4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 46 პირი დააკავა.
მათ შორის არის „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ 5 წევრი – მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
რაც შეეხება დანარჩენ 41 პირს, ორი მათგანის გარდა ყველას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
„პუბლიკა”, ადვოკატებზე დაყრდნობით, გთავაზობთ მათ შესახებ მოკლე სახის ბიოგრაფიულ მონაცემებს:

1 – ალექსანდრე გოგოლაძე – ის 63 წლისაა. ცხოვრობს თბილისში. ადვოკატის ცნობით, არის ონკოლოგიური პაციენტი, გადატანილი აქვს გულის ინფარქტიც; აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.
„მე ჩემი მხრივ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დიდ უხერხულობას მანიჭებს, რომ დამატებითი ყურადღება დამჭირდეს იქ, სადაც უნდა ვიყო, კამერაში. დამატებითი ყურადღება, დამატებითი კარების გაღება და რამე. პლუს ამას, წამლები, თვითონ პროცედურულადაც ჩემი მკურნალობის სპეციფიკა და იმ კამერაში არსებული ხალხის უხერხულობა ჩემ გამო. მე დაახლოებით, საათნახევარში ერთხელ აუცილებლად უნდა ავდგე, გავიარო, ვარჯიში გავაკეთო, რომ ცოტა უკეთესად ვიგრძნო თავი. ესაა, ქალბატონო მოსამართლე”, – განაცხადა მან პროცესზე.
2 – სერგო მეგრელიშვილი – ის 45 წლისაა; არის დევნილი, ცხოვრობს სამტრედიაში – დევნილთა დასახლებაში. აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი. ოჯახში 4 წევრია, ცოლსა და დედას აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები. მუშაობდა ყოველდღიურ სამუშაოზე – დღეში 20 ლარად – თვეში მაქსიმუმ 500-600-ლარიანი შემოსავალი მაქვსო. არის ოჯახის მარჩენალი.
3 – ვახტანგ ფიცხელაური – 33 წლის; დაოჯახებული – ჰყავს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი. ოჯახში ერთადერთი მარჩენალია; არის ტელეფონების შემკეთებელი, ხელოსანი – „თავს ირჩენს ყოველდღიური შრომით და ყოველდღიური ჯაფით“. დააკავეს მაშინ, როცა შვილის ბაღიდან გამოსაყვანად მიდიოდა.
4 – ევა შაშიაშვილი – 47 წლის. ჰყავს მძიმედ ავადმყოფი ქალიშვილი, რომელიც საჭიროებს მზრუნველობას;
ადვოკატი მარიამ ხაჭაპურიძე ამბობს, რომ როცა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულ ევა შაშიაშვილს საპატიმროში შეხვდა, მას „ეცვა რამდენიმე ზომით დიდი შარვალი, რამდენიმე ზომით დიდი ქურთუკი, ქამრის ნაცვლად იყენებდა ერთჯერადი ცელოფნის ერთმანეთზე გადაბმულ პარკებს, ხოლო ფეხზე ეცვა დაგლეჯილი ფეხსაცმელი, საიდანაც თითები უჩანდა”.
ამ ინფორმაციას სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დღეს „ცრუ” უწოდა და თქვა, რომ „ბრალდებული ევა შაშიაშვილი N5 პენიტენციური დაწესებულების მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებით, ხოლო ბრალდებულის მოთხოვნის შემთხვევაში დაწესებულება მას დამატებით უზრუნველყოფს სეზონის შესაფერისი ტანსაცმლით/ფეხსაცმლით”.
5 – დავით სტურუა – 24 წლის. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამჟამად სტატუსი აქვს შეჩერებული. არის სამტრედიიდან, თბილისში ცხოვრობს ქირით; მუშაობს „სპარში” მოლარე-კონსულტანტად და ფინანსურად ეხმარება ასაკოვან მშობლებს. მუშაობდა, რათა გადაეხადა სწავლის საფასური, ქირა და დახმარებოდა ოჯახს; „300 დღეზე მეტია დავითი პროტესტში არის ჩართული“.
6 – მანუჩარ მიქელაძე – 40 წლის; შუახევიდან. დაოჯახებული, ჰყავს ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი 8 და 11 წლის; მამა უმუშევარი და დედა ონკოპაციენტი; თბილისში ცხოვრობს ნაქირავებში; არის თვითდასაქმებული, მუშაობდა ტაქსის მძღოლად ნაქირავებ მანქანაზე.
7 – კახაბერ მჟავანაძე – 58 წლის; ცხოვრობს ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელისრითში; უმუშევარი. ჰყავს მეუღლე და ორი სტუდენტი შვილი. ცოლს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც ყოველდღიურ ჩართულობას საჭიროებს.
