„ქართული ოცნება“ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს გეგმავს, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები არჩევნებში ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ.
მოქმედი საარჩევნო კოდექსით, არარეზიდენტ მოქალაქეებს ეკრძალებათ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა შეუძლიათ ხმა მისცენ საპარლამენტო არჩევნებში.
„ოცნების“ მიერ „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.
მოქმედი კოდექსის მიხედვით, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავთ და პარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფ ამომრჩევლებს, რომლებიც დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, ამომრჩევლებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან საზღვარგარეთ და არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აგრეთვე ამომრჩევლებს, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.
„ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ცვლილებებით კი აღნიშნული ქვეპუნქტი კოდექსიდან სრულად ამოღებულია.
როგორც განმარტებით ბარათშია მითითებული, „ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის მიერ საკუთარი საარჩევნო უფლების არასათანადო გარემოში განხორციელება არსებით გავლენას ახდენს, ზოგადად, არჩევნების პროცესზე, მის სამართლიანობაზე და, შესაბამისად, შესაძლოა, გამოიწვიოს სხვა ამომრჩეველთა უფლების დარღვევაც კი“.
„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს საზღვარგარეთ თავისუფალი ნების გამოვლენის ხელშეშლის პრევენციას“.
„იმ პირობებში როდესაც სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები იმყოფებიან უცხო ქვეყნის იურისდიქციის ქვეშ და ეფექტურად ვერ ხორციელდება მათი ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა, მიზანშეწონილია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართოს.
მსგავსი მოწესრიგების შედეგად, ამომრჩეველს რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ, შესაძლებლობა ექნება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მისივე რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით”, – წერია განმარტებით ბარათში.
გარდა ამისა, ცვლილებების ინიციატორები ამტკიცებენ, რომ „საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქცია საჭიროებს რიგი საკითხების დაზუსტებას, დახვეწასა და გამარტივებას, რის გამოც პროექტით გათვალისწინებულია არაერთი ცვლილება, მათ შორის:
- ზუსტდება ზოგიერთი ტერმინის განმარტება, მათ შორის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის – ახალ კოდექსში აღინიშნება, რომ ტარდება „საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში“, ნაცვლად ტერმინისა „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“;
- ზუსტდება ფოტოვიდეოგადაღების წესები – კანონპროექტის თანახმად დგინდება, რომ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, ასევე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს ფოტოგადაღება შეუძლიათ აუდიომონიტორინგის გარეშე.
- იცვლება საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის ნორმა.
- იცვლება კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების საკითხები, კერძოდ, კენჭისყრის შენობიდან გაძევებულ პირს აეკრძალება ყველა სხვა კენჭისყრის შენობაში შესვლა, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაცია განახორციელებს შესაბამისი პირების შესახებ მონაცემთა აღრიცხვას;
- იცვლება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები – წარსადგენი აღარ იქნება სააღრიცხვო ბარათი;
- იცვლება კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის/რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად წარადგინოს მხოლოდ ამ პარტიის წევრი, ხოლო საინიციატივო ჯგუფი-წარადგენს უპარტიო კანდიდატს.
კანონპროექტის ავტორები არიან „ოცნების“ პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.