მიქანაძე: მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები რჩებოდნენ საქართველოში, იღებდნენ უმაღლესი სტანდარტის ცოდნას

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე მათ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ქართველი ახალგაზრდები  საქართველოში რჩებოდნენ და აქ მიიღონ „უმაღლესი სტანდარტის ცოდნა“, როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო დონეზე.

მიქანაძის განცხადებითვე, სახელმწიფო უნივერსიტეტები მაქსიმალურად ორიენტირებულები უნდა იყვნენ იმაზე, რომ სახელმწიფო დაკვეთა შეასრულონ და სახელმწიფო დაკვეთა ბაზრის მოთხოვნებიდან უნდა მომდინარეობდეს:

„განისაზღვრა მუდმივ რეჟიმში ბაზრის კვლევის აუცილებლობა და საჭიროება იმისთვის, რომ ჩვენ  დავსახოთ მიზნად, თუ რომელი პროფესიის მიხედვით რა რაოდენობის კვალიფიციური კადრების გამოშვება უნდა მოახდინონ კონკრეტულმა უნივერსიტეტებმა და შესაბამისად, სახელმწიფო უნივერსიტეტები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებული იმაზე, რომ სწორედ სახელმწიფო დაკვეთა შეასრულონ და სახელმწიფო დაკვეთა კი უნდა მომდინარეობდეს ბაზრის მოთხოვნებიდან.

რეფორმის ფარგლებში გადახალისდება ის მოცემულობა, რაც კონკრეტული მიმართულებით პროფესორ-მასწავლებლების საჭიროებასთანაა დაკავშირებული. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ის დეფიციტური მიმართულებები, სადაც არ გვყავს შესაბამისი კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებლები და უნდა მოვახდინოთ საზღვარგარეთიდან შესაბამისი ცოდნის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებლების ჩამოყვანა.

მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ახალგაზრდები რჩებოდნენ საქართველოში, იღებდნენ უმაღლესი სტანდარტის ცოდნას, როგორც სასკოლო დონეზე, ასევე უმაღლესი სასწავლებლების დონეზე. სწორედ ამიტომ არის ინიცირებული უმაღლესი განათლების რეფორმა“, – ამბობს გივი მიქანაძე. (სტილი დაცულია)