ქუთაისსა და ზესტაფონში რამდენიმე დღით სასაფლაოები დაიკეტება – ზვიად შალამბერიძე

პუბლიკა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები რამდენიმე დღით დაიკეტება.

„21 საათიდან უკვე მთელი ქუთაისი იკეტება და ეს ზომების განმკაცრება არის დაკავშირებული იმასთან, რომ მოსახლეობის დიდი კონცენტრაციაა ამ დღეებში რეგიონებში და მთლიანად იმერეთის რეგიონის მასშტაბით. შესაბამისად, ყველა იმ ღონისძიებას გავატარებთ, რაც იქნება მიმართული იქითკენ, რომ არ იყოს ბევრი ადამიანის თავშეყრა. ახლა, მით უმეტეს, განსაკუთრებით არის მნიშვნელოვანი სასაფლაოები, სადაც ამ დღეებში იქნება დიდი თავშეყრის ადგილები და ვფიქრობთ, რომ გავამკაცროთ კიდევ უფრო მეტად და რამდენიმე დღით დავკეტოთ ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები ქალაქის მასშტაბით“, – განუცხადა „პირველ არხს“ შალამბერიძემ.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში შემოსვლის უფლება ექნება ყველა იმ ადამიანს, რომელიც იქნება რეგისტრირებული ქუთაისში და გასვლის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც იქნება რეგისტრირებული სხვა მუნიციპალიტეტებში. ქალაქში შესვლას შეძლებენ მხოლოდ სასიცოცხლო ობიექტებზე დასაქმებული ადამიანები.