დაუთი: მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დაუთიმ ეუთო-ს 2025 წლის მინისტერიალზე კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს პატივი სცეს ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და გაიყვანოს ძალები საქართველოდან, კერძოდ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

სტივენ დაუთიმ ისაუბრა რუსეთის მიერ ჩადენლ დანაშაულებზე უკრაინაში. აღნიშნა, რომ „რუსეთმა გათელა ჰელსინკის დასკვნითი აქტი და დაარღვია ყველა ვალდებულება, რომელზეც ეს ორგანიზაცია დაარსდა”.

[ჰელსინკის აქტი არის 1975 წელს ხელმოწერილი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელმაც ცივი ომის პერიოდში ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისთვის ძირითადი პრინციპები განსაზღვრა].

დაუთიმ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ დასახლებული პუნქტების დაბომბვას უკრაინის ქალაქებში, უკრაინელი ბავშვების დახოცვას და დასახიჩრებას სახლებსა და საბავშვო ბაღებში, ასევე, ილაპარაკა რუსეთის გატაცებულ უკრაინელ ბავშვებზე, უკანონოდ დაკავებულ სამოქალაქო პირებზე და თქვა, რომ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშები არის რუსეთის პასუხისგებაში მიცემის საფუძველი.

დაუთიმ ასევე თქვა, რომ პუტინის გამო იტანჯება რუსი ხალხიც, ვინაიდან მის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო ქვეყნის ეკონომიკა მცირდება.

ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ წარმოებულ კიბერთავდასხმებს და თქვა, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის როგორც ევროატლანტიკურ, ისე გლობალურ უსაფრთხოებას.

„სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და გაიყვანოს ჯარები საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან, და მოლდოვის ტრანსნისტრიის რეგიონიდან, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

პუტინმა არაერთხელ დაარღვია თავისი სიტყვა და ჯერ კიდევ არ ჩანს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ის მზადაა მოლაპარაკებებისთვის.

ამიტომ, რაც არ უნდა მოხდეს მომავალ დღეებში, ჩვენ მომავალზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება – და ეს არის მომავალი ძლიერი, მშვიდობიანი და აყვავებული უკრაინა. და ეუთო მზად უნდა იყოს, დაეხმაროს მას აღდგენასა და აღდგენაში“. – თქვა დაუთიმ.