ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ცნობილი გერმანელი რეჟისორი, სცენარისტი და ფოტოგრაფი, ვიმ ვენდერსი ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ფესტივალი 2026 წლის 12 თებერვალს გაიხსნება და 22 თებერვლამდე გასტანს.
„ვიმ ვენდერსი საერთაშორისო მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი კინემატოგრაფისტია. თითქმის ექვსი ათწლეულის განმავლობაში ის ქმნის ფილმებს, რომლებიც გვაღელვებს თავისი შთაგონებით, ფორმითა და გრძნობიერი რაციონალიზმით. მისი დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა, კინოენის ღრმა ცოდნა და ოსტატობა, აშკარაა ყველა ნამუშევარში, ეს იქნება მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმები. ვენდერსი მუდმივად ეძებს და იკვლევს ადამიანის ცვალებად კავშირს, კორელაციას, პოლემიკას არანაკლებ ცვალებად სამყაროსთან და ადასტურებს, რომ ხელოვანის პოზიცია, მისი სათქმელი ყოველთვის გადამწყვეტია. მოუთმენლად ველით ახალ საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარეს, ვიმ ვენდერსს და გვაინტერესებს რას მიანიჭებს უპირატესობას 2026 წელს, როდესაც ფესტივალზე ოქროსა და ვერცხლის დათვებს გადასცემს“, – აღნიშნავს ბერლინის კინოფესტივალის დირექტორი, ტრიშა ტატლი.
ვიმ ვენდერსი: „ვიდრე ტრიშა ტატლმა არ მთხოვა, არც მიფიქრია ჩემს მშობლიურ ქალაქში ამ დიდი კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ვყოფილიყავი. შემდეგ მოულოდნელად გავაცნობიერე – ვაუ, ეს იქნება ბერლინალეზე წარმოდგენილი ფილმების სრულიად ნახვის შესანიშნავი შესაძლებლობა! ერთხელ მაინც ვუყურო კონკურსის ყველა ფილმს და დეტალურად განვიხილო ისინი ინტელექტუალურ და ნამდვილად კინოს მოყვარულ ადამიანებთან და ჟიურის წევრებთან ერთად. მადლობელი ვარ ტრიშასი, რომ ჩემთვის ასეთ იშვიათ გამოცდილებაზე დამპატიჟა“.
ვიმ ვენდერსის კარიერა ექვს ათწლეულზე მეტს მოიცავს. ბოლო პერიოდში მაყურებელსა და კრიტიკოსებზე შთაბეჭდილება მოახდინა ფილმმა „იდეალური დღეები“ (2023), რომელმაც ოსკარის ნომინაცია მოიპოვა. ასევე, 3D ტექნილოგიით გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა „ანსელმი“ (2024), რომელიც ავანგარდისტი მხატვრის, ანსელმ კიფერის შესახებ მოგვითხრობს.
ვიმ ვენდერსი ახალი გერმანული კინოს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია და გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, რაინერ–ვერნერ ფასბინდერთან, ვერნერ ჰერცოგთან და მარგარეტ ფონ ტროტასთან ერთად, გერმანულ კინოს მთელი მსოფლიოში გაუთქვა სახელი. ვენდერსის როგორც მხატვრულმა, ასევე დოკუმენტურმა ფილმებმა კინორეჟისორთა მთელი თაობები შთააგონა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოხიბლა მაყურებელი.
ჯერ კიდევ ადრეული ფილმებით – „მეკარის შიში 11 მეტრიანის დარტყმის წინ“ (1972, პეტერ ჰანდკეს მოთხრობის მიხედვით), „ალისა ქალაქებში“ (1974), „გზის მეფეები“ (1976), „ამერიკელი მეგობარი“ (1977), მან შექმნა ახალი კინემატოგრაფიული ენა და ხელახლა განსაზღვრა გერმანული კინოს იმიჯი. 1971 წელს მან დააარსა Filmverlag der Autoren („ახალი გერმანული კინოს ინსტიტუტი“), ხოლო 2003 წელს გახდა გერმანიის კინოაკადემიის ერთ–ერთი დამფუძნებელი და წევრი. ვიმ ვენდერსი ასევე არის ევროპული კინოაკადემიის თანადამფუძნებელიც და თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში იყო მისი პრეზიდენტიც. ვენდერსმა დაარსა საკუთარი ფონდი, რისი დამარებითაც ერთგულად უჭერს მხარს ევროპული კინომემკვიდრეობის შენარჩუნებას და მომავალი თაობის კინორეჟისორების აღზრდა–განათლებას.
ვენდერსის სახელი დიდი ხანია მჭიდროდაა დაკავშირებული ბერლინალეს ოფიციალურ საკონკურსო თუ არასაკონკურსო პროგრამასთან. ფილმების – „პინა“ (2013), „მილიონ დოლარიანი სასტუმრო“ (2000) „ყველაფერი კარგად იქნება“ (2015) გარდა, ფესტივალის პროგრამაში ბევრი სხვა ნამუშევარიც უჩენეს. გარდა ამისა, ვენდერსი ბერლინალეს „ნიჭიერთა კამპუსის“ (talent campus berlin) ერთ–ერთი მხარდამჭერი და დამაარსებელია. 2015 წელს ვენდერსს გადაეცა ბერლინის კინოფესტივალის საპატიო „ოქროს დათვი“, კინემატოგრაფის განვითარებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის.