გერმანია: სასურველი სამიზნე რუსული დეზინფორმაციისთვის — ინტერვიუ მენდი განსკე-ზაპფთან

თამთა ნაჭყებია

გერმანელი ჟურნალისტი, პოლიტოლოგი და სკოლის საპილოტე პროექტის „არ გაყვე პროპაგანდას“ თანაავტორი მენდი განსკე-ზაპფი „პუბლიკასთან” ჰყვება, როგორ ვრცელდება რუსული დეზინფორმაცია გერმანიაში, რა კავშირი აქვს ამას რუსეთის ომთან უკრაინაში, გერმანული საზოგადოების რა შიშებს და სისუსტეებს იყენებენ რუსული აქტორები და რატომ ასწავლის ის კოლეგასთან ერთად სკოლის მოსწავლეებს მედიაწიგნიერებას. 

  • თქვენ სკოლებს სტუმრობთ და მოსწავლეებს რუსული დეზინფორმაციის და მედიაწიგნიერების შესახებ უყვებით. შეგიძლიათ, გვითხრათ, რა პროექტია ეს და რატომ არის მნიშვნელოვანი?

მე და ჩემი კოლეგა, ტამინა კუჩერი ერთად ვმუშაობდით პლატფორმაზე, სახელწოდებით dekoder.org. ეს არის პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია რუსეთსა და იქ მიმდინარე მოვლენებზე და მოქალაქეებს პოლიტიკური ვითარების, კონტექსტის გაგებაში ეხმარება. 

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მე და ტამინამ მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ საჭირო იყო, დეზინფორმაციაზე სკოლებში გვესაუბრა. იმის მიხედვით, როგორ ვითარდებოდა მოვლენები რუსეთში წლების განმავლობაში, აშკარა იყო, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბევრი ახალი დეზინფორმაციული ნარატივები გაჩნდებოდა. 

ჩვენ „დეკოდერში” უკვე აღარ ვმუშაობთ, მაგრამ მოსწავლეებთან დეზინფორმაციის შესახებ საუბრის იდეა განვავითარეთ და რამდენიმე თვეში სკოლებში სიარულიც დავიწყეთ. მივხვდით, რომ მოსწავლეები, რომლებიც სოციალურ მედიას მოიხმარენ, ბევრ რამეს პირდაპირ იგებენ, ხედავენ კონტენტს, თუმცა, მის შესახებ ბევრს არ ფიქრობენ. ეს ბუნებრივიცაა. რაღაცაზე ფიქრს იწყებ, როცა ის გაწუხებს, გაღიზიანებს. 

ვნახეთ, რომ სკოლის მოსწავლეებმა ბევრი არაფერი იცოდნენ რუსეთის ან უკრაინის შესახებ. როცა ინფორმაცია არ გაქვს, ვერც დეზინფორმაციას ხვდები. 

ამიტომ გადავწყვიტეთ, აქცენტი მედიაწიგნიერებაზე გაგვეკეთებინა. მოსწავლეებთან საუბრისას ვხსნით, როგორ უნდა მიხვდე, რომ ესა თუ ის კონტენტი დეზინფორმაციაა, როგორ იწარმოება რუსული პროპაგანდა, როგორ მუშაობენ ჟურნალისტები და როგორ მოძებნო წყაროები. 

ასევე გავაცნობიერეთ, რომ ეფექტიანია, როცა ბავშვებს მედიაწიგნიერების შესახებ საუბრისას ქვეყნების შესახებ ინფორმაციასაც აწვდი – გერმანიაში სკოლებში, როგორც წესი, არ ასწავლიან აღმოსავლეთ ევროპის ან კავკასიის ისტორიას. 

  • თუ ხედავთ ცვლილებას მოსწავლეების აღქმებში თქვენი ლექციების შემდეგ? 

რა თქმა უნდა, რამდენიმე საათი ძირეულ ცვლილებებს ვერ მოიტანს, თუმცა, რუსეთის შესახებ გარკვეულ წარმოდგენებს უქმნის. ლექციების შემდეგ ბევრ მოსწავლეს მეტად ესმის, რომ მნიშვნელოვანია, რუსეთს დააკვირდე და ისტორია იცოდე. აცნობიერებენ, რომ ეს მნიშვნელოვანია მათი ცხოვრებისთვისაც. 

