უნგრეთის ვეტო მოიხსნა — EU-მ უკრაინისთვის €90 მილიარდი ევროს სესხი და სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა

პუბლიკა

უნგრეთის ვეტო მოიხსნა — ევროკავშირმა უკრაინისთვის €90 მილიარდი ევროს სესხი და სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა.

ევროკავშირის ელჩებმა სესხის გაცემას წინასწარი თანხმობა დღეს, 22 აპრილს გასცეს.

ინფორმაცია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა კვიპროსმა გაავრცელა.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც უკრაინამ განაცხადა, რომ „დრუჟბა“ შეკეთებულია, შესაბამისად, უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აღდგენა – შესაძლებელია.

აღნიშნული სესხი უკრაინისთვის აუცილებელი ფინანსური გადარჩენის წყარო იქნება, რადგან ქვეყანას ფინანსური რესურსი რამდენიმე კვირაში ეწურებოდა.

კიევი ევროკავშირისგან €90 მილიარდ ევროს 2026-2027 წლებში მიიღებს.

ეს დაფინანსება კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად, მას შემდეგ, რაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხ წელზე მეტი გავიდა, ხოლო აშშ-მა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ, ფაქტობრივად შეწყვიტა დახმარება.

„დრუჟბა“ რუსეთის ნავთობის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო არხია ევროპაში. ის სათავეს რუსეთიდან იღებს, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი კი უკრაინაზე გადის. სწორედ უკრაინიდან მიეწოდება რუსული ნავთობი უნგრეთს, სლოვაკეთსა და ბელარუსს.

ნავთობსადენი თვეების განმავლობაში არ მუშაობდა, ვინაიდან ის უკრაინის ტერიტორიაზე იყო დაზიანებული. ამის გამო რუსული ნავთობი არ მიეწოდებოდა უნგრეთსა და სლოვაკეთს.

ამ საბაბით ვიქტორ ორბანის მთავრობამ დაბლოკა რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტი, „სანამ უკრაინა არ აღადგენს ნავთობის ტრანზიტს უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის მილსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით“. გარდა ამისა, უნგრეთი მხარს არ უჭერდა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის მიცემას ამავე საბაბით.

ვეტოს მოხსნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და ხელისუფლება შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულ პარტია „ტისას“ და პეტერ მადიარს ხელისუფლება ჯერ არ ჩაუბარებია.