გაფართოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერის, გიიომ მერსიეს თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება ნიშნავს, რომ საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირს.
ბიუროს გაუქმების შეფასება მერსიეს „ევროსკოპის“ დამფუძნებელმა, თამარ ნუცუბიძემ სთხოვა.
„კანონის უზენაესობის პატივისცემა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ფუნდამენტური ელემენტებია. ეს ევროკავშირის წევრობის საფუძველია. საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ჩვენი პოზიცია გაფართოების ანგარიშში აისახა. მასში ნათქვამია, რომ საქართველოში უკუსვლა იყო კორფუციის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილში.
ასევე, ანგარიშში არის რეკომენდაცია, რომ საქართველომ უნდა უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო კომისიისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დამოუკიდებლობა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად შორდება ევროკავშირის გზას“, – თქვა ევროკომისიის პრესსპირეკმა გაფართოების საკითხებში.
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ასევე გაუქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის 15 დეკემბერს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა, ბიურო შეიქმნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მე-4 პრიორიტეტული ამოცანის საფუძველზე.
რაჟდენ კუპრაშვილი თანამდებობას ბიუროს შექმნის დღიდან იკავებს.
თუმცა, უწყება არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას – მას „ქართული ოცნება” სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიების დევნის ინსტრუმენტად იყენებს.
რაც შეეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – ის 2025 წლის გაზაფხულზე გაუქმდა, ხოლო მისი ფუნქციები პროკურატურას გადაეცა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის პირველ მარტს ამოქმედდა, რასაც საფუძვლად ედო „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგის” ფარგლებში აღებული ვალდებულება, რომ ქვეყანას საერთაშორისო ვალდებულებების სათანადოდ შესრულების გზით, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით ეფექტიანი რეფორმები განეხორციელებინა.
10 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროსს, კოკა კაციტაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა – განცხადების თანახმად, ის პასუხისმგებელი იყო გამოეძიებინა ისეთი შემთხვევები, რაც უტოლდება ადამიანების სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, თუმცა მან განზრახ ან გაუფრთხილებლობით ვერ შეასრულა თავისი პასუხისმგებლობა.