დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდი აშენდება, მოეწყობა 3 საბაგირო დერეფანი - ტყემალაძე

პუბლიკა

თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ თქვა, რომ ცოტნე დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდი აშენდება. ის ამბობს, რომ ეს იქნება საავტობუსო ხიდი, რომელზეც 18-მეტრიანი ავტობუსები სწრაფად და შეუფერხებლად იმოძრავებენ, რაც გადაადგილების დროს შეამცირებს.

„გვაქვს ერთი მონაკვეთი, რომელიც კონკრეტულად ცოტნე დადიანიდან მეტროსადგურ სადგურის მოედნამდე იქნება დაკავშირებული აღნიშნული ხიდი. პრობლემა არის ამ არეალების ერთმანეთთან დაკავშირება და 18-მეტრიანი ავტობუსების ამ მიმართულებით, ფიროსმანის ქუჩით, ძალიან პრობლემურია მათი გადაადგილება. ეს იქნება ფაქტობრივად საავტობუსო ხიდი, რომელიც უზრუნველყოფს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს ყველაზე დატვირთულ უბნებს შორის კავშირს კომფორტულად, 18-მეტრიანი ავტობუსებით“, – თქვა ტყემალაძემ.

გარდა ამისა, მან თქვა, რომ თბილისში 3 ახალი საბაგირო დერეფანი მოეწყობა: ისანი-მეტრომშენი-ვაზისუბანი, მეტრო „სარაჯიშვილი“-ზღვისუბანი, მ/ს „სამგორისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა.

„ამ შემთხვევაში უკვე საბაგიროს ეძლევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია. ზუსტად ეს სამი მიმართულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით დიდი შეღავათი იქნება ადგილობრივებისთვის. […] რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ირიბად იქნება დაკავშირებული ავტობუსების, მიკროავტობუსების გამოთავისუფლებასთან და ზოგადად ტრანსპორტის მოძრაობასთან ჩვენს ქალაქში“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.