პოტენციური მშობლებისა და სუროგატი დედების კუთვნილი $670 150-ზე მეტი მიითვისეს - პროკურატურა ბრალდებულებზე

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, სამსახურებრებივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.

გამოძიება ამბობს, რომ ბრალდებულებს დაფუძნებული ჰქონდათ შუამავალი კომპანია შპს „ქინდერლი ჯორჯია“ და რომ მათ მათ პოტენციური მშობლების, ასევე სუროგატი დედების კუთვნილი 670 150 აშშ დოლარზე მეტი მიითვისეს.

შსს-ს განცხადების მიხედვით, დაკავებულია კომპანიის დირექტორი, არმენ მელიქიანი და კიდევ ერთ დამფუძნებელს, რუსლან ტიმოშენკოს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში ,,შპს „ქინდერლი ჯორჯია“ დააფუძნეს, რომელიც ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედებს შორის შუამავალ კომპანიას წარმოადგენდა. ბრალდებულები კომპანიის სახელით ბიოლოგიურ მშობლებთან ხელშეკრულებებს დებდნენ და ვალდებულებას იღებდნენ რომ მოიძიებდნენ სუროგატ დედებს და სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენას უზრუნველყოფდნენ.

აღნიშნული გზით ბრალდებულებმა ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხები და სუროგატი დედების სხვადასხვა ხარჯების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დაფარვის ნაცვლად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად მიითვისეს როგორც პოტენციური მშობლების, ასევე სუროგატი დედების კუთვნილი 670 150 აშშ დოლარზე მეტი თანხა“, – აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებულებს ბრალდება, მათგან ერთს დაუსწრებლად წარედგინათ  საქართველოს სისხლის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყება ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

ორგანიზაცია „საფარი“, რომელიც დაზარალებულების უფლებებს იცავს აცხადებს, რომ კომპანია „ქინდერლის“ ქალები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოჰყავდა, შემდეგ კი ჰონორარის გარეშე, გაუსაძლის სოციალურ პირობებში, საცხოვრისის და საკვების გარეშე ტოვებდა.

„საფარი“ პროკურატურისგან ითხოვდა, რომ საქმე ტრეფიკინგის მუხლით ეწარმოებინათ და ქალებისთვის მიენიჭებინათ დაზარალებულის სტატუსი, რაც ნაწილობივ დაკმაყოფილდა.

„თუმცა, საბოლოოდ, საქმის ფარგლებში მოპოვებული არასაკმარისი მტკიცებულების გამო, „ქინდერლის“ ხელმძღვანელები დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს. საქმეში ჩართული საფარის იურისტი ნინო ანდრიაშვილი „ქინდერლის“ ხელმძღვანელობის დაკავებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, რადგან მათ ახალი კომპანია დაარსეს და აგრძელებდნენ იმავე უკანონო საქმიანობას“, – წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია კვლავ ითხოვს, რომ საქმეს ტრეფიკინგის კვალიფიკაცია მიენიჭოს.