გვრიტიშვილი სასამართლოში მობილურების ჩამორთმევაზე: ეხება ყველას, გამონაკლისი ჟურნალისტებზე დაწესებული არაა

პუბლიკა

„რეგულაცია არის ისეთი, რომ ეხება ყველას… გამონაკლისები ჟურნალისტების მიმართ დაწესებული არ არის”, – ასე პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ჟურნალისტების შეკითხვას სასამართლოში ტელეფონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სასამართლოს შენობაში არ უნდა დაიშვას ნებისმიერი ტექნიკური საშუალების შეტანა.

ის ამბობს, ეს რეგულაცია განპირობებულია პარლამენტის მიერ ივნისში მიღებული კანონით, რომლითაც აიკრძალა სასამართლოს შენობაში ფოტო-ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა.

შეკითხვაზე – „ვის ჩამოერთმევა” ტექნიკური საშუალებები – საპასუხოდ გვრიტიშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ნებისმიერ პირს.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, გავრცელდება თუ არა ეს შეზღუდვა ჟურნალისტებზე, ადვოკატებსა და პროკურორებზე, აღნიშნა, რომ კანონში გამონაკლისები მითითებული არაა.

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო აქტი, რომლითაც ფოტო-ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია აკრძალა სასამართლო სხდომის დარბაზებში იმ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, რასაც ქვია მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელება.

კატეგორიები და გამონაკლისები ჟურნალისტების მიმართ დაწესებული არ არის. მიუხედავად იმისა, ყველამ იცოდა, რომ გადაღება იყო აკრძალული, ფარულად გადაღებული ვიდეოები ვრცელდებოდა.

სათავსო არის იმისთვის, რომ კანონის აღსრულების მიზნით ეს ტელეფონები ხომ უნდა შეინახოს სასამართლომ და მერე, როცა სხდომა დასრულდება, დაუბრუნოს მფლობელს, ამიტომაცაა ეს სათავსო… ამაში რამე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ“, – აცხადებს გვრიტიშვილი.

შეკითხვაზე, როდიდან ამოქმედდება სასამართლოს შენობებში ტექნიკის ჩამორთმევის პრაქტიკა, გვრიტიშვილი კონკრეტულ ვადას არ ასახელებს. ის ამ შეკითხვაზე პასუხად უბრუნდებოდა საკითხს, რომ კანონი ივნისშია მიღებული.

„ამოქმედებულია უკვე 2025 წლის 27 ივნისსაა კანონი ამოქმედებული. იმ საკანონმდებლო აქტის აღსასრულებლადაა ეს სათავსოები განთავსებული, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომელსაც ჩვენ ვეთანხმებით, მიუხედავად იმისა, რომ მის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიგვიღია, ეს ხელს უწყობს მართლმსაულების განხორციელებას.

[შეკითხვა: ვის ჩამოერთმევა ტელეფონები, სხდომის მონაწილეებს, დამსწრეებს, ნებისმიერ პირს?] ნებისმიერ პირს. აკრძალულია, გამომდინარე იქიდან, რომ გადაღება არის აკრძალული, ნებისმიერი ტექნიკური საშუალება, რომლითაც შესაძლებელია, რომ იწარმოოს გადაღება და შემდეგ ეს უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერი არსებობს შესაძლებლობა, რომ გავრცელდეს, როგორც იყო აქამდე ფაქტები, რომ გავრცელდა, აქედან გამომდინარე, კანონის აღსრულების მიზნით იუსტიციის საბჭომ შეიმუშავა შესაბამისი ნორმატიული აქტი.

[შეკითხვა: როდიდან ვეღარ შევალთ სხდომათა დარბაზში ან სასამართლოს შენობაში ტელეფონით] კანონი როდიდან მოქმედებს, ხომ ვთქვი არაერთხელ. ამ დრომდე არ ვიცი, მე გეუბნებით, რომ კანონი ამოქმედდა 2025 წლის ივნისის ბოლოს, შესაბამისად ზუსტად იმ მომენტიდან იკრძალება გადაღების წარმოება სასამართლოში, შესაბამისად იმ ტექნიკური მოწყობილობების შეტანა, რომლითაც ტექნიკურად შესაძლებელია გადაღების წარმოება, რა თქმა უნდა, არ უნდა იქნეს დაშვებული სხდომის დარბაზში“, – აცხადებს გვრიტიშვილი.

იუსტიციის საბჭოს წევრს მიუთითეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებაზე, რომელშიც ის წერს, რომ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბრა და გაარკვია, რომ სასამართლოში ტელეფონის შეტანის აკრძალვა ადვოკატებს არ შეეხებათ. გვრიტიშვილის თქმით, არ იცის, ვის ესაუბრა ასათიანი, თუმცა კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ შეზღუდვა ყველას შეეხება.

„რეგულაცია არის ისეთი, რომ ეხება ყველას. ხო ნუ არ ვიცი, თუ არ სრულდება, ეს შეიძლება ვთქვათ გახდეს მსჯელობის საგანი, მაგრამ თქვენთვის ცნობილია, რომ რეგულაცია მოქმედებს და ნებისმიერი ტექნიკური საშუალებების შეტანა არ უნდა დაიშვას.

