„ამ საქმეში ჭეშმარიტება ერთია: ბრალდებული უდანაშაულოა" | ირმა ჭკადუას დასკვნითი სიტყვა

პუბლიკა

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის საქმეზე 29 აგვისტოს ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს.

საქმეზე ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი.


სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა ბრალდებულ ვალერი თეთრაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ. დაცვის მხარემ სიტყვის დიდი ნაწილი ბრალის დადგენილებაზე და მის შინაარსზე საუბარს დაუთმო და აღნიშნა, რომ პროკურატურა სასამართლოში წარდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით ბრალის შინაარს ვერ ადასტურებს.

მისივე განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები „გონივრულ ეჭვს” უნდა აღემატებოდეს, „ეჭვი კი, რომელიც რჩება საქმეში, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს”.

„ბრალდების მხარე ეყრდნობა ვარაუდს, ხოლო სისხლის სამართალში ვარაუდი არ შეიძლება გახდეს განაჩენის საფუძველი”, – თქვა მან.

პროკურატურა ვალერი თეთრაშვილის ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში ნათქვამია: „1 და 2 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციაზე ვალერი თეთრაშვილი ისროდა შუშის ბოთლს და მოგრძო ნივთებს პოლიციელების მიმართულებით, ასევე ახორციელებდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა პოლიციელებისა და ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“. ამ ყველაფერს კი, პროკურატურის პოზიციით, 8 პირის საქმეში ბრალდებულები – ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი აორგანიზებდნენ.

ირმა ჭკადუას განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი ითხოვს მკაფიოდ დადასტურებულ გარემოებებს: ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან ჯგუფურ ძალადობაში აქტიურ მონაწილეობას, თუმცა, მისივე თქმით, ამ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები მხოლოდ ვარაუდზეა აგებული, საქმეში ორგანიზატორი/ხელმძღვანელი პირი არ არსებობს და პროკურატურა ჯგუფურობას და ბრალდებულების შეკავშირებას ვერ დაამტკიცებს.

„მხოლოდ ჯგუფში ყოფნა არ ნიშნავს ძალადობაში მონაწილეობას” – თქვა დაცვის მხარემ და დასძინა, რომ ბრალდების მხარე 9 თვის განმავლობაში ცდილობდა სასამართლო დაერწმუნებინა იმაში, რომ „ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა ჩაიდინეს ის დანაშაული, რომლებიც მათ არ ჩაუდენიათ”.

„ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ და მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები. ვერცერთმა პოლიციელმა ვერ მიუთითა, რომ კონკრეტულად თეთრაშვილმა მათ რაიმე სახის დაზიანება მიაყენა, ან მათ დაენახათ, რომ ვალერი თეთრაშვილმა ჩაიდინა ესა თუ ის ქმედება.

ჩვენ ვნახეთ რამდენიმე პოლიციელი, რომლებმაც უბრალოდ დაათვალიერეს ვიდეოები და შეეცადნენ, სასამართლოსთვის მათივე ინტერპრეტაციით წარმოედგინათ ქმედებები.

თქვენო ღირსებავ, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ბრალდების მხარის მოწმეები იმდენად უსუსურები არიან, რომ მოწმემ, რომელიც 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა ვალერი თეთრაშვილთან ერთად, ვერ შეძლო სასამართლოსთვის ეჩვენებინა ეს ადამიანი [ვალერი თეთრაშვილი]. აქ ჩანს დამოკიდებულება და ის, რომ ეს საქმე რეალურად სპონტანურად  შეიქმნა და ბრალდების მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მოგონილი, გამოგონილი ბრალდებით დაეკავებინათ ადამიანები, რომ სხვა ადამიანები შეეშინებინა და მსუსხავი ეფექტი ჰქონოდა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მსუსხავი ეფექტი ვერ იქონია”, – თქვა ირმა ჭკადუამ.

მან ისაუბრა პროკურატურის მიერ წარდგენილ ვიდეომტკიცებულებებზეც და აღნიშნა, რომ „ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, ბუნდოვანია, ვერ აჩვენებს ბრალდებულის აქტიურ ქმედებას, დავალების მიღებას, დავალების შესრულების დროს და ადგილს. სხვისი ქონების დაზიანება ან ძალადობრივი ორგანიზება საერთოდ არ დასტურდება”.

