HRW მოუწოდებს „ოცნებას", გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი

პუბლიკა

Human Rights Watch-მა გაეროში საქართველოზე ანგარიში წარადგინა, რომელშიც მიმოხილულია ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში გაუარესებული დემოკრატიული ვითარება.

განცხადების თანახმად, გასული გაზაფხულიდან ხელისუფლების მიერ მიღებული მთელი რიგი კანონები შეუთავსებელია როგორც ქვეყნის ვალდებულებებთან – გამოხატვისა და შეკრების უფლებების, ასევე, არადისკრიმინაციული და თანასწორობის პრინციპების თვალსაზრისით.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ხელისუფლება გადაჭარბებულად ერეოდა მეტწილად მშვიდობიან შეკრებებში და არ ჰქონდა სათანადო რეაგირება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალადობის მიმართ. მათივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მთელი წყება მიმართულია განსხვავებული აზრის მქონე პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი სანქციების დაწესებისკენ.

HRW მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“: გააუქმოს „უცხოური აგენტებისა“ და „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონები; შეცვალოს გრანტების შესახებ კანონი ისე, რომ შეიზღუდოს სახელმწიფოს ჩარევა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობებში; უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის; უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო აქტივისტებსა და უფლებადამცველებზე თავდასხმებს ეფექტიანად, ძირეულად და სწრაფად გამოიძიებენ, ხოლო პასუხისმგებელი პირებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და საპოლიციო ძალადობის ქვეთავს, HRW მოუწოდებს „ოცნებას”, დაუყოვნებლივ, ძირეულად და ეფექტიანად გამოიძიოს ყველა შემთხვევა, რომლის დროსაც საპოლიციო ძალებმა გადააჭარბეს ძალას დემონსტრანტების წინააღმდეგ; უზრუნველყოს, რომ ყველა სამართალდამცავს ჰქონდეს შესაბამისი სანომრე ნიშნები, რათა მათი იდენტიფიცირება იყოს შესაძლებელი;

აღადგინოს და გააძლიეროს დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახური, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავთა მიერ ძალის გადამეტების შემთხვევებს; გააუქმოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ხელს უწყობს ხელისუფლების ჩარევას გამოხატვის თავისუფლებებში და პატივი სცეს, ასევე, დაიცვას გამოხატვის თავისუფლების უფლება.

ამასთან, HRW მოითხოვს, გათავისუფლდეს ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი, რომლებმაც შეკრების თავისუფლების შესახებ თავიანთი უფლებით ისარგებლეს.

Humans Right Watch გამოხატვის თავისუფლების ჭრილში მედიაზეც საუბრობს და მიუთითებს რიგ რეპრესიულ ნაბიჯებზე, რომლებიც „ოცნებამ“ მედიის საქმიანობის შეზღუდვის მიზნით გადადგა.

ამასთან, კონკრეტულად საუბრობს „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე და მოუწოდებს „ოცნებას” მისი გათავისუფლებისკენ, სანამ აღნიშნულ საქმეს დამოუკიდებელი სასამართლო არ განიხილავს.

დაბოლოს, HRW მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს რეგრესიული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის საქმიანობაში ჩარევისკენ არის მიმართული; დაიცვას მედიისა და გამოხატვის თავისუფლება; შესაბამისად, გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა.