სააგენტო REUTERS ირანის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ საპროტესტო აქციების დროს, დაახლოებით, 2000 ადამიანია მოკლული.
„ირანში საპროტესტო აქციებისას, დაახლოებით, 2000 ადამიანი დაიღუპა, როიტერს სამშაბათს განუცხადა ირანელმა ოფიციალურმა პირმა და მშვიდობიანი მოსახლეობისა და უსაფრთხოების პერსონალის დაღუპვაში „ტერორისტები“ დაადანაშაულა“, – წერს სააგენტო.
REUTERS-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანის ოფიციალურმა პირმა საყოველთაო არეულობის ჩახშობისას სიკვდილის მაღალი მაჩვენებელი აღიარა. ოფიციალურ პირს დეტალურად არ უსაუბრია, ვინაა მოკლული.
ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები ეკონომიკური მდგომარეობის გამწვავების გამო დეკემბრის ბოლოს დაიწყო და თანდათან ფართომასშტაბიან პროტესტში გადაიზარდა.
დემონსტრანტები პოლიტიკურ ცვლილებებს მოითხოვენ. ირანის ხელისუფლებამ მომიტინგეებს ძალისმიერი მეთოდებით უპასუხა.