[ასათიანმა] რატომ დაამშვიდა [ადვოკატები] არ ვიცი და რატომ განმარტავს, ეს მას ჰკითხეთ. კანონმდებლობით ასეა. ჩემთვის უცნობია, ვინ რა მოაგვარა. მე გიხსნით როგორც იურისტი და მოსამართლე, რეგულაციის შინაარსს, რომ ის მიემართება ყველას, გამონაკლისის გარეშე. ვიღაცა თუ რაღაცა ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, ეს მისი პრობლემაა“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

დიმიტრი გვრიტიშვილს შეკითხვები დაუსვეს ასევე სხდომის გადაღების ნებართვებთან დაკავშირებით. კანონით, იუსტიციის საბჭოა უფლებამოსილი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განიხილოს და გასცეს სხდომის გადაღების ნებართვა.

კანონის ამოქმედებიდან დღემდე საბჭომ ერთადერთი ნებართვა გასცა – „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სხდომის გადაღების ნებართვა „იმედმა“ და საზმაუმ მიიღო.

შეკითხვების საპასუხოდ გვრიტიშვილმა თქვა, რომ საბჭო ვალდებული არაა, ყველა მიმართვაზე დადებითი პასუხი გასცეს. მისივე განცხადებებით ირკვევა, რომ უწყებას მედიის განცხადებების მიღების და განხილვის კონკრეტული ჩარჩო შემუშავებული არ აქვს.

„ეს არის საბჭოს დისკრეციული უფლებამოსილება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კანონით მას მიენიჭა უფლებამოსილება, ან გასცეს ან არ გასცეს ეს თანხმობა კონკრეტული პროცესის გაშუქებაზე. ყველა შემთხვევა შეიძლება იყოს ინდივიდუალური, ამიტომ თითოეულ შემთხვევაზე საბჭო იმსჯელებს ინდივიდუალურად…

შესაძლებელია, განცხადებას რამე ფორმალური პრობლემა ჰქონდა, რის გამოც საბჭოს სხდომაზე არ იქნა განსახილველად დაშვებული. მე როგორც ვიცი, რამე კონკრეტული ფორმა საბჭოში შემუშავებული არ არის. შინაარსობრივად და სამართლებრივად გამართული უნდა იყოს მომართვა, რის შემდეგაც საბჭო იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს გადაწყვეტილებას.

კიდევ გავიმეორებ, საბჭო არ არის ვალდებული, ყველა შემთხვევაზე მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება. თუ კარგად დაასაბუთებთ მოთხოვნას, საბჭო მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

როგორ შეძლებს მედია, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაავრცელოს ოპერატიული ინფორმაცია, თუ გადაღების ნებართვა არ გაიცა და ტექნიკის შეტანაც აიკრძალა, ამ შეკითხვებზე გვრიტიშვილი ამბობს, რომ სასამართლო იწერს სხდომებს და მიმართვის შემთხვევაში მხარეს გადასცემს, სწორედ ამ გზით იქნება შესაძლებელი ვიდეოჩანაწერების მედიაში გავრცელება.

„სასამართლოს სხდომის დარბაზში ხდება ვიდეოჩანაწერის განხორციელება თავად სასამართლოს მიერ. სასამართლო პროცესის ინტერესი თუა, რომ გაშუქდეს, როგორ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი, მხარეს შეუძლია, გამოითხოვოს ვიდეოჩანაწერი, რომელიც მხარეს გადაეცემა დაუბრკოლებლად და მხარეს შეუძლია, შემდეგ ეს თქვენ გადმოგცეთ.

თუ ინტერესი არის ის, რომ გამჭვირვალობა იქნეს უზრუნველყოფილი, აუდიოვიზუალური ჩანაწერის სახით, ამ ჩანაწერს მიიღებთ. როდესაც სასამართლო საქმეს იხილავს, სასამართლო უნდა იყოს ორიენტირებული და მთლიანად კონცენტრირებული საქმის სამარტლებრივად სწორად განხილვაზე და არა იმაზე, რომ ვიღაც ეგზალტირებული სუბიქტები, ვინც ესწრებიან ამ სასამართლოს და ხშირ შემთხვევაში ცეცხლზე ნავთს ასხამდა პირდაპირი ტრანსლაციის განხორციელება ასეთ მომენტში, სასამართლო უბრალოდ ზედმეტ ენერგიას და დროს ხარჯავდა, რომ ეს ლოკალური შემთხვევები გაენეიტრალებინა და დაბრუნებოდა მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებას…

კანონი არის ასეთი, მე ვარ მოსამართლე, სასამართლო ემორჩილება კანონს, მე ამ კანონში პრობლემას ვერ ვხედავ, მის კონსტიტუციურობაშიც ვერ ვხედავ პრობლემას, ვინმე თუ ხედავს, შეუძლია, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს“, – ამბობს გვრიტიშვილი.