დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარეს

პუბლიკა

კვირას, 21 სექტემბერს, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და კანადამ პალესტინის სახელმწიფო აღიარეს. ბრიტანეთის პრემიერმა, კირ სტრამერმა X-ზე დაწერა:

„დღეს პალესტინელებისა და ისრაელელების მშვიდობისა და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის იმედის აღსადგენად გაერთიანებული სამეფო ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“.

კანადა გახდა პირველი ქვეყანა დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნებიდან, რომელმაც პალესტინა აღიარა, ავსტრალია სწრაფად მიჰყვა ამ ნაბიჯს და განაცხადა, რომ ეს იყო „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის საერთაშორისო ძალისხმევის“ ნაწილი. საფრანგეთი და სხვა ქვეყნებიც, სავარაუდოდ, იგივეს გააკეთებენ მომავალ კვირაში.

ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტა „ჰამასისთვის ჯილდო არაა“, რადგან ეს ნიშნავს, რომ „ჰამასს“ არ შეიძლება ჰქონდეს მომავალი, არანაირი როლი მთავრობაში და არანაირი როლი უსაფრთხოებაში. მან მოუწოდა დაჯგუფებას გაათავისუფლოს მძევლები და სთხოვა ისრალეს, მოხსნას შეზღუდვები ღაზის საზღვარზე, რათა იქ მეტი დახმარება შევიდეს.

პალესტინის ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრიდან ღაზაში 65 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ათასობით ბავშვი, ტერიტორიის დიდი ნაწილი განადგურდა და მოსახლეობის უმეტესობას მოუწია დაეტოვებინა საკუთარი სახლი.

კვირას ჯანდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისრაელის მიერ ღაზას ქალაქში ღამით განხორციელებულმა დარტყმებმა სულ მცირე 34 ადამიანი იმსხვერპლა.

ამ ფონზე სულ უფრო მეტი ქვეყანა აცხადებს, რომ აღიარებენ პალესტინას.

ბრიტანეთის გადაწყვეტილებამ გააღიზიანა მისი ახლო მოკავშირე ისრაელი, რომელიც ამტკიცებს, რომ აღიარება ამხნევებს ექსტრემისტებს და ჯილდოა „ჰამასისთვის“, ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობდა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს, რომლის დროსაც დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 250 მძევლად აიყვანეს.