სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას შესაბამის სამსახურებთან ერთად ჩავკეტავთ - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, აღდგომას შესაბამისი სამსახურები დედაქალაქის სასაფლაოებს ჩაკეტავენ. კალაძის თქმით, ეს დღეები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას დამატებითი პრობლემები არ შეექმნას.

„ჩვენც, შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

მინდა, თითოეულ ადამიანს გთხოვო, მაქსიმალურად გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია და ის თხოვნა, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში გვესაუბრებიან ჩვენი ექიმები, დარგის სპეციალისტები. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ნაკლები დანაკარგის გარეშე გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან.

ეს სააღდგომო დღეები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ სწორად გავიაროთ. რათა შემდეგ მომდევნო კვირების, მომდევნო დღეების განმავლობაში არ შეგვექმნას დამატებითი პრობლემები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სასაფლაოების შესაძლო დახურვაზე პირველად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ისაუბრა. 14 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი მსხვილ ქალაქებში, ხელისუფლებას შესაძლოა მიეღო გადაწყვეტილება სასაფლაოების დროებით დახურვასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, რომ ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები რამდენიმე დღით დაიკეტება. დღეს ცნობილი გახდა, რომ 10 დღით დაიკეტება თელავის მუნიციპალიტეტში დაქვემდებარებული ყველა სასაფლაოც.