2025 წლის 21 ოქტომბერს, „როიტერსმა“ გამოაქვეყნა სტატია რუსული ნავთობის ყულევში შეტანის შესახებ. ინციდენტმა გააჩინა ეჭვები, ხომ არ არის ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთზე დაწესებულ სანქციებისთვის გვერდის ავლის სქემის ნაწილი. ამასთან, მორიგ ჯერზე დაისვა კითხვები, თუ რატომ ხდება საქართველოს მიერ რუსული ნავთობის შეძენა და რუსეთისთვის ფულის გადარიცხვა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მოიკვლია, არის თუ არა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სანქციების გვერდის არიდების სქემის ნაწილი.
რა მოხდა ყულევში
„როიტერსის“ ინფორმაციით, 6 ოქტომბერს რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ ყულევში ახლადაშენებულ ქარხანას ნოვოროსიისკის პორტიდან გამოგზავნილი 105 ათასი ტონა ნავთობი მიაწოდა საზღვაო ტანკერ „კაისერის“ (Kayseri) გამოყენებით. ტვირთი ყულევის ნავთობის ტერმინალმა მიიღო, რომელიც ქარხნიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ამ ფაქტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გამოეხმაურა, რომელმაც რუსული ნავთობის შემოსვლა დაადასტურა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება შემომტან გემზე, მის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე.
ნავთობის გამოგზავნისა და მიღების მომენტში სანქციები მართლაც არ იყო დაწესებული უშუალოდ გამომგზავნ კომპანიასა და გემზე. თუმცა, გემი მალევე დასანქცირდა, ხოლო მათი მფლობელების შემთხვევაში მდგომარეობა არ არის ცალსახა:
კომპანია „რუსნეფტი“ – მართალია, დღეის მდგომარეობით კომპანია „რუსნეფტის“ აქციონერთა ზუსტი ვინაობა და განაწილება უცნობია, თუმცა, საჯარო წყაროებში არსებული ბოლო ინფორმაცია მიანიშნებს, რომ კომპანიას საბოლოო ჯამში დღემდე ფლობს და აკონტროლებს მისი თავდაპირველი დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი მიხაილ გუცერიევი (მისი ძმის, სხვა ოჯახის წევრებისა და მათი კომპანიების საშუალებით). მიხაილ გუცერიევი ჯერ კიდევ 2021 წელს მოხვდა დასავლურ სანქციებში ბელარუსის დიქტარორ ლუკაშენკასთან კავშირის გამო. სანქცირებულია მისი ძმა და „რუსნეფტის“ მეწილე საიტ-სალამ გუცერიევიც.
2012 წელს პოლიტიკაში ახლად მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ძმები გუცერიევების მფლობელობაში არსებულ კომპანიას 982.5 მილიონ დოლარად მიჰყიდა მოსკოვში არსებული მისი უძრავი ქონების აქტივები.
ტანკერი „კაისერი“ – ყულევში ნავთობის შემოტანიდან 3 კვირაში, 2025 წლის 24 ოქტომბერს, „კაისერი“ ევროკავშირის საქნციების ქვეშ მოხვდა. ტანკერი დაემატა ევროკავშირის მიერ საქნცირებულ 560 გემს, რომლებიც ერთობლიობაში „ჩრდილოვანი ფლოტის“ სახელით არის ცნობილი და რუსეთს ეხმარება ნავთობპაროდუქტების გაყიდვაში.
საინტერესოა, რას წერს ტანკერის და მისი საბოლოო მფლობელის შესახებ უკრაინის თავდაცვის დაზვერვის სამსახური:
„ტანკერის მფლობელია პანამური კომპანია Kayseri Shipping S.A., რომლის დამფუძნებელია ჰექტორ ვარელა დე ლეონი. 2025 წლის 30 ივლისს შეერთებულმა შტატებმა ჰექტორ ვარელა დე ლეონს სანქციები დაუწესა ირანის ეკონომიკის ნავთობის სექტორში მისი საქმიანობის გამო. ჰექტორ ვარელა დე ლეონი დაკავშირებულია ფიქტიური კომპანიების შექმნასა და მართვასთან, რომლებიც შედიან ირანული საზღვაო იმპერიის შემადგენლობაში.
ამ იმპერიას კი აკონტროლებს სანქცირებული მოჰამედ ჰოსეინ შამხანი, ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი პოლიტიკური მრჩევლის, ალი შამხანის ვაჟი. მოჰამედ ჰოსეინ შამხანის საზღვაო იმპერია შედგება გემების დიდი ფლოტისგან, ამ გემების მართვის კომპანიებისა და ფიქტიური კომპანიებისგან, რომლებიც მილიარდობით დოლარის მოგებას ათეთრებენ ირანული და რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გლობალური რეალიზაციიდან, საიდანაც ძირითადი მყიდველი ჩინეთია.“
ვინ ფლობს და მართავს ყულევის ქარხანას
2024 წლის ოქტომბერში, საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო.
ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება 2012 წელს გადაწყდა. აზერბაიჯანულ „სოკარს“ და საქართველოს მთავრობას შორის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა, თუმცა პროექტი არ განხორციელდა. ამის შემდეგ რამდენიმეჯერ შეიცვალა ინვესტორი. საბოლოოდ, ქარხნის მშენებლობა შპს „ბლექ სი პეტროლიუმმა“ დაიწყო.
შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ნავთობის გადამუშავება და რეალიზაცია. 2024 წლის დეკემბრამდე კომპანიის 70%-ს მაკა ასათიანი ფლობდა, ხოლო 30%-ს შპს „თრეიდ სთოუნ იბერია“. თავის მხრივ, შპს „თრეიდ სთოუნ იბერიას“ 70%-საც მაკა ასათიანი ფლობდა, ხოლო 30%-ს სოფიო თავართქილაძე. 2024 წლის 3 დეკემბრიდან შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ 100%-ის მფლობელი შპს „მკ კაპიტალი“ გახდა, რომელიც მაკა ასათიანს ეკუთვნის.
2025 წლის თებერვალში შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ 29.34%-ის მფლობელი შპს „დუნამის“ გახდა. ამ კომპანიის 100%-ის მფლობელი დავით ფოცხვერიაა. წილის სანაცვლოდ, შპს „დუნამისმა“ შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ კაპიტალი 911 მილიონი რუბლით, ანუ 28.4 მილიონი ლარით შეავსო. შედეგად, „ბლექ სი პეტროლიუმის” სააქციო კაპიტალი 96.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
თებერვლიდან „ბლექ სი პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორი დავით ფოცხვერიაა. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კი ვახტანგ ჩახნაშვილი, კონსტანტინე გოგელია (მაკა ასათიანის მეუღლე) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი არიან. ლევან დავითაშვილი მინისტრის თანამდებობიდან 2025 წლის 24 ივნისს გადადგა და 26 სექტემბერს „ბლექ სი პეტროლიუმს“ შეუერთდა.
მუშაობს თუ არა ქარხანა
უცნობია, უკვე დაიწყო თუ არა ყულევის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება. ინტერნეტგამოცემა „ბათუმელები“ მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში შეეცადა ამის გარკვევას. „ბლექ სი პეტროლიუმის“ წარმომადგენლებმა და „საქართველოს განვითარების ფონდმა“ ჟურნალისტებს არ უპასუხეს, მხოლოდ ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში უთხრეს, რომ საცდელი ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს და ოფიციალურად ქარხანა ჯერ არ გახსნილა.
ვინ ჩადო ფული ქარხანაში და რა გეგმები აქვს კომპანიას
ქარხნის წარმადობა პირველ ეტაპზე 1.2 მლნ ტონა იქნება წელიწადში, რაც თანდათან 3 მლნ ტონამდე გაიზრდება. ქარხანა 4 ეტაპად უნდა აშენდეს და მშენებლობაზე ჯამში 600 მლნ დოლარი უნდა დაიხარჯოს. მშენებლობის პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 130 მლნ დოლარია.
5 მლნ დოლარს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი – „საქართველოს განვითარების ფონდი“ (ყოფილი „საპარტნიორო ფონდი“) ხარჯავს. სამი კომერციული ბანკი: „ბანკი ქართუ“, „ბაზისბანკი” და „ხალიკბანკი“ ქარხნის მშენებლობას ჯამში 45 მლნ დოლარით აფინანსებენ. შესაბამისად, პროექტის პირველ ფაზას სახელმწიფო ფონდი და კომერციული ბანკები ჯამში 50 მლნ დოლარის კრედიტით აფინანსებენ.
„ბანკი ქართუს“ მფლობელი საქველმოქმედო ფონდი „ქართუა“, რომლის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი ბიძინა ივანიშვილია. „ბაზისბანკის“ მფლობელი ჩინური კომპანია Xinjiang Hualing Industry & Trade Group Co არის. „ხალიბანკის“ მფლობელი „ყაზახეთის სახალხო ბანკია”, რომელიც ტიმურ და დინარა ყულიბაევებს ეკუთვნით.
ყულევის ქარხნის მფლობელთა რუსული კავშირები
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საბოლოო მესაკუთრეები ცოლ-ქმარი მაკა ასათიანი და კონსტანტინე გოგელია არიან. მაკა ასათიანი ცნობილი ქართველი დიზაინერია. კონსტანტინე გოგელია, Business Research Group-ის ინფორმაციით, წლების განმავლობაში რუსეთში საქმიანობს და არაერთ კომპანიას ფლობს. არის Nefteresurs-ის და Arctic Bunker-ის დამფუძნებელი. გოგელიას კომპანიები მართავენ ტერმინალებს მურმანსკსა და ნოვოროსიისკში. მისი კომპანიები ეწევიან მყარი, თხევადი და აირისებრი საწვავისა და მსგავსი პროდუქტებით საბითუმო ვაჭრობასა და გადაზიდვას.
კავშირი რუს სამხედროებთან – რუსულმა მედიაპროექტმა Агентство, გამოცემა Проект-ის გამოძიებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაკა ასათიანის შვილი (პირველი ქორწინებიდან), კახი ჟორდანია რუსეთში ნავთობის ბიზნესში იყო ჩართული. 2016 წლიდან 2023 წლამდე ის ფლობდა რუსულ კომპანიას Oil Energy Group-ს.
2018 წლიდან კახი ჟორდანია ფლობს 25%-იან წილს კომპანიაში СДО-Логистик-ში, სადაც მისი პარტნიორი (51%-ის მფლობელი) არის სერგეი ალექსეევი. სერგეი ალექსეევი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევის შვილია. გამოცემა Проект სტატიაში ასევე აღნიშნავს, რომ სერგეი ალექსეევი, ბიზნესსაქმიანობაში ჩართვამდე, კომპანია „რუსნეფტში“ მუშაობდა.
პრორუსული სარედაქციო პოლიტიკა – მაკა ასათიანისა და მისი მეუღლის რუსეთისადმი დადებითი დამოკიდებულება ჯერ კიდევ 2014 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, გამოჩნდა, როდესაც კონსტანტინე გოგელიამ, ოჯახის საკუთრებაში არსებულ ტელეკომპანია „მაესტროში“, წამყვან ჟურნალისტებს სარედაქციო პოლიტიკის რუსული ინტერესების შესაბამისად შეცვლა მოსთხოვა. ამ და მსგავსი მოთხოვნების გამო, არხი მრავალმა ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად დატოვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ რამდენიმე მათგანის ინტერესები წარმატებით დაიცვა სასამართლოში.
სანქციების გვერდის არიდების სქემა?
2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სულ უფრო ხშირად ისმის კითხვები, ხომ არ ხდება საქართველოს მიერ დასავლური ქვეყნების მიერ რუსეთზე დაწესებული ნავთობთან დაკავშირებული სანქციების გვერდის არიდება.
2025 წლის იანვარში საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროექტმა ifact-მა გამოაქვეყნე კვლევა „უჩინარი ტვირთი: სანქცირებული ნავთობის გზა რუსეთიდან ევროპისკენ“. კვლევაში საუბარია, რუსული ნავთობის საქართველოდან ექსპორტზე, რომელიც საქართველოს სახელით ხორციელდება და ნავთობის რუსული წარმომავლობა არ ჩანს. ამის მიზეზი შესაძლოა სხვადასხვა ქვეყნების ნავთობის შერევა ან ნავთობის წარმოშობის დოკუმენტის ცვლილება იყოს.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს საქართველოდან 26 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა ექსპორტზე (აქედან რეექსპორტი იყო 8 ტონა). 2024 წელს ექსპორტმა 139 ათასი ტონა შეადგინა (რეექსპორტი 100 მლნ ტონა), 2025 წლის 10 თვეში კი 109 ათასი ტონა (რეექსპორტი 80 მლნ ტონა). ifact-ის ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობის საერთაშორისო პორტალებზე საქართველოდან ნავთობის ექსპორტის უფრო დიდი მოცულობებია ასახული, ვიდრე საქსტატის სტატისტიკაში ჩანს.
საქართველოში სხვადასხვა გზით რუსული ნავთობის წარმოშობის გათეთრების რისკებზე ასევე საუბრობს გავლენიანი ბრიტანული კვლევით ცენტრი Foreign Policy Center.
2025 წლის 1 ნოემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასული საგამოძიებო სიუჟეტის თანახმად, გამომძიებელმა ჟურნალისტმა მოიპოვა აშშ-ს მთავრობის ხელთ არსებული კონფიდენციალური ანგარიში, რომელიც საუბრობს ყულევის ქარხანასა და მის მფლობელთან დაკავშირებულ სანქციების გვერდის არიდების რისკებზე. ანგარიშის თანახმად:
„ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ხელს შეუწყობს რუსულ ნავთობპროდუქტებზე დასავლეთის სანქციების თავიდან არიდებას… სანქცირებული ნავთობპროდუქტები შემოვა საქართველოში და შემდეგ დოკუმენტები შეიცვლება, თითქოს ეს ნავთობის საწვავი ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გადამუშავდა და იწარმოებოდა.“
ჟურნალისტის თქმით, კონფიდენციალურ ანგარიშში კოტე გოგელია მოხსენიებულია, როგორც რუსულ სამხედრო სამსახურებთან მჭიდრო კავშირში მყოფი რუსი ბიზნესმენი. ანგარიშში საუბარია კოტე გოგელიას ოჯახის კომპანიის მიერ რუსული ნავთობისთვის წარმოშობის სერტიფიკატის შეცვლაზეც.
საბოლოო ჯამში, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საქართველოში რუსული ნავთობის რეალური ანდა ფიქტიური გადამუშავების და ექსპორტზე საქართველოს სახელით გატანის ალბათობას ზრდის. ეს კი, შესაძლოა, რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის სქემად იქნეს მიჩნეული დასავლური ქვეყნებისგან.