კობახიძე: აშშ-ის დამოკიდებულება არ იცვლება, ეს ნიშნავს, რომ კვლავაც მძლავრობს „დიფ სთეითი" 

პუბლიკა

24 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს უმასპინძლა, სადაც საქართველო მიწვეული არ ყოფილა. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები.

ამის შესახებ დასმულ კითხვას „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „დიფ სთეითის” კონსპირაციის შესახებ პროპაგანდისტული მესიჯებით უპასუხა.

კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-სთან ურთიერთობები მას შემდეგ შეიცვლება, რაც ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს” შორის ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციის გამარჯვებით დასრულდება.

„თუ გაიმარჯვებს „დიფ სთეითი“, გაგრძელდება სირთულეები, თუმცა, ჩვენ სირთულეებსაც მიჩვეული ვართ. ყველა შემთხვევაში, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

როცა დამოკიდებულება არ იცვლება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს, რომ კვლავაც მძლავრობს „დიფ სთეითი”. ძალიან მარტივად არის საქმე. „დიფ სთეითთან” ხომ ვერ დავალაგებთ, იმიტომ, რომ მათ უნდოდათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, პირდაპირ იყო მათი წარმომადგენელი მოსული, პირდაპირ მთავრობის ადმინისტრაციაში იყო მოსული და ორჯერ მოითხოვა პირდაპირ მეორე ფრონტის გახსნა. ამაზე ვთქვით უარი და ამის შემდეგ „დიფ სთეითთან” გვიჭირს ურთიერთობების დალაგება”.

ჩვენთვის მთავარია, გადაიტვირთოს ურთიერთობები და გადაიტვირთოს სტრატეგიული პარტნიორობა, ამას მოთმინებით ველოდებით“, – თქვა „ოცნების” პრემიერ-მინისტრმა.