„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს

პუბლიკა

საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თამარ ტალიაშვილის დაბარება უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებებს „ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების“ შესახებ.

„ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები უპასუხისმგებლოდ ავრცელებენ მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რამაც გამოიწვია საზოგადოების შევიწროებისა და დაშინების კამპანია, რომელიც მთლიანად ცრუ ინფორმაციაზეა დაფუძნებული“, – უპასუხა აშშ-ის საელჩოს სპიკერმა წერილობით „რადიო თავისუფლების“ შეკითხვას.

გამოცემის ინფორმაციით, საელჩოს სპიკერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიბარა საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, რათა „სერიოზული წინააღმდეგობა გამოეთქვა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომლებიც აძლიერებენ მედიაში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც არასწორად ახასიათებს აშშ-ის მთავრობის რუტინულ ფინანსურ ტრანსფერებს აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი თანამშრომლების მიმართ“.

ტალიაშვილის სახელმწიფო დეპარტამენტში დაბარებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და ინფორმაციას „ტყუილი“ უწოდა.

მისი მტკიცებით, თამარ ტალიაშვილს „არაერთი შეხვედრა ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა, ის არც ერთხელ არ დაუბარებიათ”.

„ეს არის ტყუილი. საქართველოს ელჩი აშშ-ში არ დაუბარებიათ. მე მქონდა არაერთი საუბარი ქალბატონ თამარ ტალიაშვილთან. მას ჰქონდა არაერთი შეხვედრა ამ დღეების განმავლობაში. ის არ დაუბარებიათ არც ერთხელ.

დაბარება არის სპეციალური დიპლომატიური პროცედურა, დიპლომატიური ზომა, ის არ დაუბარებიათ არც ერთხელ. მას მრავალი შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის ერთ-ერთი შეხვედრა იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთანაც. რაც შეეხება თვითონ კომუნიკაციას, ეს არის დახურული ინფორმაცია და ამაზე ლაპარაკი ჩვენ არ შეგვიძლია, დახურული საუბარი უნდა დარჩეს დახურულ საუბრად.

ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ყველაფერთან დაკავშირებით სხვადასხვა ფორმატში. მათ შორის, ელჩი ძალიან აქტიურად მუშაობს ამ თემებზე. ჩვენ გულწრფელად ვესაუბრებით ერთმანეთს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოგვწონს, რა არ მოგვწონს და ა.შ. ეს ყოველთვის ძალიან გულწრფელი საუბრებია”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.