მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნინო დათაშვილის პატიმრობა ძალაში დატოვა

პუბლიკა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნინო დათაშვილის აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.

ნინო დათაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლა ადვოკატებმა მოითხოვეს. მათ თქვეს, რომ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა – უჭირს გადაადგილება.

პატიმრობის შეცვლას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. პროკურორების მტკიცებით, კვლავ არსებობს ნინო დათაშვილის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და სხვა რისკი. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ბრალდების მხარის მტკიცებით, პენიტენციური სამსახური პატიმრებს შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფს და პატიმრობა არ აუარესებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა.

ამის შემდეგ მჭედლიშვილმა შემდეგი სხდომის თარიღი დანიშნა – პროცესი 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

ნინო დათაშვილის ადვოკატის თამარ გაბოძის განცხადებით, დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება და მას გაუსაძლისი ტკივილების გამო ძალიან უჭირს ადვოკატებთან კომუნიკაციაც.

„ნინო დათაშვილს არ შეუძლია დამოუკიდებლად თვითმოვლა; არ შეუძლია, დამოუკიდებლად მიიღოს საკვები; ყოველი დღე მისთვის არის უფრო და უფრო მძიმე; უჭირს გადაადგილება და უნდა მიიღოს რამდენიმე გამაყუჩებელი იმისათვის, რომ ძალიან ელემენტარული რაღაცები შეძლოს, თვითმოვლა შეძლოს.

ეს არ არის არც სასჯელის და არც პატიმრობის მიზანი – ადამიანის არასათანადო მოპყრობა და წამება, როდესაც მას არა აქვს სერვისები, როდესაც ფაქტია, რომ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა; ერთია, რას სთავაზობს პენიტენციური დაწესებულება და მეორეა, რამდენად ეფექტიანია ის. ფაქტია, რომ ექიმის მიერ შეთავაზებული მკურნალობა ეფექტიანი არ აღმოჩნდა, ვინაიდან მეორე პროცესია უკვე, უფრო და უფრო მძიმდება ნინოს მდგომარეობა და ყოველ დღე, როცა მას ვხვდებით, კომუნიკაცია ძალიან გაჭირვებულად და ძალიან ხანმოკლეა ხოლმე, რადგან ვხედავთ, რომ უძლებს გაუსაძლის ტკივილებს იმისათვის, რომ, მაგალითად, შეხვდეს ადვოკატებს. ამაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში აქვს პროკურატურას და სასამართლოს, რომელთაც, უბრალოდ, უსაფუძვლოდ ჰყავთ ნინო პატიმრობაში.

[ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფოში გადაყვანის] სამი მოთხოვნა გავგზავნეთ უკვე. ორი მოთხოვნა იყო გუშინ და ერთი გუშინწინ. ჩვენ მოვითხოვთ ნინოსთვის ყველა სამედიცინო სერვისის დაუყოვნებლივ შეთავაზებას, რომელიც იქნება ეფექტიანი, რეალურად. გადაიყვანეს კვლევებზე, უკან დაბრუნდა და რა მკურნალობაც დაუნიშნეს, ფაქტია, რომ ეფექტიანი არ არის – არ გაუმჯობესებულა მდგომარეობა. ვითხოვთ, დაენიშნოს ისეთი მკურნალობა, რომელიც ეფექტიანი იქნება, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობას გაუუმჯობესებს ან შეუნარჩუნებს, თუნდაც ისე, როგორიც იყო დაკავებამდე პერიოდში.

ჩვენ ველოდებით პასუხს ციხის ადმინისტრაციისგან, რომელიც, ვფიქრობთ, უფრო მეტად მიიღებს ზომებს იმისათვის, რომ ნინო არ იყოს ასეთ არასათანადო მდგომარეობაში“,- ამბობს ადვოკატი.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან. ბრალი მას სისხლს სამართლის კოდექსის 353/2 მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე ძალადობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს – ამ დღეს, როდესაც ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა, სინდისის 8 პატიმრის პროცესი მიმდინარეობდა.

დათაშვილი ამბობდა, რომ პირველ დარბაზთან, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, მეგობრის ნახვა სურდა, თუმცა მანდატურმა მას ამის საშუალება არ მისცა.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამის შემდეგ ნინო დათაშვილი პროტესტის ნიშნად ფანჯარასთან, რაფაზე ჯდება და იწყება სიტყვიერი დაპირისპირება დათაშვილსა და მანდატურს შორის, რის შემდეგაც მანდატური იწყებს ადგილიდან მის ძალით გაყვანას.

ნინო დათაშვილი არართგზის მიმართავს და მოუწოდებს მანდატურს, უთხრას, კანონის რომელი მუხლის საფუძველზე ეკრძალება ადგილზე ყოფნა.

ამის შემდეგ ადგილზე ჩნდება რამდენიმე მანდატური, რომლებსაც ძალის გამოყენებით მიჰყავთ დათაშვილი. კადრში ჩანს როგორც სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლა.

საბოლოოდ, მანდატურებმა ის ძალის გამოყენებით გაიყვანეს და სასამართლოს შენობა დაატოვებინეს.

დათაშვილმა მაშინ თქვა, რომ 112-ში დარეკა და ძალადობის შესახებ შეატყობინა, თუმცა, პოლიცია ადგილზე არ მისულა.

ნინო დათაშვილი 20 ივნისს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის ავტობუსის გაჩერებაზე იდგა.

დათაშვილისვე თქმით, დამკავებლებს მისთვის არ განუმარტავთ მუხლი, რომლის საფუძველზეც აკავებდნენ. ამასთანავე, მათ ხელიდან გამოჰგლიჯეს ტელეფონი და არ მისცეს ახლობელთან და ადვოკატთან დარეკვის საშუალება.