„ჩემი მეუღლე საავადმყოფოში წევს, ოპერაცია დაჭირდა და დიალიზზე არის უკვე ერთ კვირაა, დიალიზის დანიშვნა ნიშნავს, რომ ყოველდღე უნდა ატარო ქუთაისში – აი ეს მაქვს ოჯახში, და მე ჩემი პრობლემები მაქვს – სისხლძარღვების შევიწროება მაქვს ფეხებში და მოძრაობა მიჭირს. დანარჩენი მდგომარეობა ჩემი აგიხსენით. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, აგერ არის ჩემი ორი ბიჭი, სახლში არიან ორივე, ერთი მაგისტრატურას ამთავრებს… თუ გამოიყენებთ გირაოს, დამალავი რომ არ ვარ გიდასტურებთ, ისედაც და ასედაც”, – განაცხადა მან პროცესზე.
8 – აბო ნავერიანი – 43 წლის; მესტიიდან, სოფელი ლენჯერი. აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა თბილისში.
9 – თორნიკე მჭედლიშვილი – 27 წლის; თბილისიდან.
„თუ არ ვცდები, დგებუაძეა, ვის კაბინეტშიც ვიყავი. რაც ენაზე მოადგა, ყველაფერი მითხრა. მუქარა, ციხეში რა შეიძლება მომივიდეს მე, ბოდიში და პირდაპირ გიხმართ და ა.შ. ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია”, – თქვა მჭედლიშვილმა.
10 – ბექა მაჭავარიანი – 35 წლის; დედა ემიგრაციაშია, ჰყავს მამა, რომელსაც აქვს გადაადგილების პრობლემა. თავად თვითდასაქმებულია, პერიოდულად მუშაობს ტაქსის მძღოლად. აქვს ჯანმთელობის პრობლემა, ადვოკატი სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნას განიხილავს.
11 – გიორგი რურუა – 38 წლის; ჰყავს მეუღლე და 2 წლის შვილი; გაიზარდა ობლად, დეიდისა და ბებიის მიერ; განათლებით იურისტია, ბოლოს მუშაობდა დომინოს საწყობში, ოჯახს თავად არჩენს; აქვს ნერვალგია და ნეფრიტის რისკი;
„მე იმ პროცესებში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია, რასაც ბრალდება ამბობს, რომ იქ ქვის სროლა მოხდა, პოლიციელთან შეტაკება, პოლიციელზე ძალადობა, პოლიციელის მიმართ საგნის სროლა და ა.შ.
მსგავსი არც ერთი ქმედება არ მომხდარა ჩემ მიერ, შესაბამისად, რელევანტური უნდა იყოს ბრალდებისთვის პირის ქმედება და არა პირობითად, ის რას იზამდა ან რა შეიძლება, გაეკეთებინა ან ხვალ რა შეიძლება, მოხდეს”, – განაცხადა მან პროცესზე.
12 – ალექსანდრე ხაბეიშვილი – 35 წლის; აბაშიდან: სოციალურად დაუცველი; ჰყავს 4 შვილი; ჯანმრთელობის პრობლემები აქვს თავადაც და მის მცირეწლოვან შვილსაც, რომელიც საჭიროებს საზღვარგარეთ პერიოდულ მკურნალობას, თურქეთში. ალექსანდრეს დაჰყავდა სამკურნალოდ. არის თვითდასაქმებული, მუშაობდა დროებით სამუშაოებზე.
13 – დავით ჟღენტი – 49 წლის, თბილისიდან. პროფესიით მოქანდაკე, უმუშევარი. ცხოვრობს ასაკოვან მშობლებთან ერთად.
„კეთილი სურვილებით მივდიოდი, ბუშტები მქონდა და სულ სხვა გარემოში მივდიოდი. მივედი რობოკოპებთან, ჩვენები ხართ, რა გჭირთ, რა გაჩხუბებთ-მეთქი. არაფერი არ შემიგინია, არც ქვა მისვრია. აქეთ მცემეს და აქეთ უნდა დამიჭირონ 6 წლით“, – განაცხადა მან პროცესზე.
14 – გოჩა ყატაშვილი – 52 წლის, ჰყავს მეუღლე და 4 შვილი, აქედან 2 სტუდენტია და 2 სკოლის მოსწავლე. ცხოვრობს სიღნაღის რაიონ სოფელ საქობოში. ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, თვითდასაქმებული. წლების წინ ჰქონდა C ჰეპატიტი, ჩართული იყო პროგრამაში, თუმცა „ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდა”, საჭიროებს მუდმივ კვებით რეჟიმს, რათა არ გახდეს პროგრესირებადი მისი მდგომარეობა. მის ერთ-ერთ შვილს აქვს გულის პრობლემები, სუნთქვის უკმარისობა, მეუღლესაც აქვს ჯანმრთელობის საყურადღებო მდგომარეობა.