  • რამდენად მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რასაც მოსწავლეებს გადასცემთ, მასწავლებლებისთვის? რამდენად აქვთ მასწავლებლებს წარმოდგენა აღმოსავლეთ ევროპის და რუსეთის კონტექსტის შესახებ?

მასწავლებლები სხვადასხვანაირები არიან. ზოგიერთი დაინტერესებულია ამ საკითხებით: ეცნობიან ახალ ამბებს, არიან სენსიტიურები ომის მიმართ, ესმით, რომ რუსეთი აგრესორია – ეს ყველა გერმანელისთვის ასე არ არის. ასეთ მასწავლებლებს ნამდვილად არ სჭირდებათ დამატებითი ტრენინგები, თუმცა, მაინც იღებენ ინფორმაციას პროპაგანდის მექანიზმების შესახებ. 

ზოგიერთი მასწავლებლისთვის კი გამაოგნებელია ის ინფორმაცია, რასაც ჩვენ ვაწვდით. თუმცა, რუსულ დეზინფორმაციას ბევრი შრე აქვს, რომელიც სიმართლეს აბუნდოვნებს. ინფორმაცია ჩახლართულია და მათ არ შეუძლიათ ნათელი სურათის დანახვა. 

  • რა შრეებზე საუბრობთ?

ისინი დაკავშირებულია პუტინის ქმედებებთან ომის განმავლობაში. მაგალითად, ის ამბობს, რომ მოლაპარაკებისთვის მზად არის. თუმცა, ამის საპირისპიროდ იქცევა. ბევრ ადამიანს პუტინის ბუნება არ ესმის, სჯერათ იმის, რასაც ამბობს და დეზინფორმაციის მსხვერპლები ხდებიან. 

გარდა ამისა, ზოგიერთი მასწავლებელი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიაში კვლავ ერთმანეთში ურევს რუსეთს და საბჭოთა კავშირს. ფიქრობენ, რომ რუსეთი და სსრკ სინონიმებია, რომ ერთი და იგივეა. 

გერმანიის ძალიან დიდი სისუსტეა მოვლენა, სახელად „გერმანული დანაშაულის გრძნობა”, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ჩვენი ქვეყნის როლიდან გამომდინარეობს. დღემდე ბევრ ადამიანს ეცოდება რუსეთი და რუსები. თუმცა, არა უკრაინელები და სხვები, ვინაიდან არ ესმით, რომ ეს ქვეყნებიც მაშინ სსრკ-ის შემადგენლობაში იყვნენ.

ჩემი გამოცდილებით, ეს სამი შრე წარმოშობს სიტუაციას, როდესაც ბევრი ადამიანი ნათლად ვერ ხედავს, ვინ არის მსხვერპლი და ვინ არის აგრესორი.

  • თქვენ ამბობთ, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიაში აღქმები განსხვავდება? თუ ასეა – როგორ? 

დიახ. დასავლეთ გერმანიაში ბევრ ადამიანს ატომური ომის ეშინია. ეს აღქმები ცივი ომის დროიდან მომდინარეობს. რუსეთი უცნობი და უცხოა და როცა ასეა, ის ყოველთვის საშიშად გეჩვენება. ადრე რუსეთი გერმანიას ცივი ომით აშინებდა, ახლა – ატომური ბომბით. 

აღმოსავლეთ გერმანიაში კი რუსეთს უმეტესად სსრკ-ის ეკვივალენტად ხედავენ და მიიჩნევენ, რომ კარგია, დადებითია. 

ქვეყნის ყველა კუთხეში რუსეთი სახატავი ტილოსავით იქცა, რომელზეც ადამიანები საკუთარ შიშებსა თუ წყენას პროექცირებენ.

გაქვთ ანტიამერიკული განწყობები? – აი, რუსეთი. უკმაყოფილო ხართ თქვენი ცხოვრებით? – რუსეთს კომფორტის განცდა მოაქვს, რადგან მათ შექმნეს მსოფლიოს გადარჩენის, ტრადიციული ღირებულებების დაცვის და ა.შ. ილუზია. რუსული პროპაგანდა ცდილობს, გერმანულ საზოგადოებას დააჯეროს, რომ ისინი დაკარგულები არიან, შემდეგ კი საზოგადოება იჯერებს, რომ რუსეთი მათ გარკვეულ პრობლემებს გადაჭრის.

