შემოსავლების სამსახური: არც ყულევში შემოსული KAYSERI, არც ტვირთის მფლობელი სანქცირებული არაა

პუბლიკა

შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ ყულევის ნავსადგურში რუსეთიდან შემოვიდა თბომავალი KAYSERI.

უწყება აცხადებს, რომ ხომალდი დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი.

დღეს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსულმა ნავთობკომპანია „როსნეტფმა“ საქართველოში, ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია შემოიტანა. „როსნეფტი” 15 ოქტომბერს დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა.

შემოსავლების სამსახურმა არ დაასახელა, რომელი კომპანიის ნავთობია ხომალდზე – „თავი შეიკავა საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან”.

თუმცა, უწყება ამტკიცებს, რომ „გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.

„აქედან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია ერთი წლის წინ, 2024 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა.

2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ყულევის ქარხნის ოპერატორი და პროექტის ავტორი არის კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“, რომლის დამფუძნებელიც მაკა ასათიანია.

BMG-ის თანახმად, ბიზნესრეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია შპს „ბლექ სი პეტროლიუმი” 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანიის გენერალური დირექტორი ვახტანგ ჩახნაშვილია, ხოლო დირექტორი – მიხეილ ჭკუასელი. შპს „ბლექ სი პეტროლიუმ”-ში 70%-იანი წილი ბიზნესმენ მაკა ასათიანს ეკუთვნის, ხოლო 30%-იანი წილი შპს TRADE STONE IBERIA-ს. უშუალოდ TRADE STONE IBERIA-შიც 70%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანია, 10%-იანი წილი კი სოფიო თავართქილაძეს ეკუთვნის, 20% კი შპს „თრეიდ სთოუნ იბერიას“.