„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას ქვეყნის იმიჯთან საერთო არაფერი აქვს და ეს არის „ჩვეულებრივი ფაქტების შემსწავლელი მისია“.
29 იანვარს ეუთოს წევრმა 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა – შეიქმნება ექსპერტთა დამოუკიდებელი მისია, რომელიც დაადგენს ფაქტებს და გააკეთებს შესაბამის რეკომენდაციებს.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ იმისთვის, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერ კითხვას გავცეთ პასუხი. ამის საპირისპიროდ, ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან ყოველგვარი დიალოგის დაბლოკვას. ხედავთ, რომ გაბუტულ პოზაში არიან…
რაც შეეხება ამ „მოსკოვის მექანიზმს“, რომ ავხსნა, არანაირი კავშირი ქვეყნის იმიჯთან არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი მომხსენებლის ინსტიტუტი, რომელიც აქვს ევროსაბჭოსაც და სხვა ინსტიტუტებსაც, გაეროს ადამიანის უფლებების მომხსენებლები არსებობს, ეს არის მომხსენებლის ინსტიტუტი, რომელიც შემდეგ შეადგენს საკუთარ ანგარიშს, მოსაზრებებს და რეკომენდაციებს, ეს არ არის არც გამოძიება, არც სასამართლო…
ეს არის ჩვეულებრივი ფაქტების შემსწავლელი მისია, ანგარიში ან მომხსენებელი… ეს არა არის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი ეს არის საკითხის მოკვლევა, ანალიზი, რომელსაც მოჰყვება მომხსენებლის ანგარიში, რომელიც არის სარეკომენდაციო ხასიათის“, – უთხრა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.
რა არის „მოსკოვის მექანიზმი“
„მოსკოვის მექანიზმი“ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო/OSCE) ინსტრუმენტია, რომელიც შექმნილია მონაწილე სახელმწიფოების მიერ ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ვალდებულებების კუთხით არსებულ სერიოზულ პრობლემებზე რეაგირებისთვის.
„მოსკოვის მექანიზმი“ 1991 წელს, ეუთოს ადამიანური განზომილების კონფერენციის მოსკოვის შეხვედრაზე მიიღეს. იგი ავსებს და აუმჯობესებს 1989 წელს „ვენის მექანიზმს“. ორივე მათგანი მიზნად ისახავს, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევები. თუმცა, ვენის მექანიზმი ინფორმაციის გაცვლას ისახავს მიზნად. მოსკოვის მექანიზმი კი იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას მოკლევადიანი ფაქტების დამდგენი მისია ეუთოს რეგიონში ადამიანის უფლებების კონკრეტულ პრობლემაზე რეაგირებისთვის. ამიტომ, პრაქტიკაში ვენის მექანიზმი ჩაანაცვლა მოსკოვის მექანიზმმა.
როგორ მუშაობს „მოსკოვის მექანიზმი“
ერთი ან რამდენიმე მონაწილე სახელმწიფო ოფიციალურად აამოქმედებს „მოსკოვის მექანიზმს“, როგორც წესი, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ან დიპლომატიური არხებით.
მექანიზმის ამოქმედება შეუძლია ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს.
ამოქმედება არ ხდება ავტომატურად – საჭიროა ოფიციალური მოთხოვნა. ტრადიციულად, თუ ერთ სახელმწიფოს სურს მექანიზმის ამოქმედება და მას მხარს უჭერს 9 სხვა სახელმწიფო, მექანიზმი შეიძლება გააქტიურდეს იმ სახელმწიფოს თანხმობის გარეშეც, სადაც სავარაუდოდ დაირღვა ადამიანის უფლებები.
საქართველოს შემთხვევაში, მექანიზმის ამოქმედებას მხარი დაუჭირა 24-მა ქვეყანამ.
სახელმწიფოს შეუძლია, მექანიზმი თავის ტერიტორიაზეც აამოქმედოს ადამიანური განზომილების პრობლემების გადასაჭრელად (მაგალითად, მოიწვიოს ექსპერტთა მისია საკუთარი სურვილით).
მექანიზმის მუშაობისთვის საჭიროა, შეიქმნას დამოუკიდებელ ექსპერტთა მისია, რომელიც, როგორც წესი, 3 ადამიანს აერთიანებს. ექსპერტებს ირჩევენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ შედგენილი სიიდან.
საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში ქვეყნები უთითებენ, რომ საქართველოს შეუძლია, მისიის ერთი წევრი აირჩიოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ წარმოებული ადამიანური განზომილების მექანიზმის ექსპერტთა სიიდან.
ექსპერტთა სიაში, რომელიც ბოლოს 2026 წლის 2 იანვარს განახლდა, არის რამდენიმე ათეული ექსპერტი ეუთოს წევრი 18 სახელმწიფოდან. მათ შორის არ არის საქართველო.
ექსპერტთა დამოუკიდებელი მისია შეისწავლის პრობლემურ საკითხებს, რაც მოიცავს ადგილზე ვიზიტებს, ინტერვიუებს, მონაცემთა შეგროვებას, სამართლებრივ ანალიზს და ა.შ.
გამოძიების შემდეგ მისია ამზადებს ანგარიშს, სადაც დეტალურად არის აღწერილი მიგნებები და რეკომენდაციები.