  • რა დეზინფორმაციული ნარატივები გამოიყენება რუსული აქტორების მიერ გერმანიაში?

პროპაგანდა იყენებს „გერმანული დანაშაულის გრძნობას”. სიტყვა გამოყენებაც შეიძლება არასწორია – რუსმა პროპაგანდისტებმა უბრალოდ იციან, რომ გერმანიაში რუსეთის მიმართ კონკრეტული დამოკიდებულება არსებობს, რომლის ნაწილიც არის „გერმანული დანაშაულის გრძნობა”. 

„გერმანული დანაშაულის გრძნობასთან” ერთად პროპაგანდისთვის გამოიყენება, მაგალითად, გერმანიისა და რუსეთის ურთიერთობის ისტორია, როცა საუკუნეების განმავლობაში ეს ორი იმპერია მათ შორის არსებულ ქვეყნებს ქვეყნებად არც მიიჩნევდა. 

თუ შევხედავთ, ბოლო 30 წლის განმავლობაში დაიწყეს გერმანიასა და რუსეთს შორის სხვადასხვა ხიდის აშენებაც – ბევრი გერმანული კომპანია რუსეთში მუშაობს. ამ ხიდების დანგრევა გერმანიაში ნამდვილად მტკივნეულად აღიქმება. რუსეთის მიმართ ზოგადი გახსნილობა არსებობს და პროპაგანდა ამას იყენებს. 

  • გერმანიაში რუსული დეზინფორმაციული კამპანიების უკან SDA დგას – „სოციალური დიზაინის სააგენტო”, რომლის ხელმძღვანელსაც ქართული სახელი აქვს – ილია ღამბაშიძე. როგორ არის დაკავშირებული ამ ორგანიზაციის ნარატივები რუსეთის ომთან უკრაინაში და გერმანიის მიერ უკრაინის მხარდაჭერასთან?

SDA იყენებს გერმანული საზოგადოების გახსნილობას რუსეთის მიმართ. ის ასევე მიმართავს სხვადასხვა სტრატეგიას, რათა შეამციროს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა. 

რამდენიმე თვის წინ SDA-დან გაჟონილმა შიდა დოკუმენტებმა აჩვენა, რომ პროპაგანდისთვის გერმანია „სასურველი სამიზნეა”. 

ისინი ცდილობენ, საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა დაარწმუნონ, რომ უკრაინას მხარი არ დაუჭირონ. მათ აქვთ სტრატეგიები, მაგალითად, დასავლელი პოლიტიკოსების დისკრედიტაციის მიზნით. 

მაგალითად, მაისში, როდესაც გერმანიის კანცლერი მერცი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი და ემანუელ მაკრონი კიევში ჩავიდნენ, გავრცელდა ვიდეო მატარებლიდან, სადაც, მაგიდაზე ქაღალდის ხელსახოცი ჩანს. თუმცა, პროპაგანდამ დაიწყო მტკიცება, რომ ისინი ნარკოტიკებს მოიხმარდნენ. 

ჩვენთვის ცხადია, რომ ეს მცდარია, მაგრამ მოსწავლეებთან ეს განხილვის თემა გახდა – გვეკითხებოდნენ, სიმართლე იყო თუ არა და ა.შ. ეს აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს პროპაგანდა. ხანგრძლივი მსჯელობების შემდეგ ბევრმა მოსწავლემ თქვა, რომ ესმით, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ იყო, მაგრამ თავიდან ტყუილის სჯეროდათ. 

არსებობს სხვა საკითხებიც, რომლებიც დეზინფორმაციისა და მანიპულაციისთვის გამოიყენება – ვიდეოები და ფოტოები მიგრაციული კრიზისის, ფასების ზრდის, მომავლის შიშისა და ატომური ომის შიშის შესახებ. ეს ის საკითხებია, რისიც გერმანელებს ეშინიათ. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ პუტინი ბირთვული იარაღის წითელ ღილაკს ხელს დააჭერს. ისინი იმ შიშებს ამწვავებენ, რომლებიც უკვე არსებობს გერმანულ საზოგადოებაში.

  • რატომ არის გერმანია პროპაგანდის სასურველი სამიზნე?

გერმანია ერთ-ერთი სამიზნეა მრავალ ქვეყანას შორის, თუმცა, რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ვიდრე მაგალითად ესპანეთი ან იტალია. გერმანია, აშშ-ის შემდეგ მეორეა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების კუთხით. გერმანია პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში, საფრანგეთთან ერთად. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ნაწილი არ არის, ამიტომ, მას თავისი გზა აქვს, ხოლო გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენას ახდენენ. ჩემი აზრით, ამიტომაც არის გერმანია პროპაგანდის სასურველი სამიზნე. 

  • როგორ ფიქრობთ, გერმანიის მთავრობა აკეთებს რამეს რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად?

არ ვფიქრობ, რომ მთავრობას ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია. მათ მიიღეს რაღაც კანონები, რომლებიც სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელებას ეხება. ეს კანონები ბევრი წელია, არსებობს, მაგრამ პრაქტიკაში არ მუშაობს. კანონების ეფექტიანობა სოციალური მედიის პლატფორმების მფლობელებსა და მათ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. 

პრობლემას საზოგადოებამ უნდა უპასუხოს. რუსული პროპაგანდა პოლიტიკურ ქმედებებთან არის გადაჯაჭვული. ისინი აგრესიას ან ომს სხვადასხვა ნარატივით ნიღბავენ. ეს შენიღბვა იმიტომ მუშაობს, რომ ხალხს არ ესმის, რომ პროპაგანდა პოლიტიკასთან არის დაკავშირებული.

მაგალითად, 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს გამოჩნდნენ შეიარაღებული პირები მწვანე ფორმებით, ინსიგნიების გარეშე. მათ უკრაინულმა და საერთაშორისო მედიამ უწოდა „მწვანე კაცები“, ამ პირებზე, როდესაც ვლადიმირ პუტინს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არიან თუ არა ისინი რუსი ჯარისკაცები, მან უპასუხა, რომ ისინი არა რუსი ჯარისკაცები, არამედ „თავდაცვის ქვედანაყოფები“ იყვნენ. 

თვეების შემდეგ, როცა გაირკვა, რომ ისინი მართლაც იყვნენ რუსი ჯარისკაცები, გერმანიაში ბევრმა ადამიანმა მაინც სცადა, დაეჯერებინა, რომ პუტინს რაღაც კარგი უნდოდა. 

რუსეთი ყოველთვის ნიღბავს თავის პოლიტიკურ ქმედებებს ნარატივებითა და სიმართლის მრავალი ვერსიით, რაც ქმნის ილუზიას რუსეთის შესახებ. მე და ჩემი კოლეგა ვმუშაობთ ამ ილუზიის გამოაშკარავებასა და რეალური რუსეთის გაგების ჩამოყალიბებაზე. ეს არის სამუშაო მთელი საზოგადოებისთვის.

  • თქვენ რუსეთში გიმუშავიათ, გაგიშუქებიათ აღმოსავლეთ ევროპის საკითხები. რა შეიძლება, გერმანულმა საზოგადოებამ ისწავლოს ევროპის ამ ნაწილიდან?

ვფიქრობ, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ რუსეთსა და გერმანიას შორის სხვა მნიშვნელოვანი ქვეყნებიც არსებობენ, რომლებსაც აქვთ უფლება, საკუთარი გზით წავიდნენ და საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღონ, რუსეთის სურვილის მიუხედავად. ჩემი აზრით, ეს გაგება გერმანიაში ჯერ კიდევ არ არის ფართოდ გავრცელებული.

მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების, მათი ისტორიისა და იმ გამოწვევების აღიარება, რომელთა წინაშეც დგანან ასეთ ძლიერ მეზობელთან ურთიერთობისას. მათ რეალურად ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ აღმოსავლეთ ევროპისგან, განსაკუთრებით კი იმის, თუ ვინ არის სინამდვილეში რუსეთი.