პროკურატურის ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მომხდარი ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და მათზე ძალადობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 12 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ბრალდებულმა ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტს და ოპერატორს მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათ კამერა და ტელეფონის წაართვა.
„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს უწყება.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
12 მაისს „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს მარტყოფში თავს დაესხნენ, წაართვეს ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილსა და ოპერატორ ნუკრი ქაფიაშვილს.
როგორც ჟურნალისტი აცხადებს, ისინი გადაღებაზე მარტყოფში იმყოფებოდნენ – ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის გადადგომის მიზეზების გასარკვევად მის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ, რა დროსაც გიორგი შინჯიკაშვილის მამა მათ თავს დაესხა.