ბრალდებამ დათაშვილის საქმეში ექპერტიზის ცნობის დართვა და მოწმედ მაღრაძის დაკითხვა მოითხოვა

პუბლიკა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო დათაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილია.

პროკურატურამ საქმეში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის დართვა და დასაკითხთა სიაში 2 ექსპერტის დამატება მოითხოვა.

ფსიქიატრიული ექსპერტიზა 7 აგვისტოთია დათარიღებული. ბრალდებამ ის 20 აგვისტოს მიიღო.

პროკურორმა მედეა ცირამუამ მოითხოვა სასამართლოში დასაკითხი პირების სიას დაემატოს დასკვნაზე მომუშავე პირები: თამარ ნიკოლოზიშვილი და დავით მაღრაძე.

დაცვის მხარე არ დაეთანხმა ექსპერტიზის დასკვნის საქმეში ჩადების საჭიროებას.

ნინო დათაშვილის ადვოკატებმა 2 აგვისტოს განაცხადეს, რომ პროკურატურამ ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით გადაყვანის ნებართვა გასცა, ანუ სასამართლოს დადგენილება სტაციონარში გადაყვანას ეხებოდა.

7 აგვისტოს სასამართლო პროცესზე ადვოკატმა თამარ გაბოძემ თქვა, რომ ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი, დავით მაღრაძე „ჩუმად შეაპარეს ნინო დათაშვილის საკანში”, სადაც მან ამბულატორიული ექსპერტიზა ჩაატარა. სწორედ ამ ექსპერტიზის დასკვნის საქმეში ჩადებას ითხოვს პროკურატურა.

ადვოკატი არ ეთანხმება ბრალდების ამ შუამდგომლობას.

„მიუხედავად იმისა, რომ ამბულატორიული ექსპერტიზის დასკვნაში არაფერი ნინო დათაშვილის საწინააღმდეგო არაფერი წერია. ის კანონის უხეში დარღვევით არის გაცემული. რა უფლებამოსილებით შევიდა დავით მაღრაძე ნინო დათაშვილთან, როცა სასამართლოს განჩინება იყო სტაციონარულ ექსპერტიზაზე?! ამიტომ ეს ექსპერტიზა უკანონოა. შეიპარნენ სამხარაულის ექსპერტები დაცვის მხარის გვერდის ავლით. ხერხემლის ტკივილის გამო ქალს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარეს. ამის გამო სისხლის სამართლის საქმეს არ უნდა დაერთოს ეს დასკვნა.” – განაცხადა ნინო დათაშვილის ადვოკატმა.

მოსამართლის კითხვაზე, რატომ და რა პროცედურით შეიცვალა ბრალდებამ სტაციონარული ექსპერტიზა ამბულატორიულით და რატომ არ ჩატარდა სტაციონარული ექსპერტიზა ისე, როგორც ეს სასამართლოს განჩინებაში ეწერა, პროკურორმა უპასუხა, რომ, ბრალდებული და დაცვის მხარე უარს ამბობდნენ სტაციონარულ ექსპერტიზაზე და ეს პოზიცია ჩანდა საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიდან.

„ბრალდებულის მხრიდან სტაციონარული ექსპერტიზა აღქმული იქნა, რომ ეს მისი სადამსჯელო ღონისძიება იყო. ეს პოზიცია ემყარება საჯარო სივრცეში გაჟღერებულ პოზიციებს, რომელიც დაცვის მხარის ადვოკატებმა გააჟღერეს. აქედან გამომდინარე, ბრალდებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო დაზუსტება და არა სტაციონარში, არამედ ამბულატორიის ჩატარებულიყო ექსპერტიზა”. – თქვა პროკურორმა.

რაც შეეხება ზოგადად ექსპერტიზის ჩატარებას – პროკურორმა მედეა ცირამუამ თქვა, რომ ამას ბრალდების მხარეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ავალდებულებს – პროკურატურა აპელირებს ადვოკატების ინფორმაციაზე.

ადვოკატებმა საქმის მასალებს დაურთეს 2019 წელს დაწერილ ფორმა 100, რომელშიც მითითებული იყო ინფორმაცია ნინო დათაშვილის ხერხემალთან დაკავშირებულ პრობლემაზე, რომელსაც გაუსაძლისი ტკივილების ფონზე თან ერთოდა ემოციური ლაბილობა, ანუ ტკივილზე მგრძნობელობა.

ადვოკატის თქმით, მას არსად უხსენებია აშლილობა, თუმცა, პროკურატურა სწორედ სიტყვა „აშლილობას” იყენებს.

თამარ გაბოძე ამბობს, რომ ბრალდებამ უგულებელყო დათაშვილის რეალური დიაგნოზი – ხერხემლის თიაქარი, რომელსაც თან ახლავს უწყვეტი და გაუსაძლისი ტკივილი.

სასამართლო პროცესზე ნინო დათაშვილი დაეთანხმა დაცვის მხარის პოზიციას და კიდევ ერთხელ ახსნა, რატომ წარადგინეს ჯანმრთელობის ცნობა.

„აქ წერია, რომ ვსაჭიროებ ქირურგიულ ჩარევას. მითითებულია დიაგნოზი – თიაქარი, რეციდივით. ანუ ვარ საოპერაციო, ვხსნირი, რომ მაქვს ასეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაითვალისწინეთ ჩემი ეს წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობის დროს. ესეც იმიტომ წარმოვადგინე, რომ მინდოდა, გამოცდების პერიოდში ჩემს აბიტურიენტ შვილთან ვყოფილიყავი და ვითხოვდი ერთ თვეს მაინც. ფსიქო – ემოციური ლაბილობა არის ძალიან შაბლონური ტერმინი. შაბლონური სიმპტომია, რომლის საფუძველზე მომისაჯეს იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

საგულისხმოა, რომ ამ ვიზიტიდან სამი თვის შემდეგ განმეორებით ვიყავი ექიმთან და 3 თვის შემდეგ გაცემულ ფორმა 100-ში არაფერი წერია ფსიქო- ემოციურ ლაბილობაზე. მათ (პროკურატურას) ეს ყველაფერი ჰქონდათ, მაგრამ მაინც ჩაეჭიდნენ ერთ სიმპტომს. პროკურორმა თქვა, რომ თითქოს მე აღვიქვი სტიგმად – არანაირ სტიგმად არ აღმიქვამს. მე ჩემი უფლებების დარღვევად აღვიქვი ეს, ჩემი საკონსტიტუციო უფლებების შელახვად”. – თქვა ნინო დათაშვილმა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა თქვა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას შემდეგ პროცესზე გამოაცხადებს. შემდეგი სხდომა 8 სექტემბერს, 13:00 საათზე არის დანიშნული. 

პროკურორის ამ შუამდგომლობამდე დაცვის მხარემ დღესაც, 7 აგვისტოს გამართული წინასასამართლო სხდომის მსგავსად, დააყენა სასამართლოს აცილების შუამდგომლობა. კერძოდ, ადვოკატებმა მოითხოვეს, ნინო დათაშვილის საქმე არა თბილისის  თბილისის საქალაქომ, არამედ იმავე დონის სხვა სასამართლომ განიხილოს, ვინაიდან ინციდენტი, რის გამოც დათაშვილს სისხლის სამართლის წესით დევნიან, სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხდა.

ადვოკატ თამარ გაბაიძის თქმით:

„მაშინ, როცა დაზარალებულად ცნობილი პირები არიან სასამართლოს თანამშრომლები, ერთი და იმავე სამსახურის წარმომადგენლები არიან მოსამართლეც და დაზარალებულებიც, ლეგიტიმურია კითხვები მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ყველას აქვს უფლება, მისი საქმე განიხილონ ობიექტურად და მიუკერძოებლობების პირობებში”.

გაბაიძემ თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ნინო დათაშვილის საქმეს ობიექტურად ვერ განიხილავს.

ადვოკატების შუამდგომლობას დაეთანხმა ნინო დათაშვილიც და თქვა, რომ მისთვის უსიამოვნოა მასზე მოძალადე მანდატურების ყურება სასამართლოს დარბაზში.

„მიმაჩნია, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ვიმსახურებ თანასწორ პირობებს. ზოგადად სასამართლოს აცილების შუამდგომლობას ვეთანხმები.“ – განაცხადა ნინო დათაშვილმა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ადვოკატების და ბრალდებულის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და სასამართლოს აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე ნინო დათაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თავს არა დამნაშვედ, არამედ დაზარალებულად მიიჩნევს.

მისი თქმით, მის წინააღმდეგ ყველა არგუმენტი უსაფუძვლოა:

„მე გავეცანი საქმის მასალებს, პროკურორის შუამდგომლობას. მიმაჩნია, რომ ყველა არგუმენტი უსაფუძვლოა, ჩავიხედე იმ კანონებში, რაც მითითებულია და ბევრი რამე არალოგიკურია, არგუმენტები არ არის. ჩემი დაკავების შუამდგომლობა რამდენიმე უსაფუძვლო არგუმენტით დააკმაყოფილა ერთმა მოსამართლემ, შემდეგ მეორემ – წინასწარ პატიმრობაში გამიშვა, მესამე მოსამართლემ დამტოვა პატიმრობაში. იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა დამინიშნა მეოთხემ.

თვალსაჩინოა, რომ მტკიცებულებები არ არის ობიექტური და ეფუძნება მხოლოდ პროკურორის წინადადებას. მე ვეთანხმები ადვოკატებს, მანდატურების რომლებიც ჩემზე იძალადეს მათი ყურება არ არის სასიამოვნო ჩემთვის. მიაჩნია რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ვიმსახურებ თანასწორ პირობებს. ზოგადად სასამართლოს აცილების შუამდგომლობას ვეთანხმები”. – განაცხადა ნინო დათაშვილმა პროცესზე.


სამოქალაქო განათლების მასწავლებელს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან. ბრალი მას სისხლს სამართლის კოდექსის 353/2 მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინა, რაც რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს – ამ დღეს ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ დროს იმყოფებოდა, როცა სინდისის 8 პატიმრის პროცესი მიმდინარეობდა.

დათაშვილი ამბობდა, რომ პირველ დარბაზთან, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, მეგობრის ნახვა სურდა, თუმცა მანდატურმა მას ამის საშუალება არ მისცა.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამის შემდეგ ნინო დათაშვილი პროტესტის ნიშნად ფანჯარასთან, რაფაზე ჯდება და იწყება სიტყვიერი დაპირისპირება დათაშვილსა და მანდატურს შორის, რის შემდეგაც მანდატური იწყებს ადგილიდან მის ძალით გაყვანას.

ნინო დათაშვილი კვლავ იმეორებს და მოუწოდებს მანდატურს, უთხრას, კანონის რომელი მუხლის საფუძველზე ეკრძალება ადგილზე ყოფნა.

ამის შემდეგ ადგილზე ჩნდება რამდენიმე მანდატური, რომლებსაც ძალის გამოყენებით მიჰყავთ დათაშვილი. კადრში ჩანს როგორც სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლა.

საბოლოოდ, მანდატურებმა ნინო დათაშვილი ძალის გამოყენებით გაიყვანეს და სასამართლოს შენობა დაატოვებინეს.

დათაშვილმა მაშინ თქვა, რომ 112-ში დარეკა და ძალადობის შესახებ შეატყობინა, თუმცა, პოლიცია ადგილზე არ მისულა.

ნინო დათაშვილი 20 ივნისს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა მაშინ დააკავეს, როცა ის ავტობუსის გაჩერებაზე იდგა.

დათაშვილისვე თქმით, დამკავებლებს მისთვის არ უთქვამთ, რა მუხლის საფუძველზე აკავებდნენ, ამასთან, ხელიდან გამოგლიჯეს ტელეფონი და არ მისცეს ახლობელთან და ადვოკატთან დარეკვის საშუალება.

7 აგვისტოს, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მისი აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.