სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
მათი თქმით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს და „მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოამზადებს”.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების და აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდის საფუძველზე. სწავლა უფასო იქნება.
„სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს სისტემის უზრუნველყოფას მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით. პროგრამა მოიცავს როგორც ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტებს, ასევე ფიზიკური, საცეცხლე და ფსიქოლოგიური მომზადების საკითხებს.
სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებისთვის. ისინი პროგრამაზე მოხვდებიან ეროვნული გამოცდების შედეგად. სწავლა იქნება უფასო“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.