TI-საქართველო: „გარემოებები ქმნის საფუძველს დასკვნისთვის, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულები პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი არიან“

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 4 ოქტომბრის მოვლენების სისხლის სამართლის საქმეების ანალიზი მოამზადა.

ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენების მიმართ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებაშიც კი, ძალისხმევა, რომ ეს მოვლენები შეფასებულიყო, როგორც ხელისუფლების დამხობის მცდელობა და გამოყენებულიყო პროტესტის ჩასახშობად, ჩავარდა.

„ეს წარუმატებლობა განპირობებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ჩამოყალიბებული სკეპტიციზმით, რომ მოვლენებს რეალურად არ ახლდა სახელმწიფო გადატრიალების გეგმა ან განზრახვა“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„გამჭვირვალობა“ მიუთითებს ანალიზის შედეგად გამოვლენილ შემდეგ საკითხებზე:

  • „საზოგადოებაში და პროფესიულ წრეებში დამკვიდრდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლებამ მიზანმიმართულად სცადა პროტესტის მონაწილეთა ნაწილის მახეში გაბმა და დანაშაულის პროვოცირება, რათა ეს საქმეები გამოყენებულიყო ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტის ჩასახშობად და საზოგადოების დაშინების ეფექტის მისაღწევად.

  • 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირების მიმართ წარდგენილი ბრალდებების სამართლებრივი კვალიფიკაცია აშკარად პრობლემურია. სსკ-ის 317-ე მუხლის გამოყენება ეწინააღმდეგება როგორც მუხლის შინაარსს, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან არ იკვეთება ძალადობის ან შეიარაღებისკენ მოწოდების აუცილებელი ელემენტები.

  • „მშვიდობიანი დამხობის“ შესახებ განცხადებები შინაარსობრივად წარმოადგენს პოლიტიკური იდეის გავრცელებას (ადვოკატირებას) და არა კონკრეტული ძალადობრივი ქმედებების წაქეზებას. შესაბამისად, ასეთი განცხადებები დაცულია გამოხატვის თავისუფლებით და ვერ გახდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი.

  • სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებაც დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა წინასწარ ორგანიზებული, შეთანხმებული და ძალადობრივი ჯგუფური მოქმედებების არსებობას, როგორც ამას საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა მოითხოვს.

  • სსკ-ის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მცდელობა ხელოვნურად არის დამძიმებული „ჯგუფური ელემენტის“ იმიტირებით. არ იკვეთება არც წინასწარი შეთანხმება და არც კონკრეტული ბრალდებულების ინდივიდუალური ქმედებები, რომლებიც სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მიზანზე მიუთითებდა.

  • სასახლის ღობის წაქცევის გარემოებები წარმოშობს დასაბუთებულ ეჭვს, რომ ღობის წაქცეული სექცია შესაძლოა წინასწარ იყო დაზიანებული. ამას ამყარებს როგორც ვიდეომასალა, ისე ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მიუთითებს სამართალდამცავი ძალების წინასწარ მზადყოფნას და მოვლენების კონტროლირებულ განვითარებაზე.

  • განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ ღობე, როგორც ერთ-ერთი მთავარი ნივთიერი მტკიცებულება, არ იქნა ამოღებული, დალუქული და სათანადო წესით შენახული. ამით დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ფუნდამენტური მოთხოვნები და დაცვის მხარეს წაერთვა საკუთარი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა.

  • ღობის „ექსპერტიზები“ ჩატარებულია სერიოზული საპროცესო და პროფესიული ხარვეზებით, რაც ეჭვქვეშ აყენებს როგორც ექსპერტების კეთილსინდისიერებას, ისე დასკვნის სანდოობას. ღობის ორი ტრასოლოგიური ექსპერტიზა ისე ჩატარდა, რომ თავად ღობე ექსპერტებს თვალით არ უნახავთ.

  • საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები ქმნის ძლიერ საფუძველს დასკვნისთვის, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირები პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი არიან, ხოლო მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებები შესაძლოა წარმოადგენდეს დანაშაულის პროვოკაციის შედეგს, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებულ პრეცედენტულ სამართალს“, – ნათქვამია ორგანიზაციის დასკვნაში.