ადვოკატი: ზურაბ ზვიადაურს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა - დაკავებას პოლიტიკას არ უკავშირებს

პუბლიკა

ოლიმპიური ჩემპიონი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ზვიადაური დუმილის უფლებით სარგებლობს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, დათუნა მოდებაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზვიადაურს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სტატუსი აქვს, მას იარაღის ტარების უფლება შეზღუდული არ ჰქონდა.

„მას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. რაც შეეხება კითხვას, ჰქონდა თუ არა ტარების უფლება, გეტყვით, რომ ჰქონდა უფლება. ბრალდებულის სტატუსის მქონეა, მაგრამ აღკვეთის ღონისძიება, რაც ჰქონდა შეფარდებული, იმაზე იარაღის აკრძალვა არ ჰქონდა. […]

ის დუმილის უფლებას იყენებს. ზუსტი ადგილმდებარეობა არ ვიცი, მაგრამ საპატრულო პოლიციამ დააკავა, მანქანით მოძრაობდა და გადამოწმების მიზნით გააჩერეს. […]“, – ამბობს ადვოკატი.

შეკითხვაზე, საქმეში რეგისტრირებული იარაღი დევს თუ სხვა, დათუნა მოდებაძე პასუხობს, რომ „არ იცის და გაარკვევს“. ის საქმეში პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავს.

„არანაირი პოლიტიკური, პოლიტიკას არ უკავშირებს. გააჩერეს და იარაღი ამოიღეს, ექსპერტიზაზე გაიგზავნა“, – აცხადებს ის.


ზურაბ ზვიადაური 16 სექტემბერს დააკავეს. მას პროკურატურა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარებას ედავება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9X29მმ (.38 Special) კალიბრის ,,WEBLEY SCOTT LTD” კონსტრუქციის №56577 რევოლვერი და მისთვის განკუთვნილი  ექვსი ქარხნული წესით დამზადებულ, 9X29 კალიბრის ვაზნა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზურაბ ზვიადაური 2021 წელსაც იყო დაკავებული. მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მაშინ პროკურატურა აცხადებდა, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

„ვ.ც.-მ ჯ.ჯ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო – ზ.მ. და ა.შ. სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზ.ზ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს, სასიკვდილოდ დაჭრა ნ.კ“- წერდა უწყება.

2021 წლის 29 ნოემბერს, თელავის სასამართლომ ზურაბ ზვიადაურს აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა – გირაოთი შეუცვალა.