„სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ და „მედიატორთა პროფესიული კავშირი“ კანონთან კონფლიქტში მყოფ 14 წლამდე არასრულწლოვანებთან დაკავშირებით „ოცნების“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს ეხმაურებიან.
ორგანიზაციების შეფასებით, ინიციატივა საშიში პრეცედენტია აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში და ფაქტობრივად, უარს ამბობს წლების განმავლობაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში გაწეულ ძალისხმევაზე.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ ეტაპობრივად ჩამოაყალიბა აღდგენითი მართლმსაჯულების მოდელი, რომლის სივრცეში ბავშვის მიერ ჩადენილი დელიქვენტური/კანონსაწინააღმდეგო ქცევა აღიქმებოდა არა როგორც „დანაშაული, რომელიც დასასჯელია“, არამედ როგორც დაზიანებული ურთიერთობისა და ჩატეხილი სოციალური ბმის შედეგი, რომელსაც აღდგენა სჭირდება, მხარდაჭერის და საზოგადოებაში რეაბილიტაციის გზით.
ეს არის სისტემა, რომელიც საქართველოს ნაბიჯ-ნაბიჯ აშორებდა სასჯელზე ორიენტირებულ მიდგომას და აძლიერებდა პრევენციას, სოციალური პრობლემების ადრეულ გამოვლენასა და ბავშვთა მხარდაჭერას.
აღსანიშნავია ისიც, რომ დღესაც არსებობს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია და მუშაობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანების რეაბილიტაციაზე, რესოციალიზაციასა და სოციალიზაციაზე.
დაგეგმილი ცვლილებით სახელმწიფო უარს ამბობს ამ პროგრესზე“, – ამბობენ განცხადების ავტორები.
განცხადების მიხედვით, საერთაშორისო სტანდარტები მიუთითებენ, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის არასრულწლოვანის ასაკის ქვედა ზღვარი არ უნდა დადგინდეს ძალიან ადრეულ ასაკში ემოციური, გონებრივი და ინტელექტუალური მოწიფულობის ფაქტის გათვალისწინებით.
ისინი ასევე მიუთითებენ ბავშვებთან მომუშავეთა პრაქტიკაზე, რაც ამბობს, რომ პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა დაუშვებელია, რადგან ამ ასაკში ბავშვები ჯერ კიდევ არ ფლობენ ემოციურ, გონებრივ და სოციალური განვითარების იმ დონეს, რომელიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ამართლებს.
„არასრულწლოვანის ინსტიტუციურ სისტემაში მოხვედრას (დაპატიმრება, იზოლაცია, დახურულ დაწესებულებაში გადაყვანა) მრავალი, კვლევებით დადასტურებული, უარყოფითი შედეგი აქვს.
ბავშვი ინსტიტუციას ხშირად აღიქვამს როგორც საფრთხის, კონტროლისა და დაბლოკილი განვითარების სივრცეს. ინსტიტუციურ სისტემაში მოხვედრა ქმნის ე.წ. „ლეიბელინგის/ეტიკეტირების ეფექტს“ – ბავშვი იწყებს საკუთარი თავის აღქმას იმ როლით, რომელსაც სისტემა აძლევს – „დამნაშავე“, რაც მას უბიძგებს იცხოვროს „დამნაშავის“ როლით.
კვლევები აჩვენებს, რომ ინსტიტუციური სისტემები არ ამცირებენ, არამედ ხშირად ზრდიან ხელმეორედ დანაშაულის ჩადენის ალბათობას. მეტიც, ინსტიტუცია ქმნის ბავშვების მიერ ერთმანეთისთვის კრიმინალური ქცევის მოდელების გაზიარების სივრცეს.
კიდევ უფრო სავალალოა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც არასრულწლოვანს დახურულ დაწესებულებაში მოხვედრის შემდეგ უვითარდება. 2010 წელს ავჭალის სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების კვლევა აჩვენებს, რომ ინსტიტუციაში მოხვედრილი ბავშვების 71%-ს აღმოაჩნდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა და გაუჩნდა დამოკიდებულება ნივთიერებების მიმართ.
აღდგენითი მართლმსაჯულების მოდელი მრავალ კომპონენტს მოიცავს. მათ შორის, მნიშვნელოვანი ადგილი განრიდებისა და მედიაციის პროგრამას უკავია, რომელიც წლებია წარმატებით ხორციელდება და მრავალ ახალგაზრდას ცხოვრების დაწყების ახალი შანსი მისცა“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ავტორები საუბრობენ იმ სისტემურ ცვლილებებზეც, რომლებიც წინ უძღოდა ამ კანონპროექტს.
„აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამის ასეთ გაუარესებას წინ უძღოდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ყველაზე კრიტიკული რგოლის – სოციალური მუშაკების, მედიატორებისა და ფსიქოლოგების მასობრივი შემცირება.
2025 წლის 1 იანვრიდან – სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში პირველ რიგში სწორედ ეს სამი პროფესიული ჯგუფი გაათავისუფლეს, რომლებიც არასრულწლოვანთან პირდაპირ მუშაობდნენ და რეალურად უზრუნველყოფდნენ შეფასებას, მხარდაჭერასა და პრევენციას.
ამ პროცესმა ნათლად აჩვენა, რომ სისტემა პრევენციაზე და ინდივიდუალურ მუშაობაზე ორიენტირებული მოდელიდან გადადის უფრო რეპრესიულ მიდგომაზე.
გარდა ამისა, არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, მეტად მაღალია რისკი, რომ შემდგომ ეტაპებზე შემცირება შეეხოს სხვა პროფესიონალებსაც, განსაკუთრებით მათ, ვინც უშუალოდ იყო ჩართული განრიდებისა და მედიაციის მექანიზმებში და მუშაობდა მრავალდარგობრივი მიდგომით“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მედიატორთა და სოციალურ მუშაკთა პროფესიული კავშირები მოუწოდებენ
საქართველოს პარლამენტს –
- უარი თქვას ინიციირებლი კანონპროექტის მიღებაზე;
- მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების/განხილვისას უზრუნველყოს დარგის ექსპერტებისა და ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების ჩართულობა, მათი აზრის მოსმენა და გადაწყვეტილების პროცესში ასახვა.
აღმასრულებელ ხელისუფლებას –
- ინსტიტუციური დაწესებულების ინფრასტრუქტურის შექმნაში გასაწევი ფინანსური რესურსი მომართოს დანაშაულის პრევენციის, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებასა და არსებული რეფერირების ცენტრის გაძლიერებაზე;
- უზრუნველყოს ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების უწყვეტი გადამზადება.