მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნინო დათაშვილს პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა მასწავლებელ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა – დათაშვილი პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღესვე დატოვებს.

გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განისაზღვრა. საქმეზე შემდეგი პროცესი 13 ნოემბერს ჩაინიშნა.

ნინო დათაშვილმა დღევანდელ სხდომაზე ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო მისვლა ვერ შეძლო და პროცესს დისტანციურად დაესწრო.

„მე ვენდობი ჩემს ადვოკატებს, ბრწყინვალი ადვოკატები მყავს, ვენდობი მათ, იბრძვიან ჩემი უფლებების დასაცავად… ჩემი გადარჩენაა აქედან გაშვება დღეს, მადლობა. მადლობა მინდა გადავუხადო ციხის ადმინისტრაციას, ექიმებს, მკურნალ ექიმს, ყველაფერს აკეთებდნენ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ არაფერი გამოვიდა, გაუარესდა და ახლა ორი ოპერაცია მჭირდება“, – თქვა ნინო დათაშვილმა პროცესზე.

აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის შესახებ განცხადება პროკურატურამ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაავრცელა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვდნენ ნინო დათაშვილის ადვოკატებიც.

„როგორც ბრალდების მხარისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადვოკატების, ოჯახის წევრებისა და მეგობრების განცხადებით, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში მკვეთრად გაუარესდა და მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია ხერხემლისა და კისრის არეში.

მათივე ცნობით, დათაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები პატიმრობამდეც ჰქონდა და ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა პატიმრობის შემდეგ კიდევ უფრო გართულდა მისი მდგომარეობა.

ნინო დათაშვილი 1 თვეა, რაც ვეღარ ახერხებდა სასამართლო სხდომებზე დასწრებას.


სამოქალაქო განათლების მასწავლებელს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან. მას ბრალი სისხლს სამართლის კოდექსის 353/2 მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე ძალადობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს – ამ დღეს, როდესაც ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა, სინდისის 8 პატიმრის პროცესი მიმდინარეობდა.

დათაშვილი ამბობდა, რომ პირველ დარბაზთან, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, მეგობრის ნახვა სურდა, თუმცა მანდატურმა მას ამის საშუალება არ მისცა.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამის შემდეგ ნინო დათაშვილი პროტესტის ნიშნად ფანჯარასთან, რაფაზე ჯდება და იწყება სიტყვიერი დაპირისპირება დათაშვილსა და მანდატურს შორის, რის შემდეგაც მანდატური იწყებს ადგილიდან მის ძალით გაყვანას.

ნინო დათაშვილი არართგზის მიმართავს და მოუწოდებს მანდატურს, უთხრას, კანონის რომელი მუხლის საფუძველზე ეკრძალება ადგილზე ყოფნა.

ამის შემდეგ ადგილზე ჩნდება რამდენიმე მანდატური, რომლებსაც ძალის გამოყენებით მიჰყავთ დათაშვილი. კადრში ჩანს როგორც სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლა.

საბოლოოდ, მანდატურებმა ის ძალის გამოყენებით გაიყვანეს და სასამართლოს შენობა დაატოვებინეს.

დათაშვილმა მაშინ თქვა, რომ 112-ში დარეკა და ძალადობის შესახებ შეატყობინა, თუმცა, პოლიცია ადგილზე არ მისულა.

ნინო დათაშვილი 20 ივნისს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის ავტობუსის გაჩერებაზე იდგა.

დათაშვილისვე თქმით, დამკავებლებს მისთვის არ განუმარტავთ მუხლი, რომლის საფუძველზეც აკავებდნენ. ამასთანავე, მათ ხელიდან გამოჰგლიჯეს ტელეფონი და არ მისცეს ახლობელთან და ადვოკატთან დარეკვის საშუალება.