ირაკლი კობახიძე რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს ემუქრება.
სამთავრობო პროპაგანდისტული „რუსთავი 2-ის” ეთერში „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ იქნება „ნული თანაგრძნობა”.
„ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად. დაცული იქნება ძირითად უფლებების სტანდარტები, მაგრამ კიდევ ერთხელ – ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ.
არ გამოვრიცხავ, რომ იმ ადამიანებს შორის, იქ რომ დგას 150 კაცი, 10-15 ადამიანი იყოს გულწრფელი სულელი, მაგრამ მათ მიმართაც ჩვენი თანაგრძნობა იქნება ნული. სისულელეც არის დასჯადი, როცა შენ უპირისპირდები ეროვნულ ინტერესებს. როცა ხვდები, რომ ინტელექტი არ გაქვს მაგდენი, რომ ელემენტარული გაიაზრო, რომ უცხოური დავალებებით მოქმედ სცენარში ხარ ჩაწერილი, ესეც არის ერთგვარი დანაშაული, ამიტომ თანაგრძნობა მათ მიმართაც ვერ იქნება.
შეკრებაც შეიძლება შეიზღუდოს, მით უმეტეს, რომ რა შეკრებაც იმართება ამ ერთი წლის განმავლობაში, ის კანონის და საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ექვემდებარება შეზღუდვას, როცა არ ხარ საკმარისი რაოდენობით…”.
კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ქართული ოცნების” მეთოდური მიდგომით რუსთაველის პროტესტის მონაწილეები მიიღებენ „პასუხს იმ ერთწლიან ასკაციან ძალადობაზე, რომელსაც ისინი სჩადიან ქვეყნის ეროვნული ინტერესების და ეკონომიკის წინააღმდეგ”.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ რუსთაველის გამზირი პროტესტის ნიშნად ყოველდღიურად იკეტება – ამ დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს.