„ოცნების“ იუსტიციის მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე, ირაკლი ხმალაძე „ფორმულასთან“ ამბობს, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება პირადი მიზნებიდან გამომდინარე მიიღო. მისივე თქმით, სამართალდამცავი სტრუქტურებიდან კითხვებს არ ელოდება.
ხმალაძე იხსენებს, რომ ყოფილა შემთხვევა, რომ დეკლარაციის შევსებისას „შეცდომა დაუშვია“, რის გამოც ჯარიმა აქვს გადახდილი.
„გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ დავასრულე სახელმწიფო სამსახურში მუშაობა. […] კითხვები ჩემთან მიმართებით არაფერი ყოფილა, მხოლოდ მედიასაშუალებებს ჰქონდათ ხოლმე, ისიც არალოგიკური და გაურკვეველი კითხვები. [არ ელოდებით, რომ ახლო მომავალში შეიძლება გამოძიება დაინტერესდეს?] რა თქმა უნდა, არ ველოდები. [რომ გამოძიება, მაგალითად თქვენი დეკლარაციით და საქმიანობით დაინტერესდება, ამის მოლოდინი არ გაქვთ?] რომ იცოდეთ, დეკლარაციას ყოველ წელს ვავსებდი და ჩემს დეკლარაციას ამოწმებდა სპეციალური სამსახური ყოველწლიურად. ყოფილა შემთხვევა, რომ დამიშვია შეცდომა, ამაზე ჯარიმაც გადამიხდია, მაგრამ იმის მიღმა ჩემს დეკლარაციასთან ან ჩემს ქონებასთან მიმართებით კითხვები არ ჰქონიათ. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დეკლარაციაში შეცდომა ბევრს დაგვიშვია და მე, თუ არ ვცდები, ორჯერ მომიწია ჯარიმის გადახდა იმიტომ რომ არასწორად მქონდა მითითებული რაღაც“, – ამბობს ხმალაძე „ფორმულასთან“.
ირაკლი ხმალაძე „ოცნების“ იუსტიციის მინისტრის მოადგილედ 15 მაისს დაინიშნა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ის თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.