15 – სულხან აბრალავა – 48 წლის, ჰყავს მეუღლე და 6 წლის შვილი. მუშაობდა მშენებლობაზე – არის თვითდასაქმებული, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. თირკმელზე აღმოაჩნდა ავთვისებიანი წანაზარდი, რომელზეც ოპერაცია გაიკეთა და ყოველდღიურად იღებს წამალს. მისი ოჯახი თბილისში ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, ხოლო დედა წალენჯიხაში.
16 – ზურაბ ჭავჭანიძე – ბათუმელი მედროშე 59 წლის, სოხუმიდან დევნილის სტატუსისმქონე, ცხოვრობს ბათუმში მეუღლესთან ერთად. თვითნასწავლი მხატვარია, აკეთებდა სხვადასხვა ნაკეთობას, რომლებსაც ყიდდა დამატებითი შემოსავლისთვის. დევნილის სტატუსის შესაბამისად დანიშნული ჰქონდა 45-ლარიანი დახმარება.
„მთელი ცხოვრება კანონმორჩილი ადამიანი ვიყავი, ვეწინააღმდეგები ძალადობას, მივიჩნევ, რომ სიყვარულის დესპანი ვარ. მთელი ცხოვრების განმავლობაში პატიოსან, კანონმორჩილ ადამიანად ვითვლები. არანაირად ჩემში არ ზის ის, რომ ვიყო მოძალადე”, – თქვა მან პროცესზე.

17 – ნანა სანდერი – 36 წლის აქტივისტი. ის საზოგადოებას აქციებიდან ახსოვს დიდი სათამაშო დათუნიით, რომელიც თან ჰქონდა ხოლმე. მუდმივი საცხოვრებელი აქვს გერმანიაში, ჰყავს გერმანელი მეუღლე. საქართველოში ბოლოს პირველ ოქტომბერს ჩამოვიდა 4 ოქტომბრის აქციისთვის.
მას პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. ბრალდების მხარის თქმით, ის სოციალური ქსელის მეშვეობით აგროვებდა თანხას აქციის მონაწილეებისთვის ინვენტარის შესაძენად, „რათა მათ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები”. დაცვის მხარის თქმით, საქმის მასალებით რაიმე სახის ძალადობრივი მოქმედების ორგანიზება ვერ დგინდება.

18 – ირაკლი ჩხვირკვია – 38 წლის. გასულ წელს დაბრუნდა საზღვარგარეთიდანსაქართველოში, რადგან დედამისს გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და საჭიროებდა მოვლას. ასევე ჰყავს 87 წლის ბებია ჯანმრთელობის პრობლემებით. ირაკლი იყო მათი ერთადერთი მომვლელიც და მარჩენალიც.
„კიბატონო, ვიმყოფებოდი. მე ხო არ ვმალავ, რომ ვიმყოფებოდი. არც იმას ვმალავ, რომ დიდი სურვილი მაქვს, ეს ხელისუფლება შეიცვალოს. კიბატონო, მაქვს სურვილი, მაგრამ ეს ხომ დანაშაული არ არის. არც იმას ვმალავ, რომ არჩევნებზეც მივალ და წინააღმდეგ მივცემ ხმას. არც ეს არ არის დანაშაული. სურვილი მქონდა, რომ ცვლილებები მომხდარიყო ქვეყანაში, დღესაც მაქვს, ხვალაც მექნება და ზეგაც რომ რაღაც მოხდება, იმისი შეცვლის სურვილიც მექნება….”, – აღნიშნა მან პროცესზე.
19 – გიორგი კირვალიძე – 38 წლის პროფესიონალი სპორტსმენი, მოკრივე, საქართველოს ყოფილი ჩემპიონი. ჰყავს ხანშიშესული მშობლები, ამჟამად ცხოვრობს ახალციხეში – „ თავისი სახსრებით აშენებს სავარჯიშო დარბაზს და უსასყიდლოდ ავარჯიშებს ბავშვებს”.
„ეს არის პროფესიონალი სპორტსმენი, მოკრივე, საქართველოს ყოფილი ჩემპიონი, ადამიანი, რომელიც თავისი სახსრებით აშენებს ახალციხეში დარბაზს და სრულიად უსასყიდლოდ ავარჯიშებს ბავშვებს. დღეს მხოლოდ ერთი ადამიანი არ გაუშვეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში, დღეს ასევე უამრავი ბავშვის ტრენერი გაუშვეს ციხეში და ხანში შესული მშობლების შვილი გაუშვეს ციხეში, შაბლონური დასაბუთებით.
