თელავის მუნიციპალიტეტის სასაფლაოები 10 დღით იკეტება

პუბლიკა

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა განაცხადა, რომ 10 დღით თელავის მუნიციპალიტეტში დაქვემდებარებული ყველა სასაფლაო დაიკეტება. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად მიიღეს.

შოთა ნარეკლიშვილი ამბობს, რომ სასაფლაოებზე ხალხი, გამონაკლისის სახით, მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვის შემთხვევაში შეძლებს მისვლას.


პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, მთავრობა იძულებული გახდეს და როგორც მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული, ისე კერძო სასაფლაოების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღოს. ტრადიციულად, აღდგომის მეორე დღეს მოქალაქეები გარდაცვლილთა ხსენების დღეს სასაფლაოებზე მისვლით აღნიშნავენ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებიდან ერთ-ერთი სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებაა. სწორედ ამ წესის დასაცავად, საქართველოში საგანგებო ნორმები და კომენდანტის საათი მოქმედებს.