„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ეხმაურება „ოცნების“ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც უცხოეთში მყოფი მოქალაქეები არჩევნებზე ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ.
ორგანიზაციის შეფასებით, თანამედროვე საზოგადოების გეოგრაფიული მობილობის გათვალისწინებით, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობისგან მოწყვეტა ინკლუზიური დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, „რაც აზიანებს არჩევნების საყოველთაობის პრინციპს“.
ISFED მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის გარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაუქმება „ეწინააღმდეგება კარგ საერთაშორისო საარჩევნო პრაქტიკასა და გლობალურ ტენდენციებს და ცალსახად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არჩევნების საყოველთაობის პრინციპის წინააღმდეგ გადადგმული ეს ნაბიჯი მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესებით არის ნაკარნახევი“.
„პირველ რიგში, ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება საჭიროებს პროცესში შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობას და გონივრულ ვადებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ათობით ათასი ადამიანის უფლებების შეზღუდვას.
თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვეულ პრაქტიკად იქცა, როდესაც მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის დარგის სპეციალისტებთან, ყოველგვარი ფორმალური კონსულტაციების გარეშე, სრულიად ექსკლუზიური პროცესის შედეგად მიიღება.
როგორც წესი, მსგავსი ცვლილებები „ქართული ოცნების“ ვიწროპარტიულ ინტერესებს არის მორგებული. საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაუქმებაც ამ ტენდენციას მიჰყვება“, – წერს ISFED.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე „ქართულმა ოცნებამ” ჯამში ამომრჩეველთა დაახლოებით 13%-ის მხარდაჭერა მიიღო, მაშინ, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული საერთო-ეროვნული შედეგებით, პარტიას, დაახლოებით, 54%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.
„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს „ქართული ოცნების“ პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის გარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გაუქმებას და, პირიქით, ხელი შეუწყოს ამ პირებისთვის ხმის მიცემის მეტი შესაძლებლობის გაჩენას.
განცხადებას ვრცლად გაეცანით ბმულზე.
„ქართული ოცნება“ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს გეგმავს, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები არჩევნებში ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ.
მოქმედი საარჩევნო კოდექსით, არარეზიდენტ მოქალაქეებს ეკრძალებათ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა შეუძლიათ ხმა მისცენ საპარლამენტო არჩევნებში.
„ოცნების“ მიერ „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.
მოქმედი კოდექსის მიხედვით, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავთ და პარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფ ამომრჩევლებს, რომლებიც დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, ამომრჩევლებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან საზღვარგარეთ და არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აგრეთვე ამომრჩევლებს, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.
„ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ცვლილებებით კი აღნიშნული ქვეპუნქტი კოდექსიდან სრულად ამოღებულია.
როგორც განმარტებით ბარათშია მითითებული, „ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის მიერ საკუთარი საარჩევნო უფლების არასათანადო გარემოში განხორციელება არსებით გავლენას ახდენს, ზოგადად, არჩევნების პროცესზე, მის სამართლიანობაზე და, შესაბამისად, შესაძლოა, გამოიწვიოს სხვა ამომრჩეველთა უფლების დარღვევაც კი“.
„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს საზღვარგარეთ თავისუფალი ნების გამოვლენის ხელშეშლის პრევენციას“.