კობახიძე: სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აფასებს, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები არჩევნებში ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ.

კობახიძის განცხადებით, „სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები“. მისი თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში, ადამიანი თუ ცხოვრობს კონკრეტულ სახელმწიფოში, „ის ექვემდებარება შესაბამისი იურისდიქციის გავლენას, რასაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმით ძალიან კონკრეტული გამოხატულება“. ამის შესახებ მან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ ისაუბრა.

„მთლიანობაში, არავითარი არსებითი გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე საზღვარგარეთ დაფიქსირებულ მონაცემებს. რეალურად, არავითარი არსებითი შედეგი არ ჰქონია, ამიტომ, ეს არ არის აქ მთავარი. რაც შეეხება ამ ცვლილების საფუძველს, ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი არის, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა განვამტკიცოთ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა და ამ კუთხით არის ერთი რამ ხაზგასასმელი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, ექვემდებარება უცხო იურისდიქციის გავლენას, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხდება რუსეთში, ამერიკაში, ავსტრალიაში თუ ლიხტენშტაინში.

ნებისმიერ ქვეყანაში, ადამიანი თუ ცხოვრობს კონკრეტულ სახელმწიფოში, ის ექვემდებარება შესაბამისი იურისდიქციის გავლენას, რასაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმით ძალიან კონკრეტული გამოხატულება. ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჩვენ ვხედავთ, ზოგადად, რომ სხვადასხვა ქვეყანა პირდაპირ ცდილობს ჩვენს არჩევნებში ჩარევას. ასეთ პირობებში, შესაბამის ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი არიან ასეთი გავლენის მიმართ. აქედან გამომდინარე, ზოგადი მიდგომა უნდა იყოს ეს, რომ სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები“, – თქვა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი დაკავშირებულია ინფორმირებულ არჩევანთან.

„ნებისმიერმა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ამაში იგულისხმება რა, რომ შენ უნდა გქონდეს სრული ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე უნდა მიანიჭო უპირატესობა ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტს.

ნებისმიერი ადამიანი იღებს სხვადასხვა ფორმით ინფორმაციას. ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი საშუალება არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მედია, მათ შორის, სოცმედია, საიდანაც ნებისმიერი ადამიანი იღებს გაფილტრულ ინფორმაციას. ნებისმიერი ინფორმაცია ექვემდებარება გადამუშავებას, ინტერპრეტაციას. შეიძლება იყოს აბსოლუტურად კეთილსინდისიერი მედიასაშუალება, მაგრამ მისი გავლით მიღებული ინფორმაციაც კი არის ინტერპრეტირებული და გაფილტრული, ანუ ექვემდებარება გარკვეულ ფილტრს. მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი სხვადასხვა მედიასაშუალება და მათი სარედაქციო პოლიტიკა არის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული. არის კიდევ სოცმედია, სადაც ათასგვარ ფილტრს გადის ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია.

[…] თუნდაც როდესაც საკუთარი ოჯახის წევრებისგან იღებს ადამიანი ინფორმაციას, ესეც კი გაფილტრულია. ინფორმაციის ყველაზე სუფთა წყარო არის ის გარემო, სადაც ცხოვრობ.

რა თქმა უნდა, ყველა ინარჩუნებს საარჩევნო ხმის უფლებას, მაგრამ მნიშვნელოვანია რა, რომ თუნდაც ერთი დღით, ესეც კი საკმარისია, ჩამოდი ქვეყანაში, შენი თვალით გაეცანი, რა გარემოა და ამის შემდეგ უფრო მეტად ინფორმირებული არჩევანი გააკეთე“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.


„ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს აანონსებს, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები არჩევნებში ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც „კარგად აჩვენა რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამომრჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან“.

პაპუაშვილის აზრით, ამ მხრივ ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, „რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან“ და სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციებს.

„ოცნების“ პოზიციაა, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს“.

„არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში, როგორც აქამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა, ერთადერთი პირობა არის 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში“, – ამბობს პაპუაშვილი.