის ობიექტი. რაც გამოიხატა შემდეგ დარტყმაში…“

მისივე თქმით, პოლიციის ხელმძღვანელი იმ საღამოს ტელეკომპანია „იმედთან“ ერთად მოქმედებდა.

„შემდეგ ვნახე ვიდეო… მოვიდა ერთი ქარელელი ბიჭი, ნახე, შენი ვიდეო დაიდოო. ვნახე ზუსტად ეგ მომენტი რომ ხელს ვკრავ, მე ვკრავ ხელს, რომ მოვიშორო, ვიცი რომ ეს არის პროვოკაცია […] გარკვეული ჭორების დონეზე მოვიდა ჩემთან ინფორმაცია, რომ მათი ხელმძღვანელი – უშუალოდ მე რომ გეუბნებოდით, მათი მოქმედებების მიღმა 50 პოლიციელი იდგა და მაგ ხელმძღვანელთან ერთად მოქმედებდა ასევე იმედის ტელევიზია. …თავიდანვე იყო კამერები ჩართული – ერთი მანქანის მარცხენა მხრიდან, მეორე – მანქანის მარჯვენა მხრიდან… ორივე კამერა არის მომართული… ჩემს ხელს უმიზნებს კამერას, რომ აიღოს კადრი, რისთვისაც არის იქ“, – თქვა გიგაურმა.

ძალადობის შემდეგი ეპიზოდი, გიგაურის მონათხრობის მიხედვით, დაკავებისას მოხდა. ის მეგობართან ერთად მანქანით მგზავრობდა ვეფხისა და მოყმის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც პოლიციის რამდენიმე მანქანამ გააჩერა. 

„მიკრავენ უკან ხელებს …ჩემი სიძულვილით ნაკვები ადამიანები. დამაგდეს, წარბი გამიხეთქეს და ნეკნებში წიხლებს მირტყამდნენ. ვუთხარი, მომკალით, იქნებ, დავისვენო, რუსებმა ვერ მომკლეს, თქვენ მაინც მომკალით-მეთქი. 

გიგაურის თქმით, ცემის შემდეგ პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, აიყვანეს მე-8 სართულზე და მასზე იქაც იძალადეს:

„იქცეოდნენ არასერიოზულად, ამ ვითარებას შემხედვარემ, ვთქვი, დუმილის უფლებას ვიყენებ-მეთქი. ხმა ვერ ამომაღებინეს მიუხედავად ჯიკაობისა… გარკვეული დროის მერე ჩემთან შემოუშვეს [ვახტანგ] გაბუნია…

გაბუნიამ რომ მუშტები მირტყა თავში, სამედიცინო ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ, რომ მე ჰემატომები მაქვს თავზე… აი იმ მუშტებისგან… მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ისეთ ბინძურ სიტყვებს მეუბნებოდა, როგორაა საერთოდ პოლიციელი. მე ჩემი კაცობით გეტყვით, რა მოხდა – მე იქ შევუბრუნე ხელი, თავში რტყმა რომ დამიწყო, ეს ბორკილებიანი ხელი, ვაღიარებ, მე შემოვცხე გაბუნიას, „შენი იდეინი დედაო“ და კიდევ ერთი ოთხი კაცი დამაცხრა თავზე – აი, ეს არის სიმართლე. ჩვეულებრივი მუნდირს ამოფარებული მოძალადე, კრიმინალი ნაძირალები არიან“, – თქვა გიგაურმა.

მისივე თქმით, ციხეში უსამართლოდ ჩასვეს, რაც შეურაცხმყოფელია, „მაგრამ ამას ვიტან ღირესებით“.

დასკვნით სიტყვის დასაწყისში ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ საუბარი დაიწყო გამოძიების ეტაპით და აღნიშნა, რომ გამოძიების ეტაპი წარიმართა კანონის არსებითი დარღვევით და არასრულყოფილად. მისივე თქმით, გიგაური ჯერ დააკავეს და შემდეგ დაიწყეს მტკიცებულებების შექმნა/მოპოვება. მან ასევე ისაუბრა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიებაზე და აღნიშნა, რომ დაკავების დროს, ასევე პოლიციის სამმართველოში ანატოლი გიგაურის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.

ანატოლი გიგაურის საქმეზე მომდევნო სხდომა 28 ივლისს დაინიშნა. სასამართლო მხარეთა რეპლიკებს მოისმენს, რის შემდეგაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას თქმით, განაჩენი გამოცხადდება.