„პირბადეების საქმესთან“ დაკავშირებით 6 ოქტომბერს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გიორგი ქადაგიძე გამოიკითხა. მედიასთან მან თქვა, რომ კითხვები ეხებოდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს, ასევე გადარიცხვებს:
„ყველა კითხვა შეეხებოდა ჩემს ფეისბუქპოსტებს და რას ვგულისხმობდი ფეისბუქპოსტების ქვეშ. ჩემი ყველა ფეისბუქპოსტი არის საჯარო. შესაბამისად, ყველა ეს კითხვა ეხებოდა ჩემ მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს, რომლებსაც ვაკეთებ სოციალური ქსელის მეშვეობით. დაფინანსებასთან დაკავშირებითაც იყო კითხვები, ზუსტად იგივე გავიმეორე, რასაც სულ ვამბობ – დიახ, მაქვს გადარიცხული რამდენიმე ათასი ლარი დახმარების ფონდებში ნაცემი, ნაწამები ადამიანების დახმარებისთვის“.
პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ თქვა, რომ ქადაგიძეს პირადი გადარიცხვები აქვს „ადამიანის უფლებათა სახლისთვის“:
„მისთვის ისიც ცნობილი იყო, რომ ამ ორგანიზაციას გამოცხადებული ჰქონდა, რომ იხდიდა ჯარიმებს. თუმცა მან აღნიშნა, რომ მისი მიზანი იყო ის, რომ დახმარებოდა ადამიანებს და სხვა ორგანიზაციას რა მიზნები ჰქონდა, მისთვის უცნობია“, – თქვა პროკურორმა.
მან ასევე თქვა, რომ ქადაგიძე საუბრობდა აქციაზე „ზღვა ხალხის“ გამოსვლაზე და ხელისუფლების „დამხობაზე“, ასევე გაფიცვაზე, სისტემის ჩამოშლაზე და შეცვლაზე.
7 აგვისტოს ქართული ოცნების“ პროკურატურამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაადეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს. უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული ის გახლავთ, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირებისას“.
პროკურატურა დანაშაულად მიიჩნევს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაჯარიმებულების იურიდიულ დახმარებასაც.
აქამდე გამოკითხვაზე უკვე იყვნენ ISFED-ის ყოფილი დირექტორი ნინო დოლიძე, მოქმედი დირექტორი ლევან ნატროშვილი, „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, „საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია, „ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” ხელმძღვანელი ლელა ცისკარიშვილი, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი – ნანუკა ჟორჟოლიანი.
გამოძიება, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები დააყადაღეს, „ქართული ოცნების” პროკურატურაში 2025 წლის 8 თებერვალს დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321/1 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.
გამოძიება „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას ეხება”.
ამ გამოძიების ფარგლებში 2025 წლის მარტში დააყადაღეს საქველმოქმედო ფონდების ანგარიშებიც.
„ქართული ოცნების” ეს გამოძიება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომელიც, თავის მხრივ, გამოიწვია ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებამ – კობახიძემ პარტიის სახელით თქვა, რომ „ქართული ოცნება” აჩერებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრების შესახებ.