კლუნების ფონდი მზია ამაღლობელზე: ყურადღებით დავაკვირდებით განაჩენს

პუბლიკა

„კლუნების ფონდი სამართლიანობისთვის” მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ განაჩენს ყურადღებით დააკვირდება, შემდეგ კი ანგარიშს გამოაქვეყნებს.

მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებაში, რომელიც „კლუნების ფონდმა სამართლიანობისთვის” „ნეტგაზეთს” მიაწოდა, ნათქვამია:

„ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო, რომელიც საქართველოში თავისუფალი გამოხატვის სივრცის შემცირების გამო მზარდი შეშფოთების სიმბოლო გახდა, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის შემდეგ დასრულდა.

ჩვენი „სასამართლოს გუშაგის” (TrialWatch) ინიციატივა, რომელიც ამ საქმეს მონიტორინგს უწევდა, შეშფოთებულია წარდგენილი ბრალდებებითა და იმით, თუ როგორ წარიმართა პროცესები.

ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით განაჩენს და გამოვაქვეყნებთ „სამართლიანობის ანგარიშს”, რომელიც შეაფასებს სასამართლო პროცესის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან”.

დღეს, 4 აგვისტოს, მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვა თქვა.

მოსამართლე ნინო სახელაშვილი განაჩენს 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

„ბათუმელები”/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს და მას შემდეგ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს 11 იანვარს, საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელის მიერ გაწნული სილის შედეგად მიადგა ფიზიკური ტკივილი და აუწითლდა ლოყა.

მზიას 4-იდან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი უსამართლობას შიმშილობით 38 დღის განმავლობაში აპროტესტებდა.