სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც პროტესტი საფეხმავლო გზაზეც შეიზღუდა. ტროტუარზე აქციის გასამართად 5 დღით ადრე შსს-ს გაფრთხილებაა საჭირო. შსს უფლებამოსილია, 3 დღის ვადაში განიხილოს შესული გაფრთხილება და გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს.
სახალხო დამცველი წერს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები არამკაფიო საკანონმდებლო დათქმებია.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ შსს-მ შეკრების უფლებაში ჩარევისას უნდა იხელმძღვანელოს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრი მოთხოვნებით.
„მნიშვნელოვანია, სამინისტრომ არ შეზღუდოს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებები მაშინ, როდესაც ქვეითთათვის შექმნილი დისკომფორტი, გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტების, შეკრების მონაწილეთა რაოდენობის და შეკრების ფორმის გათვალისწინებით, არ აღწევს სერიოზულობის საკმარის ხარისხს.
მსგავსი უფლებრივი სტანდარტის მხედველობაში მიღებით, სახალხო დამცველისთვის არ არის მკაფიოდ განჭვრეტადი რა შემთხვევაში შეიძლება ტროტუარზე პროტესტის გამოხატვამ უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი შექმნას, მით უფრო, როდესაც უფლებით სარგებლობა, როგორც წესი, ამ ფორმით დროის მცირე მონაკვეთში ხორციელდება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფართოდ ფორმულირებული საკანონმდებლო დანაწესების აღსრულება არ უნდა მოხდეს იმგვარად, რომ წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებამ პრაქტიკაში შეკრების გამართვის შესაძლებლობა ნებართვის მიღებას დაუქვემდებაროს, რაც პირდაპირაა აკრძალული საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით“, – აცხადებს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველი მიუთითებს სტრასბურგის სასამართლოს მიდგომაზე, რომლის თანახმად, არ შეიძლება, წინასწარი გაფრთხილების ვალდებულების დამდგენი რეგულაციები იქცეს ფარულ წინაღობად შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის. მისივე თქმით, ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის პრინციპებშიც აღნიშნულია, რომ ასეთი ნორმის აღსრულება არ უნდა წარმოადგენდეს თვითმიზანს, სხვაგვარად, შეტყობინების განუხორციელებლობა იმთავითვე არ უნდა იწვევდეს შეკრების უკანონოდ მიჩნევას, მისი მონაწილეების უფლებაში ჩარევას ან მის დაშლას.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ შეკრება, მისი ძირითადი ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, იწვევდეს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ შეფერხებას, თუმცა მსგავსი შეფერხება ხელისუფლებამ უნდა დაუშვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამით მომეტებულად ზიანდება შემხვედრი ინტერესი.