პროკურატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„პროკურატურას ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს განცხადებით მიმართა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული, თბილისში კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებისა და სპორტული მოედნების) შპს „საქართველოს უნივერსიტეტზე“ უკანონო პრივატიზების ფაქტებზე მიუთითებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 24 ოქტომბერს დაიწყო.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ 17 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართა. უნივერსიტეტი პროკურატურისგან მოითხოვს, რომ ქონებას, რომელიც, გურგენიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახმა მიიტაცა, ყადაღა დაადონ და შემდგომ კვლავ ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუბრუნდეს.
„მოგეხსენებათ რომ, წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების უდიდესი ნაწილი, ფაქტობრივად, მიტაცებული იქნა ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის მიერ… არის ეჭვი იმისა, რომ იყო სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაული. ამიტომ, ჩვენმა უნივერსიტეტმა, პირადად მე, უნივერსიტეტის კანცლერმა და კოლეგიალურმა ორგანოებმა, აკადემიურმა საბჭომ, წარმომადგენლობითმა საბჭომ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, მიგვემართა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის… საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არც ერთი კაპიკი არ მიუღია, მან გადაიხადა თუ არა ბიუჯეტში, ეს უკვე გენერალური პორკურატურის მოკვლევის საგანია“, – თქვა დავით გურგენიძემ.
მისი თქმით, საუბარია „უდიდეს“ ტერიტორიაზე, რომელიც ისტორიულად საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტისაა, დაახლოებით 22 000 კვადრატული მეტრი.
დავით გურგენიძის განცხადებას გამოეხმაურა „საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორი, კონსტანტინე თოფურიაც. მისი განცხადებით, შენობები, რომლებზეც გურგენიძე საუბრობს, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება იყო და ისინი „საქართველოს უნივერსიტეტმა“ აუქციონზე შეიძინა რამდენიმე მილიონად.
„რაც შეეხება 1 ლარად შეძენას, ეს არის უტიფარი ტყუილი, რომელიც წლების განმავლობაში მეორდება. ჩვენ არაერთხელ სასამართლოში გავასაჩივრეთ ეს, თუმცა რეაგირება არ ჰქონიათ. ეს ქონებები, თვითონ გურგენიძეც აღიარებს და მისი პრორექტორი კოპალიანიც აღიარებს, რომ იყო რამდენიმე მილიონად შეძენილი თავის დროზე.
როცა საუბრობენ, რომ „ტექნიკურ უნივერსიტეტს“ კაპიკი არ მიუღია, ეს ლოგიკურია, წულუკიანმაც განუმარტა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა ეს ქონებები და შესაბამისად, ფული შეუვიდა ეკონომიკის სამინისტროს. ეს ქონება იყო არა „ტექნიკური უნივერსიტეტის“ საკუთრება, არამედ ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება. ეს იყო დაუმთავრებელი მშენებლობები, აქ არასდროს „ტექნიკური უნივერსიტეტი“ არ ეწეოდა სასწავლო საქმიანობას, არც კვლევითს. ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს დაუმთავრებელი მშენებლობები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაყიდა და საქართველოს უნივერსიტეტმა რამდენიმე მილიონად შეიძინა“, – თქვა თოფურიამ.
ამ საკითხზე შეკითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ერთ ლარად გადაეცა მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრს და ამ საკითხის შესწავლა „საინტერესო იქნებოდა“.