მისივე განცხადებით, ვიდეოში ცალსახად ჩანს, რომ ვალერი თეთრაშვილის სიახლოვეს, დაახლოებით 50-100 მეტრის რადიუსში, არ დგას არცერთი პოლიციელი.

„შესაბამისად, ვალერი თეთრაშვილს ზიანი მიეყენებინა მის მიერ განხორციელები ქმედების შედეგად რომელიმე პოლიციელისთვის, აღნიშნული ვიდეო ვერ დაადასტურებდა”, – თქვა ირმა ჭკადუამ.

გარდა ამისა, მანვე გაიხსენა სასამართლო პროცესებზე დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელების გამოკითხვა, რომლებიც ამბობდნენ, რომ დაზიანება აქციაზე მიიღეს, თუმცა ვინ ისროლა მათი მიმართულებით, არ დაუნახავთ.

ირმა ჭკადუამ აღნიშნა, რომ პოლიციელებმაც ვერ თქვეს, რომ დაზიანება, ამ შემთხვევაში, ვალერი თეთრაშვილის ქმედების შედეგად მიიღეს.

დაცვის მხარე განმარტავს, რომ წარდგენილ მტკიცებულებებში პროკურატურა ვერ წარმოაჩენს ორგანიზებულ, წინასწარ შეთანხმებულ გეგმას, მითითებებს ან კოორდინაციას, რაც არ არის საფუძველი იმისა, რომ განაჩენი 225-ე მუხლის საფუძველზე დადგეს.

ირმა ჭკადუამ ჩამოთვალა კითხვები, რომლებზეც პასუხი სასამართლომ თავისი განაჩენით უნდა გასცეს.

„თქვენ უნდა გასცეთ ყველა იმ კითხვას პასუხი, რომელსაც დაცვის მხარე ამდენი თვის განმავლობაში სასამართლოს წინაშე აყენებდა და ვერ წარმოადგინა ბრალდების მხარემ. სასამართლომ თავისი განაჩენით უნდა უარყოს დაცვის მხარის არგუმენტები და დაადასტუროს ბრალდების არგუმენტების სიზუსტე.

ვინ იყო ორგანიზატორი, რომელიც დავალებებს აძლევს, სად, რა დროს როდის მისცეს დავალებები, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ვალერი თეთრაშვილმა რომელი დავალება მიიღო, სად მიიღო, ვისგან და სად შეასრულა ის”, – ამბობს ადვოკატი.

შეჯამების სახით, დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ განმარტა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ ვალერი თეთრაშვილი ორგანიზებული ჯგუფის წევრი იყო.

„ეს ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს, პროკურატურა გვეუბნება, რომ იყვნენ ორგანიზებული ჯგუფი და ჩაიდინეს რაღაც დანაშაული… ბრალდების მხარეს აქვს პასუხისმგებლობა, რადგან ის წარმოადგენს სახელმწიფოს და სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას უდანაშაულო ადამიანის ბრალდება…“, – განაცხადა ადვოკატმა.

როგორც დაცვის მხარე ამბობს, თუ ვერ დადასტურდა ორგანიზაციის/ხელმძღვანელობის ფაქტი, თუ ვერ დადასტურა ბრალდებულის აქტიური მონაწილეობა, თუ ვიდეო, მოწმეები ან სხვა მტკიცებულებები ბუნდოვანია, ეჭვი გადავარდება ბრალდებულის სასარგებლოდ.

„სასამართლოს წინაშე დარჩენილი თითოეული ეჭვი – როგორც წვეთები უსასრულო ოკეანეში, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და თუ ოკეანე სავსეა ეჭვებით, განაჩენი შეიძლება იყოს მხოლოდ გამამართლებელი”.

სამართლიანობა ვერ აშენდება ვარაუდზე, ის მხოლოდ ჭეშმარიტებაზე დგას, ხოლო ამ საქმეში ჭეშმარიტება ერთია: ბრალდებული უდანაშაულოა”, – თქვა ირმა ჭკადუამ.