თამთა მიქელაძე: ანგარიშების დაყადაღება „ოცნების" მხრიდან ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაციაა

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ეხმაურება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე დაყადაღდა როგორც SJC-ის, ისე – 6 სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები.

„დღეს დილით აღმოვაჩინეთ, რომ ანგარიშები დაყადაღებული იყო. თავიდან ვიფიქრეთ, რომ ეს ანტიკორუფციული ბიუროს პროცედურის ფარგლებში მოხდა.

თუმცა, საბოლოოდ, პროკურატურის საჯარო განცხადებით გავიგეთ, რომ ჩვენი და სხვა ორგანიზაციების ანგარიშები პროკურატურის შუამდგომლობით ე.წ. საბოტაჟის გამოძიების ფარგლებში დაიყადაღა.

ეს ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ მისი დასაბუთება ალბათ არც არის საჭირო, თუმცა ამაზე ვრცლად მოგვიანებით დავწერთ.

ამასთან, ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად ნიშნავს ორგანიზაციების ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას.

„ქართულ ოცნებას” უნდა, რომ ჩვენ მოქალაქეების და სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა ვეღარ გავაგრძელოთ და გავჩერდეთ. აღარ ვამხილოთ მათი დანაშაულები, უსამართობა და აღარ ვაშენოთ სოლიდარობა საზოგადოების შიგნით.

ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის დედლაინამდე (31 აგვისტომდე) რამდენიმე დღით ადრე სამოქალაქო ორგანიზაციების განადგურების გადაწყვეტილება რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ცალკე დიდი საკითხია. პრაქტიკულად ეს არის ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაციაა „ქართული ოცნების” მხრიდან და ამ პროცესის სრული საბოტაჟი”. – წერს თამთა მიქელაძე.

დღეს, 27 აგვისტოს „ქართული ოცნების” პროკურატურამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები.

დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”, ISFED-ისIDFI-ისGDI-ის, „დემოკრატიის მცველების”, „საფარის” და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ანგარიშები.

პროკურატურა აცხადებს, რომ დაყადაღება მოხდა იმ სისხლის სამართლის გამოძების ფარგლებში, რომლებიც მათ ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყეს და რომელიც „საბოტაჟს ეხება”.

უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს”.

ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს და მიზეზად დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლას“ ასახელებს. იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდეს, ევროკომისიამ „ქართულ ოცნებას” რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა.