„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აფასებს „ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ასევე, ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ალკოჰოლის მომხმარებელთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნასაც ეხება.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები უგულებელყოფს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლით აყალიბებს დისკრიმინაციულ პოლიტიკას და არღვევს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის პრინციპს.
SJC აცხადებს, რომ ცვლილებები უგულებელყოფს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს:
„საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანებს ბლანკეტურად აჯგუფებს მათი ჯანმრთელობის პრობლემების, და არა ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, და მათ უფლებებით სარგებლობას ბლანკეტურადვე უზღუდავს, რაც საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციას, ეწინააღმდეგება“, – აცხადებს ორგანიზაცია.
ამასთან, SJC აღნიშნავს, რომ კანონი უფლებაში ჩარევის ინტენსივობას თვითონ არ ადგენს, შესაბამისად, ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რა კრიტერიუმების მიხედვით და რა ვადებით შეიძლება მოხვდნენ ადამიანები წინამდებარე ბაზაში.
„ეს, თავის მხრივ, ადამიანის უფლებებში უხეში და არაპროპორციული ჩარევის ერთ-ერთი საფუძველიც შეიძლება გახდეს, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან თვითნებობის რისკებს ზრდის. დამატებით, საკანონმდებლო ცვლილებები იყენებს ისეთ ტერმინოლოგიას, რომელიც შორსაა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებისგან – იგი სხვადასხვა ნივთიერებების მომხმარებლებს უწოდებს „ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ“ პირებს, რაც ამ ადამიანების მიმართ სტიგმის შემცველ განწყობებს აძლიერებს. მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ამ ადამიანებს უყურებს არა როგორც თანაბარუფლებიან მოქალაქეებს, არამედ როგორც „რისკის შემცველ“ სუბიექტებს, რაც უკიდურესად პრობლემურია“, – წერია განცხადებაში.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ, საკანონმდებლო ცვლილებების გატარების აუცილებლობა საკმარისად არ არის დასაბუთებული და რომ ცვლილებები, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, უკუშედეგს გამოიწვევს.
SJC-ს შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილება მნიშვნელოვან უკუსვლას წარმოადგენს კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვის მიმართულებით. ორგანიზაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის ბაზის და პერსონალიზებული სისტემების შექმნის დროს დასაშვები იყოს არა მხოლოდ სასამართლო კონტროლის შესაძლებლობა, არამედ ასევე გაწერილი იყოს ის კრიტერიუმებიც, რომელსაც სასამართლო ხელისუფლება იყენებს თავისი საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელებისას, მათ შორისაა ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ მონაცემის შენახვის ვადაც. გარდა ამისა, ორგანიზაციისთვის პრობლემურია, რომ კანონპროექტი არაინკლუზიური პროცესის შედეგად შეიქმნა.
„ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე, რასაც მიღებული კანონი ქმნის, ფსიქიკური ჯანმრთელობასა თუ ადიქციასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიკური ნიშნით ინსტრუმენტალიზებაა. კერძოდ, „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილების მიხედვით, პოლიცია უფლებამოსილი ხდება, სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის განთავსებისას მის შესახებ საინფორმაციო ბაზიდან მონაცემები მოიპოვოს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ ცვლილების მიზანი იზოლატორში მოთავსებულ პირთა საჭიროებების გათვალისწინებაა. თუმცა, რეალურად, ნორმა, რომელიც მკაფიო დათქმების გარეშე პოლიციას ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილებას აძლევს, შესაძლებელია, ხელისუფლების მიმართ იმ ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტების წინააღმდეგ იქნას გამოყენებული, რომელთაც პოლიცია დააკავებს“, – წერს ორგანიზაცია.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მსგავსი კანონი მიიღეს რუსეთშიც. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, ფაქტია, რომ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების ჩამოყალიბებისა და დანერგვის მიმართულებით მრავალწლიანი ადვოკატირების მიუხედავად, საკანონმდებლო ჩარჩო და პრაქტიკა მნიშვნელოვნად უარესდება.
„იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერის სერვისში ჩართვა იყოს წახალისებული, რის საჭიროებასაც, რამდენიმე წლის წინ თვითონ პარლამენტი აღნიშნავდა, ხოლო სერვისის მიმღებებს ჰქონდეთ უსაფრთხოების განცდა, რის ერთ-ერთი განმაპირობებელიც კონფიდენციალურობაა, სისტემა ჯანმრთელობის ცალკეულ მდგომარეობას სტიგმატიზაციის წყაროდ აქცევს და კიდევ უფრო მეტად უშლის ადამიანებს ხელს, მიიღონ მათთვის მნიშვნელოვანი სერვისები. ამასთან, მიღებული ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად გაზრდის აქტივისტებსა და პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლისა და მათი შევიწროების რისკებს და ფსიქიკურ ჯანმრთელობას პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ იარაღად აქცევს“, – წერს ორგანიზაცია.