ბრიტანელი დეპუტატი ფილ ბრიკელი ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოწოდებით გამოვიდა

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრი, ფილ ბრიკელი 8 იანვრის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოწოდებით გამოვიდა.

ივანიშვილის სანქცირების საკითხი ბრიტანულ ბარლამენტში მანამდეც არაერთხელ დააყენეს.

ფილ ბრიკელი, რომელიც ლეიბორისტული პარტიის წევრია, საუბრობს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელშიც, „როიტერის“ ინფორმაციით, რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ ნავთობის პირველი პარტია შეიტანა.

ფილ ბრიკელი ამბობს, რომ მართალია, ბრიტანეთმა სანქციები უკვე დაუწესა „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელს, თუმცა, „თევზი თავიდან ლპება“.

ამასთანავე, ბრიტანელი დეპუტატის განცხადებით, ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერაც არ დაწესებია სანქციები, შესაძლოა არასწორ სიგნალს უგზავნიდეს სხვა კლეპტოკრატებს მთელ მსოფლიოში.

ბრიკელმა ისაუბრა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ინსტიტუტების მიტაცებაზე, სამოქალაქო საზოგადოების განადგურებასა და „აგენტების კანონზე“, რომელიც „პირდაპირ რუსულიდან არის გადაწერილი“. ასევე აღნიშნა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობა.

ბრიკელმა განაცხადა:

„გაერთიანებულმა სამეფომ, სრულიად სამართლიანად, დაასანქცირა ზოგიერთი პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ჟურნალისტებსა და მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმებზე, რაც მისასალმებელია. თუმცა, როგორც მინისტრმა იცის, მე ვთვლი, რომ ეს არ არის საკმარისი და დანაკლისი თვალშისაცემია. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, გაერთიანებულმა სამეფომ ვერ შეძლო ბიძინა ივანიშვილის სანქცირება – ადამიანის, რომელიც ფართოდ განიხილება, როგორც საქართველოს პოლიტიკურ კურსზე გადამწყვეტი გავლენის მქონე პირი.

ივანიშვილს შეიძლება სანქციები დაუწესდეს ნებისმიერი ჩვენი ნებისმიერი რეჟიმის ფარგლებში, იქნება ეს მაგნიტსკის, გლობალური ანტიკორუფციული თუ რუსეთის სანქციების რეჟიმიც კი, მისი კრემლთან არსებული კავშირებისა და მოსკოვის წინაშე აშკარა ქედმოხრის გათვალისწინებით.

რაც შეეხება საქართველოს, სწორედ ამ დილით შემატყობინეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაზარდა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სახელმწიფო დაფინანსება, რომელმაც, Reuters-ის ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბერში რუსული ნავთობის პირველი პარტია მიიღო.

თავად ეს ქარხანა დაკავშირებულია ვლადიმერ ალექსეევთან, რუსეთის „გრუ“-ს (GRU) უფროსის პირველ მოადგილესთან. აქ იკვეთება სანქციების დარღვევის აშკარა გზა და იმედი მაქვს, ეს დაემატება ივანიშვილის ბრალეულობათა ნუსხას“. – თქვა ბრიტანელმა დეპუტატმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესეს „დემოკრატიული პროცესების შელახვისთვის რუსეთის სახელით ან მის სასარგებლოდ“.

„მე ნამდვილად არ გთავაზობთ, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ყველა ასპექტში მივყვეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მათი გადაწყვეტილება მართებულია.

სანქცირებულ ხელქვეითებსა და გარემოცვას შეუძლია გარკვეული გავლენის მოხდენა, მაგრამ მოდით ვიყოთ პირდაპირები: თევზი თავიდან ლპება. ჩემი შიში ის არის, რომ ჩვენი დუმილი ივანიშვილის მიმართ არასწორ სიგნალს უგზავნის პოტენციურ კლეპტოკრატებს მთელ მსოფლიოში“. – თქვა ფილ ბრიკელმა.