სააპელაციომ ანრი კვარაცხელიას განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა ძალაში დატოვა ანრი კვარაცხელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი – როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში.

„არ ინერვიულოთ, სამ წელში გამოვალ. უფრო მალეც გამოვალ. დედიკო მომიკითხეთ”, – თქვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ანრი კვარაცხელიამ.

პროკურატურა სააპელაციოში სასჯელის დამძიმებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი –  კვარაცხელიას უდანაშაულოდ ცნობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ ანრი კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ანრი კვარაცხელიას პროკურატურა მოლოტოვის კოქტეილის სროლით გდდ-ის თანამშრომლებისთვის საფრთხის შექმნას ედავებოდა, რაც პროკურატურის პოზიციით, პოლიციელზე თავდასხმას წარმოადგენს.

კვარაცხელიას საქმეში ფიზიკურად დაზიანებული პოლიციელი არ არსებობს.

საქმეზე დაზარალებულის სტატუსი გდდ-ის ორ თანამშრომელს აქვს – ესენი არიან ნიკა ჩავლეშვილი და სიმონ ღამბაშიძე. საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს დაკითხვისას მათ განაცხადეს, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის შედეგად გაჩენილი ცეცხლი ჩააქრეს, ვინაიდან თან ჰქონდათ ცეცხლმაქრი მოწყობილობები.

ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ დაზიანება არ მიუღიათ და რომ არ შეუძლიათ ამოიცნონ პირი, რომ რომელმაც ეს კონკრეტული აალებადი ნივთი ისროლა მათი მიმართულებით.