არანაირი ინდივიდუალური დასაბუთება ან მიმალვის საფრთხის, ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხის, ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის ამ ადამიანის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. როგორ შეიძლება ვისაუბროთ მიმალვის საფრთხეზე, როცა ვხედავთ ადამიანს, რომელიც თავისი ნებით გამოცხადდა პოლიციაში და არანაირი წინააღმდეგობა არავისთვის არ გაუწევია“, – თქვა ადვოკატმა.
20 – ლევან ჯიქია – 55 წლის, ამჟამად უმუშევარია. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.
21 – ლაშა ივანაძე – ორი მცირეწლოვანი შვილის მამაა.
„მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. მათ ჩემს მეტი მარჩენალი არ ჰყავთ. მთელი ცხოვრებაა ფიზიკურად მიწევს შრომა და ფული მიმაქვს სახლში ლუკმა-პურისთვის”, – თქვა მან პროცესზე.
22 – გიორგი მულაძე – 40 წლის გეოფიზიკოსი. ჰყავს ცოლ-შვილი.
23 – კობა ეპიტაშვილი – 64 წლის, ცხოვრობს თბილისში; მუშაობს სარემონტო სამუშაოებზე.
24 – ნიკა გვენცაძე – 50 წლის მარკეტერი. დაუოჯახებელი. წლების განმავლობაში მუშაობდა კომპანია „ჯეოსელში” და კითხულობდა ლექციებს „ჯიპაში“.
25 – მამუკა ლაბუჩიძე – 49 წლის. დაუოჯახებელი, აქვს უმაღლესი განათლება. ცხოვრობს თბილისში ხანდაზმულ მამასთან და ძმასთან ერთად. ამჟამად დასაქმებულია სამშენებლო სფეროში.
26 – ბექა ქელეხსაშვილი – 21 წლის. აქვს საშუალო განათლება. არის თვითდასაქმებული,არ აქვს სტაბილური საქმიანობა, უმუშავია მაღაზიაშიც, დაცვაშიც და delivery-ზეც . ჰყავს დედა და ორი და – 3 და 20 წლის.
27 – საბა კორძაია – 25 წლის, ბოლო პერიოდი პარლამენტის წინ კარავში ცხოვრობდა. სენაკში ჰყავს აღმზრდელი ბებია, რომელიც არის ონკოპაციენტი, რომელსაც ფინანსურად ეხმარება; ბებიას გამოტანილი ჰქონდათ საპენსიო სესხი მისი სწავლისთვის, რასაც დღემდე იხდიან. მიუხედავად ამისა, სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო და ამჟამად მას სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს. ასევე ჰყავს 3 წლის შვილი. მუშაობდა სხვადასხვა სამუშაოზე.
28 – ვლადიმერ გველესიანი – 43 წლის. დაუოჯახებელი, ცხოვრობს თბილისში და უვლის ავადმყოფ დედას.
29 – გურიელ ქარდავა – 36 წლის, სოხუმიდან, ცხოვრობს ხობში, დაუოჯახებელი, იყო წინა მოწვევის ხობის საკრებულოს წევრი;
30 – კონსტანტინე კოკაია – 64 წლის, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით. ადვოკატის ცნობით, მას გაკეთებული აქვს გულის შუნტირება, 5 შუნტი ადევს და ესაჭიროება მუდმივი ზედამხედველობა, მკაცრი კონტროლი და მუდმივი მედიკამენტოზური მკურნალობა.
ამასთან, ადვოკატის ცნობით, მას 4 ოქტომბრის აქციაზე თვალებში შეასხეს წიწაკის სპრეი და მყარი საგანი ჩაარტყეს სახისა და კისრის არეში. ადვოკატი ამბობს, რომ ამის შემდეგ მას მხედველობა ერთ თვალში მკვეთრად გაუარესებული აქვს.
„ეს ყოველი დღე ძალიან მძიმე გადასატანი იყო. ყოველ დღე ოპერაციის მერე 5 კილომეტრს ფეხით გავდივარ, უჰაერობის გამო ყოველ დილით და საღამოს 180-200 წნევა მაქვს. გთხოვთ არ დამაპატიმროთ და ჩემს შვილებთან და შვილიშვილებთან მომცეთ უფლება, რომ ვიყო“, – თქვა მან.
31 – გენადი კუპრეიშვილი – 44 წლის დევნილი აფხაზეთიდან, ცხოვრობს სენაკში.
„სენაკში ვცხოვრობ, ყველა დამეთანხმება, ყველა ხელს მომიწერს, არსად გამქცევი მე არ ვარ და ჩემს პატიოსნებაზე ყველამ იცის. ცუდი ადამიანი არ ვარ. მყავს პენსიონერი დედა, რომელსაც გამოტანილი აქვს 20 000 ლარი, ამ ფულს მე ვიხდიდი და თუ არ გადავიხდი დედაჩემს ჩამოუჭრიან პენსიას და შემოსავლების გარეშე რჩება. მყავს სოციალურად დაუცველი და და დისშვილები, რომლებსაც მე ვუწევ დახმარებას”, – თქვა მან პროცესზე.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში მისი ოჯახის დასახმარებლად თანხის შესაგროვებლად კამპანიაც დაიწყო.
32 – ია დარახველიძე – 40 წლის. ბრენდინგის სპეციალისტი, მუშაობს სარეკლამო ბიზნესში და ასევე არის მუსიკოსი.
აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო – 10 000 ლარი. საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვა. საპატიმრო გირაოს გამოყენება პროკურატურამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იშუამდგომლა – მას აქვს ეპილეფსია, დაკავების შემდეგ იზოლატორშიც ჰქონდა გულყრა.
33 – ხვიჩა გოგოხია – 52 წლის. ჰყავს მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი და ხანდაზმული მშობლები. არის თვითდასაქმებული, ხელოსანი.
34 – სულხან ტუღუში – 41 წლის, თვითდასაქმებული. ამჟამად ცხოვრობს თბილისში;
35 – ავთანდილ სურმანიძე – 30 წლის უკრაინაში მებრძოლი, რამდენჯერმე იყო დაჭრილი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, მიღებული აქვს კონტუზია. მინიჭებული აქვს შშმ პირისა (მესამე ხარისხი) და ვეტერანის სტატუსი უკრაინაში. ადვოკატის ცნობით, ახლახანს გადიოდა კომისიურ შემოწმებას შშმ პირის სტატუსის
ხარისხის დასაზუსტებლად, ვინაიდან მისი მდგომარეობა შეესაბამება პირველ, უფრო მძიმე ხარისხს. სურმანიძის ოჯახი ცხოვრობს ხულოში, აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი.
36 – რამაზ მამულაძე – 44 წლის. აქვს დიაბეტი; დედა უსინათლო, შშმ პირის სტატუსის მქონე. ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე. წლების განმავლობაში იყო სკოლის დირექტორი;
37 – ზაქრო ალბუთაშვილი – 66 წლის. აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, სიმსივნე. ერთი თირკმელი სრულად აქვს ამოკვეთილი, მეორე თირკმელზე დაწყებული აქვს პრობლემები.
„ასეთი ადამიანის პატიმრობა შესაძლებელია ფატალურად დასრულდეს”, – მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს პირველი წარდგენის სხდომაზე.
38 – გიორგი ქორქია – 54 წლის, ცხოვრობს თბილისში.
39 – ამირან დოლიშვილი – 22 წლის. ცხოვრობს მცხეთაში.
„დააკავეს მისი არასრულწლოვანი ძმის თანდასწრებით, 12 წლის ძმა იმყოფებოდა სახლში მხოლოდ. დაკავებისას ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას… ამბობს, რომ ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა დაარტყა სახეში საკმაოდ მძიმედ დაკავების დროს”, – აღნიშნა მისმა ადვოკატმა.
40 – გიორგი ჩახუნაშვილი – 71 წლის. პედიატრი. შეეფარდა საპატიმრო გირაო 20 000 ლარის ოდენობით, პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა.
„მე არ ვთვლი, რომ დანაშაული ჩავიდინე. კითხვაზე, ვიყავი თუ არა იქ? – ყოფნით იქ ვიყავი. რას ვაკეთებდი? – მე დანაშაული არ ჩამიდენია, მარტო ვასრულებდი ჩემს სამედიცინო მოვალეობას. აქციის დაწყებიდან, მის დასრულებამდე – ჩავატარე პირველადი სამედიცინო დახმარება და დღესაც რომ იყოს იგივე მდგომარეობა, იმავეს ვიზამდი”, – განაცხადა მან პროცესზე.
41 – ალექსანდრე ჩილაჩავა – ზუგდიდელი აქტივისტი, რომელიც 300 დღეზე მეტია აპროტესტებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. უმუშევარია, ჰყავს დედ-მამა და ემიგრანტი ძმა.
მათ ნაწილს ბრალი ორი მუხლით ედება:
- სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
- ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;
ნაწილს კი მხოლოდ:
- ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;